GE

რამდენია მასწავლებლის ხელფასი სტატუსის, სტაჟისა და სამუშაო საათების მიხედვით

ახალი სასწავლო წელი ახლოვდება. სკოლები ახალი კადრების ასაყვანად ემზადებიან. პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან წასვლამ ბევრი ვაკანსია გააჩინა. სკოლაში შემსვლელ კადრებს, ბუნებრივია, აინტერესებთ, როგორი იქნება მათი შრომის ანაზღაურება.

EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, მოკლედ მიმოიხილოს, რისგან შედგება მასწავლებლის ხელფასი. სტატუსების მიხედვით, ან სხვა მხრივ, რა დანამატები ეძლევათ მასწავლებელს და რა შემთხვევაში აქვთ სახელფასო შეღავათები.

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე ბრძანების მიხედვით, მასწავლებლის ერთი თვის საბაზო თანამდებობრივი სარგო შეადგენს 405 ლარს (მინიმალური ანაზღაურება კი საჯარო სკოლებში სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება 384 ლარით და 75 თეთრით). ამ თანხას შემდეგ ემატება თანხა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით.

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანების თანახმად მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების და თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების გაანგარიშება ხორციელდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, სამუშაო დატვირთვა, სამუშაოს სპეციფიკა, სქემით განსაზღვრული სტატუსი და სკოლის მაღალმთიანი დასახლებაში მდებარეობა. შესაბამისად, სხვადასხვა კვალიფიკაციის, სხვადასხვა სტაჟისა და დატვირთვის მქონე მასწავლებლის შრომის ანაზღაურება სხვადასხვაა“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

როგორც ცნობილია, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა უფროსი მასწავლებლისთვის განისაზღვრება 320 ლარით; წამყვანი მასწავლებლისთვის -700 ლარით; მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის – 1000 ლარით.

კლასის დამრიგებლობის დანამატი შეადგენს 101.25 ლარს. კლასკომპლექტით
სწავლების დანამატი (სრული დატვირთვის შემთხვევაში) 40.50-ს, არაქართულენოვან სკოლებში/ სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი (სრული დატვირთვის შემთხვევაში) შეადგენს 40.50-ლარს.

სკოლაში სამუშაო საათების მიხედვით არსებობს 3 ტიპის სამუშაო დატვირთვა:

  • ნაწილობრივი დატვირთვა – გულისხმობს 36-ზე ნაკლებსაათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18-ზე ნაკლები საგაკვეთილო საათი კვირაში;
  • სრული დატვირთვა – გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი კვირაში;
  • სრულზე მეტი დატვირთვა – გულისხმობს 40-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 19 ან მეტი საგაკვეთილო საათი კვირაში.

ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები (გარდა სადამრიგებლო დანამატისა).  სრულზე მეტი დატვირთვისთვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე კვირაში 6 ლარის ოდენობით.

ხოლო განათლების, კვალიფიკაციის და სამუშაო სტაჟის მიხედვით მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგო შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ ამ ბრძანებაში.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატს, სრული დატვირთვის შემთხვევაში, 142 ლარის ოდენობით განისაზღვრება და არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე, კვალიფიკაციასა და სამუშაო სტაჟზე.

მასწავლებელს ხელფასზე დანამატი მიეცემა ასევე მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვების შემთხვევაში.

მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საბაზო დანამატი განისაზღვრება 32.40 ლარის ოდენობით, ხოლო საგაკვეთილო დანამატი ყოველ ჩატარებულ საგაკვეთილო საათზე 6.0 ლარის ოდენობით.

ამას გარდა, არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომლის ფარგლებში რეგიონების სკოლებში მივლენილ მასწავლებლებს ხელფასსა და სხვა დანამატებზე, კიდევ ემატება გარკვეული თანხა.

„სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში დასაქმებულ კონსულტანტ-მასწავლებელთა ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს. არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში მივლენილები არიან კონსულტანტ-მასწავლებლები და დამხმარე მასწავლებლები და პროგრამის ფარგლებში, დასაქმებული კონსულტანტ-მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება შეადგენს – 1250 ლარს, ხოლო დამხმარე მასწავლებლების – 650-750 ლარს (დამოკიდებულია სკოლასა და ქალაქს/რაიონულ ცენტრს შორის მანძილზე)“, – ნათქვამია EDU.ARIS.GEსთვის განათლების სამინისტროდან გამოგზავნილ წერილში.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მასწავლებლებისთვის არსებობს ასევე სახელფასო შეღავათები.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ აღნიშნული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით, კერძოდ: საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000-ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.

ასევე, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18-წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.

საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18-წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი), აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000-ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე“, – აღნიშნულია სამინისტროდან EDU.ARIS.GE-სთვის საჯარო ინფრომაციის მოთხოვნის საპასუხოდ გამოგზავნილ წერილში.

რაც შეეხება სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურებას, ის მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და სპეციალურ მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე ასევე შეიძლება მიეცეს კლასის დამრიგებლობის დანამატი და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი.

სპეციალური მასწავლებლის ხელფასი დაითვლება განათლების და კვალიფიკაციის, სამუშაო სტაჟის და სამუშაო დატვირთვის მიხედვით. 1-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 524,48 ლარს. ხოლო თუ ის კლასის დამრიგებელიცაა დანამატი შეადგენს 101.25 ლარს.

ასევე იხილეთ:

როდის მიიღებენ სტატუსშეცვლილი მასწავლებლები დანამატს და რა შემთხვევაშია საჭირო დირექტორის წარდგინება

ახალი საათობრივი ბადე, ახალი სახელმძღვანელოები და სასკოლო გამოცდები – სიახლეები 2019-2020 სასწავლო წლისთვის

მაძიებლობის თუ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა – რომელი უნდა აირჩიოს მსურველმა?

მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი დამტკიცდა

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური