GE

რას (არ) ასწავლიან პროფესიულ სასწავლებლებში – ავტო დიტეილერი გოგონას დამაფიქრებელი არჩევანი

„საკუთარ მანქანაზეა შეყვარებული!“ თუ ავტომოყვარული მეგობარი, ოჯახის წევრი, ან უბრალოდ, ნაცნობი გყავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ფრაზა, რასაკვირველია, სხვადასხვა ინტონაციით, თქვენც არაერთხელ გითქვამთ.

ისიც გეცოდინებათ, რომ თუ ავტომოყვარულის ავტომობილში აღმოჩნდით, პირველ რიგში, კარის უფრთხილესად დახურვა უნდა ისწავლოთ. უსაფრთხოების ღვედი მშვიდად გადაიკრათ და გაითვალისწინოთ, რომ უხეშად არაფერს შეეხოთ.

ის რომ ავტომოყვარულები განსაკუთრებით უფრთხილდებიან საკუთარ მანქანას ყველაზე კარგად მაინც ავტო დიტეილერებს ესმით. მათი მომსახურებით მოსარგებლეთა რიგებში ავტომოყვარულები პირველები არიან.

რა არის ავტო დიტეილინგი?!

მანქანის პროფესიონალური დეტალიზაცია – მანქანის გაწმენდის, მისი პირვანდელი მდგომარეობაში დაბრუნების ხელოვნება და ხელობა. გულისხმობს მანქანის გარე და შიდა დეტალების მომსახურებას. კონკრეტულად, მანქანის ინტერიერიდან როგორც ხილული, ისე უხილავი დამაბინძურებლების მოცილებას, გარე რეცხვას, ექსტერიერის გაპრიალებას, ავტო კოსმეტიკური სამუშაოს განხორციელებას..

საინტერესოა, სად მიიღეს დიტეილერებმა განათლება და როგორ ისწავლეს პროფესია, რამდენად კმაყოფილი არიან ქართული პროფესიული განათლებით, სად ხედავენ გამოწვევებს და რას ურჩევდნენ მათ, ვინც ამ პროფესიის სწავლას გადაწყეტს.

ამ საკითხებზე ვესაუბრეთ, მარიამ ბერძენიშვილს ავტო დიტეილერს, გოგონას, რომელმაც აკადემიური განათლებიდან დაიწყო და დიდი გზა გაიარა იმისთვის, რომ საყვარელი პროფესია ეპოვნა. სხვათა შორის, მარიამი პროფესიული განათლებით კმაყოფილი არაა. რატომ? მიზეზებს თავად უკეთ მოგიყვებათ…

-მარიამ, პირველ რიგში, გვითხარით, რა ასაკში შეაჩერეთ არჩევანი პროფესიულ განათლებაზე, რა იყო თქვენი მოტივატორი?

-18 წლის ვიყავი, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და უმაღლეს სასწავლებელში ჩავირიცხე. ვსწავლობდი ფსიქოლოგიას. როცა მივხვდი, რომ უნივერსიტეტი არ იყო ის ადგილი, რომელიც გამზრდიდა პიროვნულად და პროფესიულად, გადავწყვიტე, სტუდენტის სტატუსი შემეჩერებინა. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, სტატუსის შეჩერების შემდეგ ჩავაბარე პროფესიულ სასწავლებელში, საზოგადოებრივ კოლეჯში „ეტალონი“. საოფისე საქმეს ვსწავლობდი და დასაქმებულიც ვიყავი ამ პროფესიით, ოფის მენეჯერის პოზიციაზე. სხვათა შორის, სამსახურს ხშირად ვიცვლიდი… ახლანდელი გადმოსახედიდან, საკმაოდ დიდ ასაკში გადავწყვიტე პროფესიის შეცვლა. 28 წლის ვიყავი, როდესაც მანქანების ინდუსტრიაში აღმოვჩნდი. ეს ის სფეროა, რომელიც მაინტერესებს და შემიძლია ვთქვა, რომ ახლა, ჩემი ოცნების პროფესია მაქვს.

– სანამ სხვა საკითხებზე გადავალთ, ამ პროფესიით რატომ დაინტერესდით და კარგად აგვიხსენით, რას მოიცავს ავტო დიტეილერის პროფესია, რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა?

– მეგობარმა შემომთავაზა, რომელიც უკვე დიდი ხანია, ამ სფეროშია და ვიფიქრე – რატომაც არა, იქნებ გამომივიდეს. თან, თუ ანაზღაურებაც კარგი მექნება. ასეც აღმოჩნდა. ეს პროფესია გულისხმობს ავტომობილების დეტალურ კოსმეტიკურ და ვიზუალურ სამუშაოების განხორციელებას: მოვლას, ზრუნვას და აღდგენას. პირადად მე, ძირითადად ავტომობილის ინტერიერის დელიკატურ წმენდაზე და დაცვაზე ვმუშაობ. ასევე, ჩემს მოვალეობაში შედის ავტომობილის ექსტერიერის დაცვა და მოვლა. განსაკუთრებით რთულია, როცა დაზიანებული ავტომანქანის ვიზუალურ აღდგენაზე ხარ პასუხისმგებელი. მარტივი სამუშაო ნამდვილად არ არის და დეტალების ცოდნაა აუცილებელი, რომ ავტომობილი უფრო არ დააზიანო.

– ეს სპეციალობა ამ სახელწოდებით პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლება? თუ ზოგადი კურსი გაიარეთ, მოგვიყევით ამის შესახებ…

– სამწუხაროდ, საქართველოში ეს მიმართულება პროფესიული სასწავლებელში არ ისწავლება. ისწავლება: მანქანების ოპერირება, ძრავის შეკეთება, ავტომობილების ელექტროსისტემის შეკეთება… რაც მიმაჩნია, რომ არასამართლიანია და ამ პროფესიის შესწავლის მსურველთათვის მოკლე სასერტიფიკატო კურსი მაინც უნდა არსებობდეს. ჩემი მაგალითით რომ ვთქვა, ეს ვიწრო სპეციალობაა, მაგრამ დასაქმება მარტივია და საქმის შესრულებაც ძალიან რთული არ არის. რაც მთავარია, 3 თვეში სრულიად შესაძლებელია ამ პროფესიის შესწავლა. მე, პირადად, ეს დრო დამჭირდა და პირდაპირ ადგილზე შევისწავლე.

მოგიყვებით. თბილისში, ნუცუბიძეზე ფუნქციონირებს „დიტეილინგ გარაჟი“, ასე ჰქვია ჩვენს სახელოსნოს. აქ შევისწავლე პროფესია. საქართველოში, ძირითადად, ამ მომსახურებით დაინტერესებულნი არიან სპორტული მანქანების მფლობელები, ე.წ დრიფტერები და ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით ზრუნავენ საკუთარი მანქანების ვიზუალურ სილამაზეზე.

– მარიამ, თქვენ აღნიშნეთ, რომ პროფესიულ სასწავლებელში საოფისე პროგრამები ისწავლეთ, დიტეილერის პროფესია კი სახელოსნოში, სადაც შემდეგ დასაქმდით, რა განსხვავებას ხედავთ ახლა?

– კოლეჯში 1 წელი ვსწავლობდი საოფისე პროგრამებს, სრულიად უფასოდ და მალევე დავსაქმდი ოფის მენეჯერის პოზიციაზე. დასაქმების შემდეგ მივხვდი, რომ ის, რასაც კოლეჯში ვსწავლობდი, იყო თეორია და ძალიან მცირე ნაწილი პრაქტიკის, აქაც ის პრობლემა დავინახე რაც უნივერსიტეტის შემთხვევაში… რეალურად, საოფისე საქმე დასაქმების პერიოდში შევისწავლე. სწორედ ამიტომ, როცა გადავწყვიტე, რომ ავტო დიტეილერის პროფესია მესწავლა, ვიფიქრე -რატომ ჩავაბარო ისევ კოლეჯში, მით უფრო, თუ არც ისწავლება ეს კონკრეტული მიმართულება და სულ სხვა რამის სწავლა მომიწევს, ჩემს თავს დაუსვი კითხვა: „რატომ უნდა ვისწავლო მანქანების ოპერირება – ავტომობილის გადაადგილება/განთავსება, აწევა/დაშვება და ა.შ. იმისთვის, რომ ავტო დიტეილერი გავხდე?!“ შესაბამისად, აღარ დავკარგე დრო და პროფესია გამოცდილ სპეციალისტთან, პირდაპირ ადგილზე შევისწავლე.

– რა ფინანსური ხარჯი გქონდათ, როცა ამ პროფესიას სწავლობდით და ასევე, რა თანხის გამომუშავება შეუძლია ამ პროფესიაში დასაქმებულ კადრს?

– არ გადამიხდია თანხა იმისთვის, რომ ეს პროფესია შემესწავლა, ვიყავი ე.წ. სტაჟიორი, გნებავთ შეგირდი, რომელიც თან სწავლობდა და თან მუშაობდა. გარკვეული ხარჯები, რასაკვირველია, მქონდა. მგზავრობა, კვება… რადგან ჩემი სურვილით ვმუშაობდი, სანამ არ შევისწავლე ეს პროფესია, სრული ხელფასი არ მქონდა, მაგრამ გარკვეულ გასამრჯელოს ვიღებდი. ამ სფეროში ანაზღაურება ძირითადად გამომუშავებაზეა და მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მოინდომებ. ისიც გასათვალისწინებელია, რა რაოდენობის მომხმარებელი გყავს. მინიმალური თანხა, რომელიც ყოველთვიურად შეიძლება გამოიმუშაოთ, 2000 ლარიდან იწყება და რასაკვირველია, მზარდია. მით უფრო, თუ მუდმივი მომხმარებელი გყავს.

– ხშირად აღნიშნავენ, რომ პროფესიის დიფერენცირებული სწავლების მეთოდი დასახვეწია, თქვენს სფეროში ავტომანქანებთან დაკავშირებული სხვადასხვა სპეციალობებია, ამ სფეროს წარმომადგენლებს თქვენ კარგად იცნობთ, რა ტენდენციებს გამოკვეთდით?

– თინეიჯერები ხშირად მწერენ, რომ უნდათ ჩემი პროფესიის შესწავლა და მეკითხებიან, სად შეიძლება სწავლა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მე პასუხი არ მაქვს. მოხარული ვიქნები, თუ ეს მდგომარეობა შეიცვლება და კოლეჯები უფრო დიფერენცირებულ პროგრამებს შემოგთავაზებენ. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ავტოინდუსტრიაში მოღვაწე ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტი გავიცანი, რომლებსაც აკადემიურ სივრცეში არ უსწავლიათ… პროფესიული განათლების საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ოსტატთან სწავლის მეთოდი უფრო ეფექტური მგონია.

ასევე იხილეთ:

აკადემიური უნივერსიტეტში და პრიორიტეტი პროფესიულ განათლებას – 19 წლის მომავალი ელექტრიკოსი გოგონა წალენჯიხიდან

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური