GE

აკადემიური უნივერსიტეტში და პრიორიტეტი პროფესიულ განათლებას – 19 წლის მომავალი ელექტრიკოსი გოგონა წალენჯიხიდან

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, განათლების რომელი საფეხურია თქვენზე მორგებული -უმაღლესი თუ პროფესიული განათლება, აუცილებლად დასვამთ ასეთ პრაქტიკულ კითხვებს: „რამდენი დრო დამჭირდება ამ პროფესიის სწავლისთვის?“, „მაქვს ამ საქმის კეთების პოტენციალი?“, „რა ფინანსური დანახარჯისთვის უნდა ვიყო მზად?“, „დასაქმებას როდის შევძლებ და ანაზღაურება?..“ შესაძლოა, თქვენ მხოლოდ მატერიალური მიზნები არ გამოძრავებდეთ და პარალელურად, უსათუოდ იფიქრებთ: „ჩემთვის საინტერესოა?“ „შევძლებ ამის კეთებას სიამოვნებით?“, „თავისუფალი დრო მექნება?“, „ჩემს ხასიათთან ახლოს არის?..“

თუ იცით რა არის თქვენი მისწრაფება და რა გსურთ ცხოვრებაში, აუცილებლად მიხვალთ თქვენთვის ოპტიმალურ პასუხამდე, შემდეგ კი არჩევანის გაკეთებაც მოგიწევთ -პროფესიული თუ უმაღლესი განათლება?!.

EDU.ARIS.GE იმ ახალგაზრდას ესაუბრა, რომელმაც თავდაპირველად არჩევანი უმაღლეს განათლებაზე შეაჩერა, პირველი კურსის დასრულების შემდგომ კი, უნივერსიტეტში აკადემიური შვებულება აიღო და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი გახდა. დღეს იგი კითხვას – პროფესიული თუ უმაღლესი განათლება, მარტვად გვპასუხობს: „და რატომაც არა ორივე?!“.

ლოლიტა არდია 19 წლის არის და დღეს ელექტროობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 დონის სტუდენტია. დაახლოებით ერთი წელია, რაც მშობლიური წალენჯიხის რაიონში მდებარე პროფესიულ კოლეჯში (“ლაკადა”) სწავლობს და ელექტრიკოსის პროფესიას წარმატებით ეუფლება.

– ლოლოტა, აბიტურიენტობისას თქვენ არჩევანი შეაჩერეთ უმაღლეს განათლებაზე, რატომ აირჩიეთ მაშინ ის და დღეს თუ მიიღებდით იმავე გადაწყვეტილებას?

ლ.ა: როცა აბიტურიენტი ვიყავი, ძალიან ბევრს ვფიქრობდი, იმ პროფესიის შესწავლა ამერჩია, რაც მაინტერესებდა თუ არჩევანი იმ პროფესიაზე გამეკეთებინა, რომლის შესახებაც ცოტა რამ გამეგო, თუმცა ანალოგიურად, მისი შესწავლის ინტერესიც მქონდა. არჩევანი უნდა გამეკეთებინა ორ პროფესიას შორის, გამოვსულიყავი ფილოლოგი თუ ელექტრიკოსი. რადგან თავდაპირველად არჩევანის გაკეთება გამიჭირდა, გადავწყვიტე, ორივე პროფესია მესწავლა. თავისუფალი გრაფიკითაც შემიძლია დასაქმება და ვფიქრობ, ორივე პროფესიით ვიმუშავებ და ერთმანეთს შევუთავსებ. შესაბამისად კი, ისევ ორივეს ავირჩევდი – უმაღლესსაც და პროფესიულსაც.

– ჯერ აკადემიური წელი აიღეთ, თუ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ჩააბარეთ პროფესიულ სასწავლებელში?

– პარალელურად ჩავაბარე, ჯერ ეროვნული გამოცდები, შემდეგ პროფესიული და ერთდროულად გავხდი ორივე სასწავლებლის სტუდენტი. უნივერსიტეტში მოსახვედრად ეროვნული გამოცდები ჩავაბარე, კოლეჯში სწავლისთვის კი გამოცდა, რომელიც გასაუბრების სახით ჩამიტარდა.

– რა მთავარი განსხვავებაა უნივერსიტეტსა და კოლეჯს შორის, რას სწავლობდით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რას სწავლობთ ახლა?

– განსხვავება უმნიშვნელო ნამდვილად არ არის. კოლეჯში გაცილებით მოკლე მოკლე დროში ეუფლები პროფესიას, სწავლის ხარჯიც ნაკლებია და სწავლობ მხოლოდ იმ საგნებს, რომლებიც პროფესიის დაუფლებისთვის გჭირდება. უნივერსიტეტში მასწავლიდნენ 6 საგანს, აქედან თითო საგანის ლექცია გრძელდება 1 საათს. უნივერსიტეტში სწავლა იწყება 10:00 საათზე, პროფესიულ სასწავლებელში კი, ჩემი გრაფიკით სწავლას ვიწყებ 14:45 საათზე და ვამთავრებ 19:40 საათზე. უნივერსიტეტის მსგავსად, აქაც 6 საგანს გავდივარ, მაგრამ ექვსიდან 5 არის პრაქტიკული და ნაცვლად 4 წლიანი სწავლებისა, 14 თვეში ვიღებ პროფესიას. ვინაიდან აფხაზეთიდან დევნილი ვარ, უნივერსიტეტში სწავლა ჩემთვის უფასო იყო. კოლეჯში კი ელექტროობის მე-4 დონის პროგრამის სწავლება ყველა ჩარიცხული სტუდენტისთვის სრულიად უფასოა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემს კოლეჯში ელექტროობისთვის საჭირო ინვენტარებსაც სრულიად უფასოდ ვიღებთ, რაც გვეხმარება, რომ ამ პროფესიას სრულყოფილად დავეუფლოთ.

– ელექტროობის მე-4 დონის სტუდენტი ხართ, რას ნიშნავს ეს, კონკრეტულად რას გასწავლიან?

– ვეუფლები ელექტრობის საფუძვლებს, ელმოწყობილობების მოქმედების პრინციპებს და უსაფრთხოების წესებს. არასრულად ჩამოგითვლით, რა უნდა შევძლო, როცა პროგრამას დავასრულებ:

  • გაზომვითი სამუშაოების ჩატარება სხვადასხვა ტიპის ელექტროტექნიკურ მასალებზე;
  • საზეინკლო სამუშაოების შესრულება ნახაზის მიხედვით;
  •  მაღალი ძაბვის ეგხ-ის მშენებლობა და მისი მომსახურება;
  • ქვესადგურების დამონტაჟება და მისი მომსახურება;
  • წაკითხვა და ხაზვა საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის
  • კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით;
  • პროექტირება პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების სქემების
  • მონტაჟი პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების აპარატურის;
  • პირველადი სამედიცინო დახმარება ძაბვის შედეგად დაზარალებულისთვის;.

– რამდენი თვე/წელი უნდა ისწავლოთ ამ პროგრამაზე?

– უნდა ვისწავლო 14 თვე და როცა დავასრულებ, ამ მიმართულებით დასაქმებას ვგეგმავ. როდის დავუბრუნდები უნივერსიტეტს ჯერ არ ვიცი, რადგან ამ პროფესიაში ვაპირებ მოვსინჯო ძალები.

– როგორ ფიქრობთ, რა დროში ელექტრიკოსის პროფესიის დაუფლებას და რა დრო დაგჭირდებოდათ, თავდაპირველად შერჩეული პროფესია რომ გესწავლათ?

– სწავლის დამთავრებისა და სტაჟირების შემდეგ უკვე შევძლებ გარკვეული სამუშაოს შესრულებას. თუმცა სწავლა და განვითარება მუდმივად დამჭირდება. უნივერსიტეტის შემთხვევაში კი დამჭირდება 4 წელი და შემდეგ გარკვეული გამოცდების ჩაბარებაც, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გავხდე.

– სად დასაქმდებით, როცა ელექტრიკოსის პროფესიას შეისწავლით, რამდენ ხანში იპოვით სამსახურს თქვენი ვარაუდით და რა გეგმები გაქვთ? 

– ამ ეტაპზე სტაჟირებას გავდივარ ენერგო-პრო კომპანიაში. თუ გამომივიდა და თავი გავართვი საქმიანობას, შესაძლოა, ამ კომპანიაშიც დავსაქმდე. თუმცა საქართველოში ყველა დაწესებულებას სჭირდება ჩემი პროფესიის კადრი. თვითდასაქმებულიც შემიძლია ვიყო და კერძო გამოძახებებზე ვიარო.

– როგორ ფიქრობთ, რა რაოდენობის თანხის გამომუშავებას შეძლებთ ელექტრიკოსის პროფესიით, რა იქნება თქვენი შემოსავალი?

– საწყის ეტაპზე, ვფიქრობ, რომ შევძლებ გამოვიმუშაო 1500-2000 ლარი, შემდგომ ეტაპზე კი, რასაკვირველია, მეტის გამომუშავებასაც შევძლებ. ჩემი მოტივაციაც სწორედ ეს არის. ვიცი, რომ პროფესიულ ზრდასთან და გამოცდილებასთან ერთად, ჩემზე მოთხოვნაც გაიზრდება და შესაბამისად, ჩემი შრომითი ანაზღაურებაც.

– შეგიძლიათ მიმართოთ თანატოლებს, რომლებიც მომავალი პროფესიის ძიებაში არიან და ფიქრობენ განათლების რომელი საფეხური სჭირდებათ – პროფესიული თუ უმაღლესი… 

– ყველას ვურჩევ, დაფიქრდნენ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება. ჩემ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო, რომ მქონოდა საყვარელი პროფესია, რომელსაც უმოკლეს ვადებში ვისწავლიდი და დასაქმებასაც შევძლებდი. ყველა ჩემ თანატოლს ვუსურვებ წარმატებას. თავად აირჩიეთ, რა გსურთ ცხოვრებაში და მოინდომეთ, რომ გქონდეთ საყვარელი საქმე!

ასევე იხილეთ:

„ახალგაზრდები გრძელ გზას რომ გაივლიან და წარმატებას ვერ მიაღწევენ, მერე მოდიან ჩვენთან, პირიქით დაიწყონ ეს გზა“

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური