GE

რას გეგმავს მთავრობა მაღალმთიან დასახლებებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისთვის – 2021-2023 წლების გეგმა

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2 წლიანი გეგმის მოქმედება 2020 წლის ბოლოს დასრულდა. დოკუმენტი მთელ რიგ შეღავათებთან ერთად საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული პირების სახელფასო დანამატებს და სკოლების დამატებით დაფინანსებასაც ითვალისწინებდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რაც 2021-2023 წლების სამოქმედო სტრატეგიაშია ასახული.

2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის ძირითადი ამოცანებია, ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა; ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება, კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება; ასევე, მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. აღნიშნული ამოცანების განხორციელებისათვის ჯამში 973 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, მთავრობის ინფორმაციით, თანხა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილ ბიუჯეტს 20%-ით აღემატება.

მაღალმთიან დასახლებებში განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კვლავ გაგრძელდება ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული დაწესებულების მასწავლებლისათვის სახელფასო დანამატის გაცემა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 44 913 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული შეღავათით დაახლოებით 13 000 მასწავლებელი ისარგებლებს.

პედაგოგების გარდა, გაგრძელდება სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაცემაც. შეღავათით დაახლოებით 320 მწვრთნელი ისარგებლებს და ამისთვის ბიუჯეტი 72 924 ლარს გამოყოფს.

სტრატეგიის თანახმად, დაგეგმილია, ასევე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობაც. კერძოდ, ხულოს, ჩოხატაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ჯამში 3 ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტი და მსოფლიო ბანკი ერთობლივად 7 229 750 ლარს გაიღებენ.

გარდა ამისა, დაგეგმილია ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, ასპინძის, დუშეთის, ახალციხის, ახალქალაქის, წალკის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში არსებული საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 31 908 011 ლარი გამოიყოფა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომდევნო სამ წელიწადში პროფესიული კოლეჯის ახალი სასწავლო კომპლექსი უნდა აშენდეს, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 000 000 ლარი მოხმარდება.

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგის დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონებში მდებარე სკოლების და საბავშვო ბაღების არსებული მდგომარეობაა გაანალიზებული.

„მაღალმთიან დასახლებებში არსებული დემოგრაფიული სიტუაციის გამო, საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა, საქართველოს ბარის მოსახლეობასთან შედარებით, ნაკლებია. ურბანული კატეგორიის მაღალმთიანი დასახლებები, ძირითადად, უზრუნველყოფილნი არიან საბავშვო ბაღებით; მაღალმთიან დასახლებათა თითქმის ნახევარზე მეტში მუნიციპალური საბავშვო ბაღი არის (53%). თუმცა არსებული საბავშვო ბაღები საჭიროებს ხარისხობრივ და შინაარსობრივ გაუმჯობესებას. სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის, მუნიციპალიტეტებს ესაჭიროებათ როგორც სამართლებრივი, ისე ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე ახალი საბავშვო ბაღების მოდელების დანერგვისთვის. ამასთან, გაუმჯობესებას საჭიროებს შესაბამისი სასწავლო პროცესი და პედაგოგების კვალიფიკაცია.

„ასეთ რეგიონებში დაბალია პროფესიული და უმაღლესი განათლების მქონე პირთა წილი. იქ მოქმედი ფერმერები, კერძო და საჯარო სექტორები აღნიშნავენ კვალიფიციური ადამიანური რესურსის ნაკლებობას და არსებულის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობას. მხოლოდ მესტიის, ამბროლაურის, ყაზბეგის (სტეფანწმინდა და გუდაური), ხულოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში მოქმედებს პროფესიული სასწავლებლები. აღნიშნულ პროფესიულ სასწავლებლებში დანერგილია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, მოქნილი, კომპეტენციებზე დაფუძნებული მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა შემუშავებაშიც დამსაქმებლები უშუალოდ არიან ჩართულნი. ასევე, დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ლოკაციის განვითარების მიზნით, სადაც განხორციელდება პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები.

„მაღალმთიან დასახლებებში არსებული დემოგრაფიული პრობლემების გამო, სკოლების კლასებში ზოგჯერ ერთი ან რამდენიმე მოსწავლე სწავლობს და თუ სკოლას ვაუჩერი მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად მიეცემა, ის ვერ შეძლებს ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გაწევას, მაგალითად, მოსწავლეების გათბობით უზრუნველყოფას. ამიტომ 2016 წლის 1 სექტემბრიდან, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, მაღალმთიან დასახლებებში მდებარე 505 საჯარო სკოლას, რომელშიც 2018 წლის 1 იანვრისთვის 43 046 მოსწავლე სწავლობდა, ვაუჩერი გაზრდილი ოდენობით ეძლევა. ასევე, კანონის შესაბამისად, ვაუჩერული დაფინანსების გაზრდილი ოდენობით უზრუნველყოფილია მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ყველა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.

„მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად გრიფირებულ სახელმძღვანელოები ურიგდება, მინისტრის შესაბამისი  ბრძანებით დამტკიცებულ ყველა ბენეფიციარს, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებების სკოლების მოსწავლეებს;

„პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები (ბუკი). ამავე პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად პორტაბელური კომპიუტერები გამოიყოფა საქართველოს საჯარო სკოლების, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებების სკოლების საბაზო საფეხურების წარჩინებული მოსწავლეებისთვის, რომელთა საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე; ყოველწლიურად საჯარო სკოლებს, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებების სკოლებს, მოთხოვნის შესაბამისად, გადაეცემათ სხვადასხვა სახის ინვენტარი (პერსონალური კომპიუტერი, სასკოლო დაფა, მერხი და სხვა), ასევე – სასკოლო ჟურნალებიც.

„მასწავლებლების მოტივაციის ამაღლების მიზნით, 2016 წლის 1 სექტემბრიდან, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, სახელმწიფო მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს გადასცემს დანამატს, საბაზო სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან სპეციალური პროგრამით მივლინებულ მასწავლებლებს – არანაკლებ 50%-ის ოდენობით. კლიმატურ-გეოგრაფიული პირობებისა და გადამზადების ცენტრებთან სიშორის გამო მაღალმთიან დასახლებათა საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის შეზღუდულია ხელმისაწვდომობა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამებზე.

„სოციალური პროგრამის ფარგლებში , სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება 226 სტუდენტი, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, მანამდე კი ბოლო სამი წელი სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რაიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ეს სტუდენტები ფინანსდებიან სასწავლო გრანტის სრულ ოდენობის ფარგლებში (2250 ლარი).

„ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო ინფრასტრუქტურა, ძირითადად, მოძველებულია. მათი რეაბილიტაცია საჭიროებისა და ფინანსების შესაბამისად ხდება. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, რომელშიც რამდენიმე მაღალმთიანი დასახლებაა, არის სკოლები, სადაც დეპოპულაციის გამო მხოლოდ რამდენიმე მოსწავლეა. სკოლის მოსწავლეთა სიმცირით გამოირჩევიან მთიანი აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, თრიალეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტები. მცხოვრებთა ნაკლებობის გამო, სკოლები არ არის თუშეთში. მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება დუშეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვთ ზღვის დონიდან 1 500 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე დასახლებებს, ასევე, საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ზღვის დონიდან 1 500 მეტრ სიმაღლეზე ქვემოთ მდებარე დასახლებასაც, რომელიც აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

მოსწავლეობიდან მასწავლებლობამდე – „დღეს პედაგოგს თვიურ ხელფასად ეძლევა თანხა, რომელიც მან რეალურად ერთ კვირაში გამოიმუშავა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური