რას მიიჩნევს მაია მიმინოშვილი ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის გამოცდების მინუსად და პლუსად
„მეც, თუ ერთ გვერდზე მეტი მაქვს წასაკითხი, მირჩევნია, ნაბეჭდი წავიკითხო და არა ეკრანზე“, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა 2016 წლისთვის დაგეგმილი ნაწილობრივ ელექტრონული გამოცდების ფორმატზე საუბრისას, გადაცემაში „გამოცდებიდან გამოცდებამდე“ განაცხადა.
„აბიტურიენტებს, რომლებიც ნაწილობრივ ელექტრონული გამოცდის აპრობაციაზე იყვნენ მოწვეული, კითხვარები შევავსებინეთ სწორედ იმ მიზნით, რომ დაგვენახა თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც უარყოფითი მხარე, რაც შეიძლება ჰქონდეს ტესტის ბუკლეტის ელექტრონულ ვერსიას. პირდაპირ და გულწრფელად გეტყვით, ეს მოლოდინი ისედაც მქონდა, იმიტომ რომ მეც, თუ ერთ გვერდზე მეტი რაიმე მაქვს წასაკითხი, მირჩევნია, ნაბეჭდი წავიკითხო და არა ეკრანზე. ეს ცხადია, ბუნებრივია ერთ-ერთ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს, თუკი მინუსებით დავიწყებთ. მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, რომ ამ შეთავაზებას ძალიან ბევრი პლიუსი აქვს. სამომავლო გეგმებსაც რომ დავანებოთ თავი, როდესაც გამოცდების ჩატარება სრულად ელექტრონულად მოხდება, შეგვიძლია ვისაუბროთ ნაწილობრივ ელექტრონულად გამოცდის ჩაბარებაც რატომ იქნება კარგი.
ტესტის ნაბეჭდი ვერსია, ტესტის ბუკლეტი გარკვეული რაღაცებით არის შეზღუდული ბუნებრივია, იმიტომ რომ არ შეიძლება ტესტის ბუკლეტი იყოს 100 გვერდიანი. ამიტომ, როდესაც ბეჭდვაზე ვფიქრობთ, ვცდილობთ ტესტის ბუკლეტის ყველა თავისუფალი ადგილი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. შესაბამისად ბუკლეტში ერთ გვერდზე რამდენიმე დავალება ერთდროულად არის განთავსებული. ელექტრონულ ვერსიაში ჩვენ გვერდების რაოდენობის მხრივ შეზღუდულები არ ვართ და საშუალება გვაქვს შრიფტიც გაიზარდოს და ერთ გვერდზე ერთი დავალება განთავსდეს. დავალების გაფორმებაც შესაძლებელია, იმიტომ რომ იქ, სადაც აუცილებელი იყო ფერადი ბეჭდვა, რა თქმა უნდა ჩვენ იმ გვერდებს ვბეჭდავდით ფერადად, მაგრამ იყო გვერდები სადაც სასურველი იყო გამოგვეყენებინა ფერადი ნახატი მაგალითად და ჩვენ ამაზე თავს ვიკავებდით, ამ შემთხვევაში კი შევძლებთ ვიზუალურად უკეთ გაფორმებას, რომ უფრო აღქმადი იყოს ნახატი და დავალება.
მაია მიმინოშვილის თქმით, ახალი ფორმატის ფარგლებში როგორც ადრე, ისე მომავალშიც გათვალისწინებული იქნება იმ აბიტურიენტების ინტერესები, რომელთაც მხედველობის გარკვეული პრობლემები აქვთ.
ცენტრის დირექტორმა ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის გამოცდების დანერგვის მომდევნო ნაბიჯზეც გაამახვილა ყურადღება.
„შემდეგი ნაბიჯი ყველანაირ მინუსს გადაწონის, ჩვენ ყველამ ვიცით, რა მძიმეა ის პერიოდი, როდესაც ველოდებით შედეგებს. ასეთ შემთხვევაში, (ვგულისხმობ ელექტრონულ ფორმატს) და ეს 2017 წლისთვის გვაქვს უკვე დაგეგმილი, თუ დახურულბოლოიან კითხვებს ელექტრონულად გასცემენ პასუხს აპლიკანტები, ანუ ის, სადაც უნდა ამოირჩიონ სწორი პასუხი, (მაგ: ზოგადი უნარების გამოცდა) ასეთ შემთხვევაში აპლიკანტებს ექნებათ შესაძლებლობა შედეგები ძალიან მალე გაიგონ. ჩვენ არ დაგვჭირდება ის პროცედურა, რაც თან სდევს პასუხების ფურცლების შემთხვევაში შედეგების გამოცხადებას. აბიტურიენტს ზოგადი უნარების გამოცდის დასრულებიდან, მორე დღესვე ექნება შესაძლებლობა გაიგოს შედეგი“,- აღნიშნა მაია მიმინოშვილმა გადაცემაში „გამოცდებიდან გამოცდებამდე“.
2016 წლიდან გამოცდას ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ: აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები და პედაგოგები.
ელექტრონული ფორმატის ტესტური დავალებების ნიმუშები აბიტურიენტებისთვის
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი