GE

რას პროგნოზირებენ სკოლებთან მიმართებაში ექიმები „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ და როგორია ბოლო კვირის სტატისტიკა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები კორონავირუსის შემთხვევები ახლაც ბევრია და ქვეყანაში ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ, პირველი, რასაც ის საფრთხეს შეუქმნის, ბავშვები და სკოლები იქნება.

ექიმები მშობლებსა და პედაგოგებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

„როგორცკი “ომიკრონი” შემოვა ჩვენს ქვეყანაში, ალბათ არ დაახანებს და როგორც დელტა, ასევე ომიკრონის სამიზნეც ბავშვთა კონტინგენტია. სკოლაში აუცილებლად იქნება უფრო მეტი შემთხვევები, ახლაც არის ბევრი შემთხვევა. ამის შემეგ ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადატვირთული იქნება, რადგან ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცენტი ძალიან დაბალია და იმუნური ფენა ვერ შეხვდება ახალ შტამს. თვითონ ბავშვთა კონტინგენტი, რომელიც 12 წლის ზემოთ არის დაშვებული ვაქცინაციაზე, არ არის დიდი რაოდენობით აცრილი “, – აცხადებს მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი მაია ჩხაიძე. 

განათლების სამინისტროს მიერ 19 დეკემბერს გავრცელებული სტატისტიკის თანახმად კი, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0.5%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.2%-ს დაუდასტურდა და თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვიც საქართველოს მასშტაბით.

“ბოლო კვირის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე იმყოფებოდა 81 სკოლა, 379 ცალკეული კლასი და რისკის ჯგუფის 89 მასწავლებელი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.9%”, – განმარტავს სამინისტრო.

ასევე იხილეთ:

რა შემთხვევაში დაიკეტება საბავშვო ბაღი? – როგორია ახალი რეგულაციები და რა პრობლემებს ხედავენ ბაღის თანამშრომლები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური