რატომ ამოიღეს პედაგოგთა საგნის გამოცდის ტესტებიდან სწავლების მეთოდიკასთან დაკავშირებული დავალებები
2016 წლის ზაფხულში მასწავლებლებლობის მსურველები და პრაქტიკოსი პედაგოგები პროფესიულ გამოცდას განსხვავებული ფორმით ჩააბარებენ. ცვლილება იქნება ტესტებში. კერძოდ, პროფესიულ გამოცდაზე გასულებს აღარ მოუწევთ საგნობრივ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, იგივე სწავლების მეთოდიკის ნაწილიზე, რაც აქამდე ტესტური დავალებების 30%–ს შეადგენდა. რამ განაპირობა ასეთი ცვლილების შეტანის საჭიროება და რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ გამოცდის გამარტივება პედაგოგებს ერთგვარად დათურ სამსახურს გაუწევს, ამის შესახებ დამატებით კითხვებზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი გვპასუხობს:
–ქალბატონო მანანა, რას გულისხმობს საგნობრივი მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების ამოღება, რამ განაპირობა ასეთი ცვლილება და რისგან შედგება საგამოცდო დავალებების 30%–იანი კლება, სხვა რა აქტივობებით გაარკვევს სისტემა პედაგოგის მომზადების დონეს მეთოდოლოგიის კუთხით?
–წელს, საგნის გამოცდა, რომლებსაც ჩვენი მასწავლებლები გაივლიან, მხოლოდ საგნის ფარგლებში ინფორმაციის ცოდნაზე, გაგებასა და ანალიზზე იქნება ორიენტირებული, მასში სხვადასხვა სირთულის და სხვადასხვა ტიპის ტესტური დავალებები შევა. ტესტში აღარ იქნება საგნობრივი მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული დავალებები. ამის მიზეზი შემდეგია, საგნის გამოცდას აბარებენ მასწავლებლობის მსურველები, რომელთაც გამოცდის წარმატების დაძლევის შემთხვევაში გასავლელი ექნებათ საუნივერსიტეტო 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების დამოუკიდებელი კურსი. აღნიშნული კურსის ფარგლებში ზოგად და საგნისთვის სპეციფიკურ მეთოდოლოგიას უკვე უნივერსიტეტში შეისწავლიან მომავალი მასწავლებლები. რაც შეეხება მოქმედ მასწავლებლებს, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში განისაზღვრა, თუ რა სავალდებულო აქტივობები აქვს მასწავლებელს შესასრულებელი. პრაქტიკოსი მასწავლებელი სავალდებულოდ გაივლის 5–კრედიტიან გადამზადების პროგრამას, სადაც 3 კრედიტი ზოგად მეთოდოლოგიაში ტრენინგს დაეთმობა, ხოლო 2 – საგნისთვის სპეციფიკურ მეთოდოლოგიას. ამ კურსზე დაშვების წინაპირობა საგნის გამოცდის წარმატებით დაძლევაა. შესაბამისად, მასში მეთოდოლოგიის კომპონენტი არ უნდა იყოს გათვალისწინებული. სახელმწიფო (მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) ვალდებულებას იღებს მასწავლებლებს გაატაროს აღნიშნული კურსი.
30% სწორედ გასაშუალოებული სხვადასხვა საგანში განსხვავებული დოზით ასახული მეთოდოლოგიის კომპონენტია. ამ ნაწილში ძირითადად იყო გაკვეთილის/აქტივობის დაგეგმვისკენ, მოსწავლის შეფასებისკენ მიმართული ტესტური დავალებები. სწორედ მსგავსი დავალებები ჩანაცვლდება საგნობრივი ცოდნის შემოწმებისკენ მიმართული შეკითხვებით.
–ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამ ცვლილების ფონზე უფრო გამარტივდება გამოცდების ჩაბარება და რომ პედაგოგებს კარგი შედეგის დადებისთვის ერთგვარ დათურ სამსახურს ვუწევთ?
–ტესტის შედგენაზე პასუხისმგებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ისინი ატარებენ ტესტური დავალებების გამოცდას, რაც საშუალებას იძლევა წინასწარ მოხდეს დავალებების სირთულის დადგენა. რა თქმა უნდა, ცვლილება სირთულეში არ იქნება, რადგან არ შეიძლება განსხვავებულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ წინა წლებში გამოცდაზე გასული და წლევანდელი აპლიკანტები. ეს არ არის პედაგოგებისთვის გამოცდის გამარტივების მცდელობა, ამის საჭიროება გამოიწვია იმან, რომ მეთოდოლოგიის კომპონენტი გამოცდის ჩაბარების შემდეგ უნდა გაიარონ მასწავლებლებმა.
–რა უნდა გაითვალისწინონ ამ მიმართულებით ზაფხულში საგნის გამოცდაზე გამსვლელმა პედაგოგებმა?
პედაგოგები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საგნის გამოცდას, მეტი დრო უნდა დაუთმონ გამოცდისთვის მომზადებას, ამისთვის საჭირო იქნება შეფასებისა და გამოცდების ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინება, ასევე წინა წლების ტესტური დავალებების გაანალიზება (რა თქმა უნდა მეთოდოლოგიური ნაწილის გარეშე). ამავდროულად, გამოცდაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს ჩვენი ცენტრი შესთავაზებს ტრენინგებს, რაც მასწავლებლებს დაეხმარებათ სისტემაში მოიყვანონ საკუთარი ცოდნა, ყურადღება მიექცევა წინა წლის პრობლემურ დავალებებს.
პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო დღეს არსებულზე უკეთ მომზადებული პედაგოგების მიღებას გეგმავს
მასწავლებელთა სქემასა და პედაგოგთა ტრენინგებში ცვლილებები შედის
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება