რატომ არის მნიშვნელოვანი, მშობელმა სკოლის სამეურვეო საბჭოს დანიშნულება იცოდეს – არჩევნები 20 ივნისს გაიმართება
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის 20 ივნისს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელიც რიგით მეექვსე იქნება. კანდიდატთა რეგისტრაცია გუშინ, 14 ივნისს დასრულდა და როგორც EDU.ARIS.GE-მ დღეს გაარკვია, მონაწილეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო არ ფლობს თუმცა განმარტავენ, რომ ჩხენკელის უწყება არჩევნების პროცესზე დაკვირვებას საქართველოს ყველა რეგიონში განახორციელებს.
განათლების სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი მოსწავლე. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით, არანაკლებ 3-3 და არაუმეტეს 6-6 მშობელსა და პედაგოგს ირჩევენ.
სკოლის მოსწავლეთა მშობლების მცირე ნაწილმა თუ იცის რომ სამეურვეო საბჭოს სკოლისა და მათი შვილების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დატვირთვა და როლი აქვს: საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.
EDU.ARIS.GE – ს კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი მშობელმა სკოლის სამეურვეო საბჭოს დანიშნულება იცოდეს და მისი როლი გაიაზროს, თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი და სკოლის კურსდამთავრებულის მშობელი ამბობს:
„სამეურვეო საბჭოს, ძირითადად დირექტორი მართავს, მშობელთა და მოსწავლეთა ჩართულობა, ხშირ შემთხვევაში, ფორმალურია. მშობელს იზიდავენ, თითქოს გადაწყვეტილებების ან ფინანსების განკარგვის უფლება ჰქონდეს, მაგრამ ეს აბსურდია. თავად სამეურვეო საბჭოში მშობლის ჩართულობის ინიციატორი, სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი აღიარებს, რომ როდესაც ის თავად ჩართეს სამეურვეო საბჭოს მუშაობაში როგორც მშობელი, ვერაფერს აკეთებდა. მშობლებს ლამაზად უფუთავენ მათ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს, თითქოს სკოლის ცხოვრების მართვის გარკვეული ბერკეტი ექნებათ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, დირექტორი ერთპიროვნულად წყვეტს ყველაფერს, რაც მშობლების ფრუსტრაციასა და უკმაყოფილევას იწვევს, ხმას ვერ იღებენ, ალბათ, ისევ შვილის ინტერესებს ითვალისწინებენ „ვინმე არ გადაეკიდოს“ არ „აითვალწუნინ“ და ა.შ“.
იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობელი კი ფიქრობს, რომ თავად სკოლას არ სურს მშობლებმა მეტი იცოდნენ ამ ინსტიტუციის შესახებ:
„სამეურვეო საბჭოზე რაღაც გამიგონია მშობლებისგან, თითქოს ფაფხურობდნენ ხოლმე, მაგრამ არ გამიგია, რაიმე ხელშესახები გაეკეთებინოთ. ჩემდა სამწუხაროდ, არასდროს მეცალა, რომ ამ პროცესში ჩავრთულიყავი და მისი მონაწილე გავმხდარიყავი. სიმართლე გითხრათ, არც ფუნქციების შესახებ მაქვს ინფორმაცია, ალბათ არც სკოლაა დიდად მონდომებული, მშობლებმა ამ ინსტიტუციის შესახებ ბევრი იცოდნენ, თორემ როგორც სხვა საკითხების განხილვის შემთხვევაში გვიბარებენ შეკრებებზე, ამ ინფორმაციებსაც ასე გაგვაცნობდნენ. აუცილებლად დავინტერესდები, ჯერ ჩემი შვილი VI კლასშია და სკოლაში ბევრი წლის გატარება მოგვიწევს“, – გვითხრა ნათიამ, რომელმაც გვარის სტატიაში დასახელება არ ისურვა.
თბილისის 49-ე საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ცაავა კი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ მოსწავლის მშობელი თავიდანვე ინფორმირებული უნდა იყოს სამეურვეო საბჭოს შესახებ და მიესალმება მშობელთა აქტიურ ჩართულობას თუ რჩევებს მათივე შვილების კეთილდღეობისთვის.
„მნიშვნელოვანია, მშობელი, რომელსაც სკოლაში მოჰყავს შვილი ინფორმირებული იყოს, რომ აქ თვითმმართველობის უმაღლესი ორგანო სამეურვეო საბჭოა. როგორც ქვეყნისთვის სასიცოცხლო და მნიშვნელოვანია პარლამენტის არსებობა, ასეა სკოლის სამეურვეო საბჭოც სკოლისთვის. ამდენად, მშობელს უნდა აინტერესებდეს, რადგან ის მისი შვილისთვის განათლების მიმცემია, ფუნდამენტალურია. ჩვენ გვაქვს სლოგანი – „სკოლა ჩემი ოჯახია“ და ასე უნდა იყოს ყველა სკოლისთვის. მშობლები, ფაქტობრივად მეორე დედას აბარებენ შვილს და უნდა იცოდნენ სად აბარებენ. მათ შეუძლიათ, რომ რაღაც რჩევები მოგვცენ, მივიღოთ მათი რჩევები და ჩვენიც გაითვალისწინონ, ეს ისევ მათი შვილებისთვის არის, ამით თავიანში შვილებისთვის იღწვიან. მშობლები სკოლას უნდა დაეხმარონ, სხვასაც სჭირდება მათი ნებიემიერი კუთხით დახმარება, ისევ მათი შვილების კარგი ცხოვრებისა და მომავალი გზისთვის“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა ეკატერინე ცაავამ სამეურვეო საბჭოს არსებობაში მშობლების როლზე საუბრისას.
ამავე თემაზე:
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება