GE

რატომ არის წიგნიერების დონე საქართველოში საშუალოზე დაბალი?

შემთხვევითი არ არის, რომ 2014 წელი საქართველოში “წიგნიერების წლად” გამოცხადდა.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS — Progress in International Reading Literacy Study) შედეგებით, მოზარდთა წიგნიერების დონე საქართველოში საშუალოზე დაბალია. დაწყებით კლასებში წაკითხულის შინაარსის გააზრებისა და გადმოცემის მიხედვით, მსოფლიოს 45 ქვეყნიდან, ჩვენი ქვეყანა 37 ადგილზეა. უკეთესი შედეგი არც სხვა ასაკობრივ ჯგუფებშია, სადაც ბოლო პოზიციებს აფრიკულ ქვეყნებთან ვინაწილებთ. კვლევების მიხედვით, საქართველო სასკოლო განათლების დონით მსოფლიოში ერთ–ერთ ბოლო ადგილზეა. ეს ტენდენცია კი მომავალ პედაგოგებზეც ვრცელდება.

არსებულ რეალობასა და მოსალოდნელ შედეგებზე Aris.ge – განათლება ა/ო “საქართველოს განათლების ლიგის” თავმჯდომარეს მანანა ნიკოლაიშვილის ესაუბრა:

– რთული მდგომარეობაა, ბავშვებმა ოთხი კლასის მათემატიკის მასალაც კი არ იციან. მერვე, მეცხრე და მეათე კლასების მოსწავლეებთან ურთიერთობა მაქვს და რომელი ფიზიკა–ქიმიის ცოდნაზეა საუბარი(თავად ქიმიკოსი ვარ). ამას ცოტა ლოგიკური–აბსტრაქტული აზროვნების სახეობები უდევს საფუძვლად. უბრალო, ელემენტარულ მათემატიკაზე რომ მიდგება საქმე, მტრისას, შედეგით გაოგნებული ვარ.
ამათ ხომ ყველა საგნის სწავლების შინაარსი შეცვალეს, თუნდაც მათემატიკა საოცრად დამახინჯებულია. დაწყებითების პროგრამები და სახელმძღვანელოები, მთლიანად შესაცვლელია. ქართულის საგანი კიდევ გასაგებია, ამ პრობლემას კომპიუტერებს ვაბრალებთ და რეალურად ასეცაა – ბავშვი 24 საათი კომპიუტერთან, ან ტელეფონთან ზის, გაკვეთილებზეც კი ჩართული აქვთ, თამაშობენ და საერთოდ გამოშტერდა ტექნიკით მთელი თაობა; დიდი–პატარა, ყველა თამაშობს, წიგნთან არავინ ჯდება და არავინ კითხულობს. თუ არ იკითხე, ნორმალურად კითხვასაც ვერ ისწავლი. ამიტომ არის, რომ დღევანდელი მოსწავლეების უმეტესობა მარცვალ–მარცვალ კითხულობს. თუ კითხვა არ იცი, შესაბამისად წერა საიდან გეცოდინება?

– მათემატიკას ხომ ბევრი კითხვა არ უნდა?

– საერთოდ, არასწორად არის აგებული მათემატიკის საგანი, უვარგისი წიგნები გვაქვს. და თუ ეს ორი საგანი – ქართული და მათემატიკა არ იცი, საერთოდ ვერ ვითარდები ადამიანი. მათემატიკა ხომ აზროვნების წესია, რასაც ჩვენი მიდგომით არ ვაღიარებთ. საერთოდაც, საქართველოში არათუ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ მდგომარეობაზე კვლევებს რატომ არ ატარებენ, იქაც ვერ იღებს სტუდენტი საჭირო ცოდნას.

– მოდით, ამ ეტაპზე სკოლას დავუბრუნდეთ; რატომ მოხდა სახელმძღვანელოების ასე “დამახინჯება”, რაზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას

– არასწორი რეფორმების გამო. საათები კატასტროფულად შემცირებულია, სტანდარტები, პროგრამები, სახელმძღვანელოები უვარგისია. ბავშვი ამით ვერ ისწავლის. მასწავლებლების პროფესიონალიზმი, საკმაოდ დიდი ნაწილის, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სახელმწიფო პედაგოგის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ფულს არ ხარჯავდა, დიდი ხანია, უმაღლესებში მასწავლებლები საერთოდ არ მზადდება. წინა ხელისუფლებისას, საერთოდ აურ–დაურიეს ყველაფერი, ვერც ერთ კონკურენტუნარიან სპეციალისტს ვერ ამზადებენ. განათლების ცენზი დაწიეს, არ შეიძლება სკოლაში ბაკალავრიატდამთავრებულმა ასწავლოს, მაგისტრი უნდა იყოს სამივე საფეხურზე. სხვა მიზეზებიც არის, მაგრამ ეს ძირითადია.

– რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ვითარებამ?

– ერის მასობრივ გამოთაყვანებამდე. აბსოლუტურად გონებაჩლუნგ, წერა–კითხვის უცოდინარ თაობას მივიღეთ. ასის ფარგლებშიც კი არ ეცოდინებათ მიმატება–გამოკლება. უბრალოდ, ნატურალურ რიცხვებს ერთმანეთზე ვერ ყოფენ და ამრავლებენ. არ იციან წილადებზე, ათწილადებზე მოქმედება, პროცენტები, წილები. საუბარი არ არის არითმეტიკულ, გეომეტრიულ პროგრესიაზე, ლოგარითმებზე, ტრიგონომეტრიაზე და ასეთ, შედარებით რთულ საკითხებზე. უმეტესობამ, ელემენტარული მათემატიკა არ იცის, ასე სადამდე მივალთ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. შედით სკოლაში და ერთი რიცხვის მეორეზე გაყოფა–გამრავლება სთხოვეთ, ვერ აკეთებენ.

– მარტო საჯარო სკოლებში არსებულ მდგომარეობას გულისხმობთ?

– რას ბრძანებთ, კერძოებშიც კატასტროფული სიტუაციაა. ეს კიდევ ცალკე პოლიტიკაა. ამ პატარა, კერძო სკოლებში კვალიფიციურ მასწავლებლებს საერთოდ არ აჩერებენ, რადგან მას სათანადო ხელფასი უნდა გადაუხადო, რასაც არ აკეთებენ. სამჯერ და ხუთჯერ ნაკლებ ხელფასს აძლევენ კერძო სკოლებში, საჯაროებში უფრო მეტი ხელფასია. ერთი საათში სახელმწიფოში უფრო მეტს იხდის, ვიდრე კერძო სკოლა.
წინა მინისტრები შაშკინიც და ლომაიაც ამბობდნენ, რომ სკოლები უნდა გამსხვილდესო, ამას ყოველთვის ვეთანხმებოდი. თავიდან პატარა თუ ხარ და არ იზრდები, ე.ი. ხალხს არ მოწონხარ, არასწორად გეგმავ სასწავლო–აღმზრდელობით პროცესს და ა.შ. ამდენი წელი რომ გახსნილი ხარ და ბავშვები ცოტა გყავს, ან უნდა დახუროს სახელმწიფომ, ან გარკვეული მოთხოვები დაუწესოს. ასეთ სკოლებს არავინ ამოწმებს.

– როგორ ფიქრობთ, რა გამოასწორებს იმ რეალობას, რაც დღევანდელ სკოლაშია?

– სახელისუფლებო ცვლილების შემდეგ, სამოქმედო პროგრამაში გვქონდა ჩაწერილი, რომ ძირფესვიანად უნდა შეცვლილიყო ეროვნული სასწავლო გეგმა – სტანდარტები, პროგრამები და სახელმძღვანელოები, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ახალი სახელმძღვანელოები საერთოდ არ არსებობს. განახლებული კი არის, მაგრამ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დღეს უარესი ეროვნული სასწავლო გეგმა გვაქვს, ვიდრე აქამდე იყო. სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია ახალ სასწავლო გეგმაზე მუშაობა. მდგომარეობა ჯერ ძველ ნიშნულამდე მაინც უნდა დააბრუნონ და მერე სახელმძღვანელოებს მიხედონ.

– ვინ უნდა შეარჩიოს ეს სახელმძღვანელოები?

– შექმნილი სისტემა კორუპმირებულია, მეგობარ–ნაცნობურ და პარტიულ საფუძველზეა დამყარებული. ეს ყველაფერი კი ტენდენიურ ხასიათს ატარებს. შედარებით კარგი სახელმძღვანელოები დაიბლოკა და უვარგისები გავიდა. აერთოდ, სისტემა სხვანაირად უნდა მოეწყოს, არანაირი კომისია არ უნდა აფასებდეს წიგნების ვარგისიანობას, ამას ბავშვები, მასწავლებლები და მშობლები უნდა აფასებდნენ. რომელი სახელმძვანელოდანაც მასწავლებელი, მოსწავლე დადებს კარგ შედეგს, სწორად მან უნდა გაიმარჯვოს. თითო საგანში რამდენიმე ალტერნატიული სახელძღვანელო უნდა შეიქმნას, ქსელში გავიდეს, ბავშვებმა ერთი წელი ისწავლონ, რომლითაც კარგ შედეგს დადებენ, ის იყოს არჩეული. რატომაა სავალდებულო, 4–5 ალტერნატიული სახელმძღვანელო იყოს, თუ ერთმანეთზე უკეთესი არ იწერება? ამ დროს, ერთი უკეთესიც არ შექმნილა და ბავშვი ამით შედეგსაც ვერ დებს. ისეთი ქიმია–ფიზიკა–ბიოლოგიის წიგნები გვაქვს, რომ ცალკე დაქირავებული პედაგოგის გარეშე, მოწაფე ვერაფერს გაიგებს; სიტყვიერი მასალა ხომ არ წერია, ამიტომ ვერ სწავლობენ. რატომ სწავლობენ ვეკუას და კომაროვის ფიზიკა–მათემატიკურ სკოლებში ძველი სახელმძღვანელოებით? თქვებ გგონით, ამ დარღვევის შესახებ განათლების მესვეურებმა არ იციან? ეს იმიტომ ხდება, რომ ამ სფეროში ახალი სახელმძღვანელოები მოთხოვნებს ვერ პასუხობს…”,-ამბობს Aris.ge-განათლებასთან ა/ო “საქართველოს განათლების ლიგის” თავმჯდომარე.

განაპირობებს თუ არა ბავშვის წიგნიერებას მხოლოდ სწორად შერჩეული წიგნი და მასწავლებლის კომპეტენცია, სადაო საკითხია, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში “PIRLS”- ის კვლევის შედეგი საგანგაშოა და მისი გაუმჯობესება როგორც სახელმწიფოს, ისე პედაგოგების ინტერესებში შედის.

გელა არის© მამულაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური