რატომ ცრუობენ ბავშვები
[თამარ კაციტაძე, ბლოგერი]
რატომ ცრუობენ ბავშვები? როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვის მხრივ სიცრუეს ვაწყდებით? როგორ შევინარჩუნოთ ნდობა და წავახალისოთ სიმართლე ისე, რომ ზედმეტად არ შევიჭრათ ბავშვის სამყაროში? – ეს კითხვები გამუდმებით აწუხებთ მშობლებსა და პედაგოგებს.
როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ტყუილის თქმის მოტივი შეიძლება იყოს: სასჯელის შიში; სურვილი რაიმე ისეთის მოპოვებისა, რასაც სხვაგვარად ვერ მიიღებ; მეგობრის დაცვა უსიამოვნებისგან; საკუთარი თავის ან სხვისი დაცვა;
გარშემო მყოფთა მიერ აღიარების სურვილი; უსიამოვნო სიტუაციის განმუხტვის სურვილი; სირცხვილის შიში; პირადი ცხოვრების დაცვა; საკუთარი უპირატესობის დამტკიცება.
ეს სიცრუის გავრცელებული მოტივების არასრული ჩამონათვალია.
ტყუილის მოტივს ზოგჯერ ბავშვის პიროვნული თვისებები განსაზღვრავს, ზოგჯერ – გარემოცვა, ზოგჯერ კი ასაკი.
ეთიკის ნორმების ფორმალური დასწავლა საშიშიც კია, რადგან ბავშვმაც, მასწავლებელმაც და მშობელმაც შესაძლოა მიიჩნიონ, რომ ბავშვი ზნეობრივად სწორად ვითარდება, რადგან თეორიულად ერკვევა ეთიკის ნორმებში. ასეთი ბავშვებისგან ძირითადად ორი ტიპის ინდივიდები ყალიბდებიან:
– პირველი – არ გააჩნია ანალიზისა და ჩაღრმავების უნარი და მხოლოდ დაზეპირებული ფორმულებით აპელირებს; ცდილობს იმოქმედოს ისე, როგორც ოდესღაც ასწავლეს და მისი ქმედებები ხშირად კონფლიქტში მოდის რეალობასთან. ეს პრობლემა მთელი ცხოვრება გრძელდება და შვილების აღზრდაშიც იჩენს თავს.
– მეორე ტიპისაა ადამიანთა უმრავლესობა. ასეთები ნასწავლ ფორმულებსა და წესებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ და ცხოვრებისეულ პრობლემებს გარემოში მიღებული საკუთარი გამოცდილებით აგვარებენ.
პატარა ბავშვები ხშირად ჰყვებიან შეთხზულ ამბებს, რომლებსაც სინამდვილედ ასაღებენ, ხანდახან კი თვითონაც იჯერებენ ამას. ექსპერტთა განმარტებით, ეს არც ტყუილია და არც მოტყუების მცდელობა – ამ ტიპის გამონაგონი უწყინარია და მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის მდიდარ წარმოსახვაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში უმჯობესია გაირკვეს ამ ფანტაზიორობის მიზეზი. თუ ბავშვის ფანტაზია ყოველგვარ რეალობას სცილდება, ის მიწაზე უნდა დავაბრუნოთ.
მეცნიერთა რჩევით, ამ შემთხვევაში მშობლებმა ან პედაგოგმა ბავშვს უნდა წაუყენონ რეალისტური, გონივრული, სამართლიანი მოთხოვნები; პატივი უნდა ვცეთ ბავშვებს, გავითვალისწინოთ მათი ინტერესები. უპირველესად, თავად უფროსებმა უნდა მივცეთ სხვისი პატივისცემის მაგალითი; უნდა ვიცოდეთ, რომ ტრაბახა ცრუპენტელა – ეს არის ბავშვი, რომელსაც ქება აკლია; მშობლები უნდა მოერიონ სიმკაცრეს და ხშირად იპოვონ ბავშვის შექების საბაბი.
უფროსები უნდა იყვნენ გულწრფელნი – ბავშვები ინტუიციურად, ქვეცნობიერად ითვისებენ ურთიერთობის სტილს და იმავეთი პასუხობენ.
როგორც გამოცდილება აჩვენებს, ზოგიერთი ბავშვი სკოლაში სხვაა, სახლსა და ქუჩაში კი სხვა. შესაბამისად, სკოლაში ნაქადაგები ეთიკის ნორმები სკოლის გარეთ მათთვის მნიშვნელოვანი აღარ არის. იმპერატიული ტონით ამ ნორმების დაცვის მოთხოვნა კი უშედეგოა, რადგან ბავშვს თვალთმაქცობისკენ უბიძგებს.
თვითრეალიზაციაზე ორიენტირებული მოზარდი ავტორიტარულ მეთოდებს ეწინააღმდეგება. თუ ამას ღიად აკეთებს, ასოციალურ ელემენტად ითვლება. მაგრამ ხშირად წინააღმდეგობა ფარულია და მისი შედეგები ზედაპირზე არ დევს. ბავშვი სიცრუესა და ორპირობას ეჩვევა და მერე ეს თვისებები მისი ცხოვრების თანამგზავრი ხდება.
ზოგიერთი დაკვირვებით, ცრუპენტელობა პიროვნული თავისებურების ნაწილია და იმ ბავშვებს ახასიათებთ, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის სხვა ადამიანებით მანიპულირებას არიან ჩვეულნი. თუმცა რა უფრო მნიშვნელოვანია ამ პრობლემის წარმოშობისას – ინტელექტი, პიროვნება, ცხოვრებისეული პრობლემები, მშობლების მიერ აღზრდაში დაშვებული შეცდომები, მეგობრების წრე თუ სიტუაციური გარემო, საბოლოო პასუხი არ არსებობს.
როგორ ვასწავლოთ ბავშვს გულახდილობა
უპირველესად, თავად უფროსები უნდა იყვნენ გულახდილნი და საგნებს თავისი სახელი უნდა დაარქვან. არ არის საჭირო ბავშვისთვის დაკითხვის, ხაფანგის მოწყობა – პირდაპირ უთხარით პატარას სათქმელი.
ნუ გამოხატავთ მძაფრ რეაქციას ბავშვის ტყუილზე. არ შეიძლება ყვირილი, ისტერიკა, დასჯა.
ბავშვს უნდა გააგებინოთ, რომ ტყუილი არ არის აუცილებელი. ბავშვი გულახდილია მაშინ, როდესაც ენდობა მშობელს, არ ეშინია მისი რისხვის ან გაკიცხვის, დარწმუნებულია, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, მას არ დაამცირებენ, როგორც პიროვნებას.
დაარწმუნეთ, რომ მის მხარეს ხართ. თუნდაც დასაჯოთ, აჩვენეთ, რომ სასჯელი სამართლიანი იყო, რადგან პატარებს მძაფრად აქვთ განვითარებული სამართლიანობის გრძნობა.
-
5000 წლის თამაში ისტორიის გაკვეთილზე, როგორც სწავლების ინსტრუმენტი – სენეტი კლასში
by განათლებული ბლოგი
-
„მგონი, ამ ერთ მიმოწერაშიც ნათლად ჩანს განათლების სისტემის უდიდესი ნაკლოვანება“ – მოსწავლის მამა საშინაო დავალების შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
„ვინც ამართლებთ რეფორმას ლოგიკით: „უმაღლესში არა, კოლეჯში წავიდეს, ან საერთოდ ნუ წავა ნურსად“, 10-დან რამდენ აბიტურიენტს პასუხობთ მასე?“
by განათლებული ბლოგი