GE

რატომ უნდა დავრეგისტრირდე რამდენიმე პროგრამაზე? – ყველა კითხვა და პასუხი პროფესიული განათლების მიღების მსურველებს

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 22 მაისიდან დაიწყო და 2023 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს პროფესიული უნარების სააგენტოში 19 ივნისს განუცხადეს, მსურველთა რეგისტრაცია როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე თავად პროფესიულ კოლეჯებში აქტიურად მიმდინარეობს. მოლოდინი აქვთ, რომ მაჩვენებელი მზარდი იქნება და მსურველთა ინფორმირების პროცესიც უწყვეტია. ივნისის თვეში, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირთა ინტერესის გათვალისწინებით, პასუხი გაეცა პროფესიულ პროგრამებზე სწავლით დაინტერესებულთა არაერთ კითხვას, რომელიც პროფესიული განათლების მიღების ერთგვარი გზამკვლევია. აქტუალურ კითხვებსა და მათზე დეტალურ პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:

ვის შეუძლია პროფესიული განათლების მიღება?

– პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, ზოგადი განათლების საბაზო (9 კლასი) საფეხურის დაძლევისა და კონკრეტული პროგრამისთვის დაწესებული მიღების წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.

რა ტიპის პროგრამები არსებობს პროფესიული განათლების სისტემაში?

– პროფესიული განათლების სისტემაში არსებობს 3 ტიპის – საბაზო პროფესიული, საშუალო პროფესიული და უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

  1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა;
  2. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა. ამასთან, პირს, რომელიც ფლობს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია ჩაირიცხოს ისეთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები (ე.წ. ინტეგრირებული პროგრამა). აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი;
  3. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა.პროგრამებზე სწავლება ძირითადად პრაქტიკულია და მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამის ბიზნეს ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამასთან, ზოგიერთი პროგრამა ხორციელდება დუალური მიდგომით, რაც იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება და კომპანია ინაწილებენ პასუხისმგებლობას სტუდენტის მომზადებაზე და პროგრამის პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში – კომპანიაში.

როდის და როგორ შეიძლება პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირება?

– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სწავლის მსურველთა რეგისტრაციას. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციისა და ჩარიცხვის პროცედურები რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ №42/ნ ბრძანებით.

2023 წელს, პროფესიული განათლების მიღების მსურველს ონლაინ რეგისტრაციის გავლა შეუძლია 22 მაისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ ვებგვერდზე – vet.emis.ge

სად შემიძლია პროფესიული პროგრამებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მიღება?

– შემოთავაზებული პროფესიული პროგრამებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული ჩამონათვალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდებზე – vet.emis.ge და emis.ge, ასევე, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში.

რატომ უნდა დავრეგისტრირდე რამდენიმე პროგრამაზე?

– პროფესიულ პროგრამებზე შექმნილი კონკურსის გამო შესაძლებელია ერთ პროგრამაზე დარეგისტრირების შემთხვევაში აპლიკანტი ვერ ჩაირიცხოს მისთვის სასურველ პროგრამაზე. რამდენიმე არჩევანის (მაქსიმუმ სამი პროგრამა) გაკეთების შემთხვევაში, აპლიკანტს შეუძლია საკუთარი შედეგების შესაბამისად არჩევანი გააკეთოს და ჩაირიცხოს წინასწარ მონიშნული პროგრამებიდან ერთ-ერთზე.

როგორ მოვხვდე პროფესიულ პროგრამაზე?

– პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხვის მიზნით, საჭიროა რეგისტრაცია და პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქვემოთ მოცემული ეტაპის/ების გავლა:

  • სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის (გარდა დუალური პროგრამებისა);
  • საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული შერჩევა საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის. ე.წ. დუალური სწავლების ფორმით პროგრამის განხორციელებისას სტუდენტს ერთობლივად არჩევენ საგანმანათლებლო დაწესებულება და დამსაქმებელი – კომპანია;
  • უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირების გავლის გარეშე ჩარიცხვის უფლება შესაძლოა მიენიჭოთ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე, თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ასევე, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაასრულეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ან “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ან ჩარიცხვის წინა წელს და რომელთა განათლება აღიარებულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილ ვადებში აპლიკანტს უფლება აქვს გაიაროს არჩეული პროგრამების შესაბამისი შერჩევის პროცედურები. შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ, აპლიკანტი რეიტინგში მისი ადგილისა და რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს.

პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, დაწესებულება უფლებამოსილია ინფორმაცია შესავსები ადგილების შესახებ, მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადებში ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. დარჩენილი თავისუფალი ადგილების თაობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია (vet.emis.ge) იმ აპლიკანტებისთვის, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სწავლის უფლება. აღსანიშნავია, რომ გარდა იმ პროგრამების, რომლებზეც შერჩევა ხორციელდება ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით, რეგისტრაციის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობას.

როგორ მოვხვდე პროფესიულ პროგრამაზე თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება მაქვს?

– ყველა პროგრამა, რომელზეც გამოცხადებულია მიღება, ასევე, ხელმისაწვდომია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის (შემდგომ – სსსმ აპლიკანტი). პროფესიულ პროგრამებზე სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ, vet.emis.ge პორტალზე რეგისტრაციის გზით. სხვა აპლიკანტების მსგავსად, სსსმ აპლიკანტს ეძლევა 3 პროგრამის მონიშვნის შესაძლებლობა, რაც ზრდის არჩეული პროგრამებიდან რომელიმეზე ჩარიცხვის შესაძლებლობას.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, vet.emis.ge პორტალზე ონლაინ რეგისტრაციის გავლისას, აპლიკანტმა უნდა მონიშნოს სარეგისტრაციო გრაფაში მოცემული ველი “სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი“. სსსმ პირის სტატუსით დარეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციის გავლიდან დაახლოებით 5 სამუშაო დღის ვადაში დაუკავშირდება მულტიდისციპლინური გუნდის წევრი და უზრუნველყოფს აპლიკანტის შეფასებას. სსსმ პირთა შერჩევა წარიმართება დაწესებულებების მიერ დადგენილი წესით, პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე. პრაქტიკული მოსინჯვა გულისხმობს პირის მიერ პროგრამისთვის ყველაზე დამახასიათებელი აქტივობის/აქტივობების პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში, რომელსაც თან ახლავს რეფლექსიის პროცესი და რომელიც ემსახურება აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევას, ისევე, როგორც პრაქტიკულ მოსინჯვაზე დამკვირვებლების მიერ კონკრეტულ პროფესიასთან/პროგრამასთან მიმართებით პირის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას.

(*)რეკომენდებულია, რომ სსსმ აპლიკანტმა პრაქტიკული მოსინჯვა გაიაროს რეგისტრაციისას მონიშნული ყველა პროგრამის ფარგლებში, რადგან, თუ აპლიკანტი ვერ ჩაირიცხება ერთ რომელიმე პროგრამაზე, ის შეძლებს ჩაირიცხოს იმ სხვა პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც გავლილი აქვს პრაქტიკული მოსინჯვა და რომელზეც სსსმ აპლიკანტებისთვის არის თავისუფალი ადგილი. პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვის შემდეგ, დაწესებულება ავსებს დარჩენილ ვაკანტურ ადგილებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ყველა აპლიკანტს, მათ შორის, სსმ პირებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ შერჩეულ პროგრამებზე, ეძლევათ განმეორებით შერჩევის შესაძლებლობა.

სად შეიძლება ვიხილოთ პროფესიულ პროგრამებზე ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები?

– ტესტების ნიმუშები ხელმისაწვდომი იქნება ბმულზე – vet.emis.ge (გამოქვეყნების შემდეგ)

გასული წლების ტესტების ნიმუშები

ქართული ენის გარდა, შესაძლებელია თუ არა პროფესიული ტესტირების/შერჩევის გავლა სხვა ენაზე?

– პროფესიული ტესტირების/შერჩევის გავლა შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. აღნიშნულ ენებზე პროფესიული ტესტირების/შერჩევის წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტი ისწავლის ქართული ენის მოდულს, შემდგომ კი სწავლას გააგრძელებს სასურველ პროფესიულ პროგრამაზე.

როგორ ხდება დაფინანსების მოპოვება?

– სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. სახელმწიფო დაფინანსება, ასევე, ვრცელდება კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ დაწესებულებებში მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად. სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე.

ასევე იხილეთ:

„ახალგაზრდები გრძელ გზას რომ გაივლიან და წარმატებას ვერ მიაღწევენ, მერე მოდიან ჩვენთან, პირიქით დაიწყონ ეს გზა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური