GE

„რედაქტირებაში რამდენი შეცდომა იქნება, ამას არ გეუბნებით“ – ინსტრუქციები აბიტურიენტებს რედაქტირების დავალებისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართულის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე ცალსახად ამბობს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის ტესტში, რედაქტირებისთვის შეტანილ ტექსტზე მუშაობისას, აბიტურიენტის მიერ წინადადების უკეთესი ვარიანტის შემოთავაზება არ არის ამ დავალების დანიშნულება და აბიტურიენტმა უნდა იპოვოს ის, რაც ტექსტში ცალსახად მცდარია, ან ქართულისთვის არ არის ბუნებრივი.

მარტის ბოლოს გამართულ ონლაინ ღია კარის დღეზე, 2023 წლის აბიტურიენტებმა რედაქტირების დავალების შესახებ იკითხეს, აქვთ თუ არა უფლება და ხომ არ ჩაეთვლებათ შეცდომაში, რომ მოცემული ტექსტის წინადადება ოდნავ შეცვალონ, ისე, რომ აზრი არ შეიცვალოს და იგივე წინადადება მცირედით განსხვავებულ ფორმატში წარმოადგინონ.

არსებული წინადადების შეცვლის რისკები

„უნდა გითხრათ, რომ იმ ტიპის რედაქტირებაში, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, არსებითი არის შეცდომების და ხარვეზების გასწორება. გირჩევთ, თუ მცდარი არ არის, თუ ქართულისთვის არაბუნებრივი არ არის ის წინადადება, ზედმეტ დროს ნუ დახარჯავთ სწორი ფორმების და სწორი წინადადებების უკეთესი ვარიანტების ძებნით. უკეთესი ვარიანტის შემოთავაზება არ არის ამ დავალების დანიშნულება. თქვენ უნდა იპოვოთ ის, რაც მცდარია ცალსახად, ან ქართულისთვის არ არის ბუნებრივი. გთხოვთ, ამაზე დროს ნუ დაკარგავთ.

„შეიძლება, თქვენ რომ თვლით, არაფერი იცვლება და მაინც ისევ ისეა რა აზრიც იყო წინადადებაში, შეიძლება, ასე ზუსტად ვერ გათვალოთ და ისეთი ნიუანსები შეიცვალოს, რომ ქულა დაგაკლდეთ. გაასწორეთ შეცდომები, სტილისტიკური ხარვეზები, ის, რომელიც აშკარა ხარვეზია. ჩვენ არ გთავაზობთ სადავო საკითხებს, ყოველ შემთხვევაში, ამ წლების განმავლობაში, ამის პრეტენზია არ ყოფილა. ზედმეტად ნუ შეცვლით ტექსტს, შეიძლება, სახიფათო იყოს“, – განაცხადა ნანა ლოლაძემ აბიტურიენტების საყურადღებოდ.

რატომ არ უნდა იცოდეს აბიტურიენტმა, რამდენი შეცდომაა ტექსტში

გამოცდების ცენტრის წარმომადგენელი დეტალურად განმარტავს, თუ რატომ არ ეცოდინებათ აბიტურიენტებს რედაქტირების ტექსტში არსებული შეცდომების რაოდენობა.

მისი თქმით, შეცდომების რაოდენობის წინასწარ გამოცხადებას თავისი უარყოფითი მხარე ჰქონდა, რასაც აბიტურიენტების ნაწერების შეფასებისას წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ:

„რამდენი შეცდომა იქნება ამას არ გეუბნებით. არ გეუბნებით არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, ეს თქვენ იცოდეთ. მერწმუნეთ, აბიტურიენტები ერთი შეცდომის გამო ორ ქულას კარგავდნენ. ეგონა, რომ ეს, სინამდვილეში სწორი ფორმა, შეცდომა იყო და იმას ჩათვლიდა თავის 14 თუ 15 თუ 12 შეცდომაში. ყურადღებით აღარ იყო, ეგონა, მე ყველა შეცდომა ვიპოვე და გაეპარებოდა სხვა შეცდომა. სწორ ფორმას ასწორებდა არასწორით. იმის გამო, რომ ერთი შეცდომა იპოვა, ან ვერ იპოვა, ამის გამო სხვა ახალ შეცდომას უშვებდა და რეალურად, ერთი შეცდომის გამო, ორი ქულა აკლდებოდა.

„ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და მივხვდით, რომ თქვენ შეგიძლიათ გაასწოროთ იმაზე მეტი შეცდომა, თქვენი აზრით, რაც რეალურად არის ტექსტში. ოღონდ თუ სწორი ფორმა იქნება სწორით შეცვლილი, ამაზე ქულა არ დაგაკლდებათ“.

საკუთარი სახელების წერის საკითხი და სადავო ნორმები

„კიდევ ერთი მინდა გითხრათ, საკუთარი სახელების შესახებ. ჩვენ გვქონდა ასეთი პრობლემა, მგონი, თემურ ლენგზე იყო, დეფისით უნდა დავწეროთ თუ ცალ-ცალკეო. ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ასეთ რაღაცებს ჩვენ არ გეკითხებით, რომ გინდა თუ არა ეს რომელიღაცა ისტორიული პიროვნება დეფისით იწერებოდა მისი სახელი, ცალ-ცალკე, თუ ერთად. ეს ნორმები ზოგი დადგენილია, ზოგი ახლა დგინდება. ამ სადავო საკითხებზე, რაზეც მეცნიერები დავობენ, უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვცდილობთ, თხზულებაშიც და რედაქტირებებშიც, ეს საკითხები თქვენი პრობლემა არ გახდეს და ჩაითვალოს ისიც, რომელიც მიღებული იყო და ისიც, რომელიც ახლა შემოდის.

„თანდათან ცხადდება ნორმების ცვლილებებზე, მაგრამ სანამ ახალი ნომრები არ შევა სასწავლო პროცესში, არ გაივლის წლებს, რომ ის მყარად იყოს, არ შევა სახელმძღვანელოებში, მანამდე ამ საკითხებზე ქულებს არ დაგაკლებთ“, – აღნიშნა ქართულის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

სასვენი ნიშნების გასწორება რედაქტირებაში

აბიტურიენტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ რედაქტირების ტექსტში სასვენი ნიშანი ჰქონდეთ გასასწორებელი, ნანა ლოლაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია გამოცდების ცენტრის კრიტერიუმებსა და მიდგომებშიც არის მოცემული და სასვენი ნიშნები ცალკე სწორდება.
„ესეც, სხვათა შორის, შეცდომების რაოდენობას რომ აღარ გითითებთ, მაშინ იყო, რომ ყველა შეცდომაზე ქულა აკლდებოდა. ახალ ცალკეა გრამატიკა, ცალკეა სტილი და ტექსტური უზუსტობა და ცალკეა პუნქტუაცია. იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა, პუნქტუაცია პრობლემაა, უფრო უჭირთ ახალგაზრდებს და ზოგი 15 შეცდომას უშვებს პუნქტუაციურს, ამ პატარა ტექსტში. თქვენ მხოლოდ ის 5 თუ 6 (იმის მიხედვით, რამდენი ქულაა პუნქტუაციისთვის იმ წელს გამოყოფილი) ქულა დაგაკლდებათ და გასწორებულ, კარგად შესრულებულ გრამატიკულ ნაწილზე ეს არ აისახება.

„ჩვენ შევეცადეთ, რომ სტილი იქნება გრამატიკა თუ პუნქტუაცია, ცალ-ცალკე შეგვეფასებინა და თუკი თქვენ გაქვთ ღირსება, რომელიმე სფეროში, ხართ უფრო მყარად და უკეთესი ცოდნა გაქვთ, ის არ დაგეკარგებათ. ასე რომ, პუნქტუაციური შეცდომები ნამდვილად ცალკე ბლოკია“, – დასძინა ნანა ლოლაძემ.

გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ გამოცდებზე აბიტურიენტებს არ აძლევენ ისეთ ტექსტს, სადაც ზედმეტი, მოსახსნელი მძიმეა და მხოლოდ ისეთი ტექსტები აქვთ, სადაც გამოტოვებული მძიმეებია.

„მხოლოდ გამოტოვებული მძიმეები იქნება. ზედმეტი მძიმეები უფრო რთულია და ამ ზედმეტ მძიმეებს თქვენ თხზულებებში უშვებთ და იქ შეგაფასებთ, დამატებით სირთულეს არ შეგიქმნით“.

ასევე იხილეთ:

„ქართულის თემაში ბევრი პარალელი სახიფათოა“, – როგორ დავწეროთ კარგი თემა მისაღებ გამოცდაზე

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური