განათლების ექსპერტები ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან 11 წლის თავზე სისტემის გადახედვის აუცილებლობას ხედავენ
ერთიანი ეროვნული გამოცდები მეთერთმეტეჯერ დასრულდა. აბიტურიენტებმა უკვე იციან, რომელ საგანში რა ქულა აიღეს. ახლა უკვე იმის გაგებას ელიან, რომელ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე მოხვდნენ, ან გრანტი თუ მიიღეს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი Aris.ge – განათლებასთან საუბარში ამბობდა, რომ ამ 11 წლის მანძილზე გამოცდების სამი პრინციპი გამჭვირვალობა, ვალიდურობა და სანდოობა შეინარჩუნეს.
რაც შეეხებათ განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს, მათგან ზოგი მიიჩნევს, რომ ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა თავისი თავი ამოწურა და ცვლილებების დრო დადგა. თუმცა კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ უმაღლესში ადამიანები სკოლის საატესტატო გამოცდების „კატის“ საფუძველზე მოხვდნენ. ზოგიც აღნიშნავს, რომ ეროვნული გამოცდები ქართული განათლების სისტემაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
Aris.ge – განათლებამ მათ ერთიანი ეროვნული გამოცდების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება, ასევე თავისი მოსაზრების დაფიქსირება სთხოვა, სკოლისა და უმაღლესში მისაღები გამოცდების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით.
განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და „თანამედროვე განათლების აკადემიის“ დირექტორმა ნინო კვიტაიშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნული გამოცდები და ასეთი წესით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა ძალიან პროგრესულ იდეად მიაჩნდა ყოველთვის და დღესაც ასე მიაჩნია, რადგან ახალგაზრდები თანაბარკონკურენტულ გარემოში აღწევენ თავის მიზნებს.
„ეროვნული გამოცდების მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენს სივრცეში სელექციის საუკეთესო შესაძლებლობა. ეს არ არის სასერტიფიკაციო, რომ რაღაცის ცოდნას ადასტურებდეს და ანიჭებდეს ატესტატს, ან რაღაცაში ხარისხს. შესაბამისად, რადგან სასელექციოა, სხვადასხვა ახალგაზრდას შორის უკეთესი შედეგის მქონეს გამოარჩევს. ამ სელექციის შედეგად ახალგაზრდები ისევ თავისივე არჩეულ ფაკულტეტებზე ხვდებიან. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქართულ რელობაში ეროვნულ გამოცდები სერიოზული მონაპოვარია. რაც შეეხება იმას, მომწონს თუ არა რომელიმე საგნის ტესტი, შინაარსის შეფასება სუბიექტურია. მასზე მუშაობენ ნამდვილად კომპეტენტური ადამიანები. მე ისტორიკოსი ვარ და ვფიქრობ, ისტორიის გამოცდები ნამდვილად იძლევა აბიტურიენტების სელექციის შესაძლებლობას.
თუ სკოლის გამოცდები ასევე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ერთის მხრივ, დადასტურდეს მოზარდის მიერ ზოგადი განათლების დასრულების პერიოდი და ამავდროულად ამ გამოცდებიდან იყოს შესაძლებელი სელექცია, ეს იქნება ძალიან კარგი. დღეს რაც საატესტატო გამოცდებიც გვაქვს, ის არ არის სელექცია, ის არის სასერტიფიკაციო, ანუ ანიჭებს მოზარდს ატესტატს, თუმცა, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, დრო დადგა, გადაიხედოს და გამოცდებზე ერთიანი სტრატეგია არსებობდეს. თუ გაერთიანებაზე იქნება საუბარი და ეს გადაწყვეტილება ბავშვზე იქნება ორიენტირებული, ნამდვილად ვემხრობი. თუ მათი გაერთიანება იქნება შესაძლებელი, მოზარდმა თან ატესტატი მიიღოს და თან მოხდეს მისი ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებელში, იქნება ძალიან კარგი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს სტანდარტიზებული ტესტი, რომელიც მექანიკურ მანიპულაციას მოითხოვს, როგორც „კატის“ გამოცდაა“, – ამბობს ნინო კვიტაიშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”სასკოლო კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი მუხრან გულიაშვილი კი ფიქრობს, რომ სკოლის შედეგებს უფრო მეტი დატვირთვა უნდა მიეცეს უმაღლესში ჩაბარების დროს. უნდა შენარჩუნდეს თუ არა გამოცდების ის მოდელი, რაც არსებობს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების სახით, მუხრან გულიაშვილი ამბობს, რომ არა. მას პოლონეთის მოდელი მოჰყავს მაგალითად და მსგავსი სისტემის საქართველოში შემოღებას მიესალმება.
”მოსწავლეები იქ სკოლაში აბარებენ გამოცდებს, ოღონდ მკაცრი გამოცდებია. ესეს დაწერაც უწევს მოსწავლეს. არ ჰგავს ჩვენი ”კატის” გამოცდებს. სკოლაში ჩაბარებული გამოცდების მიხედვით ხვდებიან მოსწავლეები უმაღლესში. კარგი იქნებოდა, აქაც ეგეთი სისტემა იყოს. ჩემი აზრით, ეროვნულმა გამოცდებმა თავისი თავი ამოწურა. თავის დროზე რა გამოწვევების წინაშეც იდგა, ის მისია შეასრულა, კორუფცია აღმოფხვრა. მაგრამ ახლა უკვე სხვა პრობლემები დგას. იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თავად სკოლებს მიეცეთ უფლება, ჩაატარონ გამოცდები და შემდეგ უკვე უნივერსიტეტს მიეცეს ავტონომია, მისაღები გამოცდებზე კრიტერიუმები თავად დააწესოს და შესაბამისად, ჩაატაროს კიდეც” – აღნიშნავს მუხრან გულიაშვილი.
ფილოლოგი და განათლების სპეციალისტი ნანა გოგშელიძე წლევანდელ გამოცდებს აფასებს და ამბობს, რომ ის წინა წლებისგან არაფრით გამორჩეული არ ყოფილა. მისი თქმით, განსხვავებული ისაა, რომ ძირითადი დაწოლა მეოთხე საგანზე მოდიოდა.
„წელს როგორც ჩანს, მეოთხე საგანზე მოდიოდა დაწოლა, რადგან პრაქტიკულად არ გართულებულა არც უნარები, არც უცხო ენა, არც ჩვეულებრივი ქართული, პირიქით, უფრო მარტივი იყო. ვერ გავიგე, შეფასება ვის როგორ არგუნეს. კრიტერიუმები ბუნდოვანი იყო. ძალიან სუსტმა გადააბიჯა 40 ქულას და შედარებით ძლიერმაც მიიღო 40-50 ქულა. ალბათ, მეოთხე გამოცდაზე იმიტომ იყო ყურადღება გამახვილებული, რომ ის დიდ როლს ითამაშებს გრანტის გაცემაზე. გამოცდების პროგრამა უფრო უნდა დაიხვეწოს, გახდეს მრავალფეროვანი, გართულდეს კიდეც. ამისი არ უნდა შეგვეშინდეს“, – ამბობს ფილოლოგი.
სკოლის და უმაღლეში მისაღები გამოცდების გაერთიანებაზე ნანა გოგშელიძე აცხადებს, რომ მხოლოდ სკოლის გამოცდების საფუძველზე უნივერსიტეტში ჩარიცხვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
„სისტემა უნდა შემოგვთავაზოს განათლების სამინისტრომ როგორ გააკეთებს ამას. თუ ის აპირებს „კატის“ სისტემით ჩააბარებინოს გამოცდები და ამით გახდნენ სტუდენტები, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. „კატის“ გამოცდები, ამ შემთხვევაში ქართულის გამოცდა მაქვს მხედველობაში, პირდაპირ ტექსტების ზუთხვაზე იყო გათვლილი. ეს არა თუ განვითარებას შეუწყობს ხელს, საბჭოთა გადმონაშთი მგონია. რაღაცის დაზეპირება სხვა არის და აზროვნება სხვა. ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენის და ლიტერატურის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისიც არის, რომ ბავშვებს სთხოვენ ესეების წერას. წერითი უნარების განვითარება როგორღა მოხდება, თუკი ბავშვები „კატის“ გამოცდებს ჩააბარებენ? წერითი უნარები ხომ დაჩლუნგდება საერთოდ? ეროვნულ გამოცდებზე საკითხები უნდა შეიცვალოს, გადახალისდეს, მომხრე ვარ პროგრამა გართულდეს, მაგრამ ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმას, რომ „კატით“ მოხდეს ბავშვის გასტუდენტება!
მე ეს მოსაზრებაც მოვისმინე, რომ სკოლაში მიღებული ქულები იმოქმედებდა რომელიმე პრესტიჟულ უმაღლესი სასწავლებლის მოხვედრაზე. როცა დღეს სკოლა მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, რომელ ქულაზეა საუბარი? ბოლო 2 წლის ტენდენციაა ასეთი, რომ განსაკუთრებით სუსტი კატეგორია მოდის სკოლიდან. სანამ სკოლა მყარად ვერ დადგება, გამორიცხულია „კატის“ სისტემით ბავშვის გასტუდენტება. რამდენჯერმე მოვისმინე, თუკი უცხოეთში ასე ხდება, ჩვენთან რატომ არ შეიძლება? იცით რა, ჩვენი სასკოლო სისტემა არ ჰგავს უცხოეთისას. პრობლემაა თავად მასწავლებლების ზერელე, ლოიალური დამოკიდებულება. მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასის პედაგოგებისგან გამიგონია, ყველა ბავშვი ემზადება და მე რატომღა მოვიკლა თავი? ეს დამოკიდებულებები სანამ არსებობს, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ „კატის“ გამოცდებით ადამიანის სტუდენტად გახდომა?!“, – კითხულობს ფილოლოგი.
განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ერთიანი ეროვნული გამოცდების უარყოფით მხარეებს გამოკვეთს და ამბობს, რომ განათლების მიღებისთვის ამ გამოცდებს სარგებელი ნაკლებად მოაქვს. მისი თქმით, პირიქით, ხელსაც კი უშლის, რადგან ძალიან ბევრ დროს ართმევს ადამიანს, რომელსაც შეეძლო, რომ ეს დრო დაეთმო ნამდვილი განათლების მიღებისთვის.
„ჯერ ერთი ბევრი გამოცდაა, მეორე – ადამიანს განაწყობს იმისთვის, რომ აფიქრებინებს, ამ გამოცდების გარეშე, თითქოს ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას. თავისთავად, სისტემა გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ გამოცდების შედეგების საფუძველზე არის შესაძლებელი უმაღლესში მოხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდა მოითხოვს ქართული ენის და ლიტერატურის საკითხების ცოდნას, რეალურად, არც ლიტერატურასთან ურთიერთობას ამოწმებს, არც რაიმე კავშირი აქვს რეალურ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან და აყალიბებს ყალბ ორიენტირს, თითქოს ეს ხელს უწყობდეს იმის შემოწმებას, რამდენად კარგად ერკვევიან ლიტერატურულ ნაწარმოებებში. ძალიან კონკრეტულად რომ დავასახელოთ, ამ გამოცდაში არავის მოეთხოვება არც ერთი სქელტანიანი ნაწარმოების არც წაკითხვა, არც გააზრება. არის მოკლე, ნახევარგვერდიანი, ან ერთგვერდიანი ტექსტები. თუ ადამიანი სკოლის ბოლო წლებში მხოლოდ გამოცდებისთვის მოემზადება, გამოდის, რომ მას არ ექნება არანაირი მოტივაცია, რომ მაგალითად, „დიდოსტატის მარჯვნა“ წაიკითხოს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდების დადებით გავლენას ქართული განათლების სისტემაზე, ჯანაშიას თქმით, ეს მაშინ ჰქონდა გამოცდებს, როცა ქვეყანაში იყო კორუფცია, რომელშიც ჩართული იყო როგორც განათლების სამინისტრო, ასევე უნივერსიტეტი და პროფესორების ნაწილი, მათ შორის კოლის მასწავლებლები და დირექტორები.
„ამ პირობებში ეროვნულ გამოცდებს ჰქონდა ძალიან დიდი ღირებულება. მაგრამ იმ კონტექსტში, როდესაც კორუფცია აღარ არის, ის დადებითი მხარე, 11 წლის შემდეგ მაინცდამაინც ღირებული აღარ არის. ამის გარდა ეროვნული გამოცდებით, ერთიანად ხდება ბევრი სტუდენტის სასწავლებლებში ჩარიცხვა. ტექნიკურად მოსწავლეს არ სჭირდება სხვადასხვა უნივერსიტეტებისთვის მიმართვა, რომ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. ამ თვალსაზრისით მომგებიანია, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის იმის ტოლფასი, რომ ეს გამოცდები იმ ფორმით არსებობდეს, რა ფორმითაც დღეს არის“.
ამ კონტექსტში საუბრისას, განათლების ექსპერტი საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს, თუ რა ფორმით უნდა არსებობდეს უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები:
„ჩემი აზრით, არცერთი სისტემა არ იქნება კარგი, სადაც უნივერსიტეტს არ ექნება საშუალება თავად შეარჩიოს თავისი სტუდენტები. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამის გარდა მნიშვნელოვანია, მრავალფეროვანი კრიტერიუმები შერჩევის დროს, სადაც არ იქნება მხოლოდ გამოცდა გადამწყვეტი. მე ვფიქრობ, არსებულ ეროვნულ გამოცდებზე უკეთესი არის სისტემა, რომელიც მოქმედებს მაგისტრატურის დონეზე: გამოცდა არის მიღების ერთ-ერთი კრიტერიუმი და უნივერსიტეტსაც შეუძლია, დაამატოს თავისი გამოცდა – ესეს, სამოტივაციო წერილის, ან ტესტის სახით. რახან ამ სისტემის მიმართ არსებობს ნდობა, შეგვიძლია, ეს გავითვალისწინოთ. მნიშვნელოვანია, ასევე სკოლის გამოცდილების გათვალისწინებაც“.
სიმონ ჯანაშიამ ეროვნული გამოცდების თერთმეტწლიანი არსებობაც შეაფასა და დაასაბუთა, თუ რატომ არის საჭირო ამ სისტემის შეცვლა.
„სამწუხაროდ, გამოცდები ამ 11 წლის მანძილზე უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა, ვიდრე სისტემაში რაიმეს გაუმჯობესება. უფრო მეტი გამოცდა გახდა სავალდებულო, უფრო ადრე იწყება გამოცდებისთვის მომზადება. ამ გამოცდების დასაწყისში მოსწავლეებს სჯეროდათ, რომ თუ სკოლაში ვერ ისწავლიდნენ, გამოცდებს ვერ ჩააბარებდნენ, ახლა სჯერათ, რომ თუ სკოლაში არ ისწავლიან, ისედაც ჩააბარებენ ეროვნულებს. რაც რეალურად პრობლემაა. ასე რომ ამ გამოცდების მიმართ დაიკლო ნდობამ. გამოცდების შედეგები ობიექტურად არ ასახავს აბიტურიენტების ცოდნას. თავად აბიტურიენტებიც ხედავენ, რომ ტექნიკურად შეიძლება მოემზადონ და ისე ჩააბარონ. ეს სისტემა, სხვადასხვა გამოკვლევები აჩვენებს, რომ მიკერძოებულია სოციალურად შეძლებულების მიმართ. ვისაც არ ჰყავს ძვირადღირებული რეპეტიტორი, არ შეუძლია ბევრ საგანში მომზადება. ეს გამართული სისტემა ყოველწლიურად უფრო და უფრო სასარგებლო ხდება რეპეტიტორებისთვის, ელიტისთვის“, – ამბობს ჯანაშია.
„საატესტატო და ეროვნული გამოცდების ოპტიმიზაცია 2017 წლისთვის უკვე გაკეთებადი იქნება“
„თუ პრინციპები არ შეიცვალა, საგამოცდო მოდელის ცვლილებებზე ლაპარაკიც ზედემტია“, – მაია მიმინოშვილი
“რაში გვჭირდება 12 ცენტრალიზებული გამოცდა?!- საზოგადოება ამ კითხვას მალე დასვამს”
ცისანა არის© შერგილაშვილი
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება