რეპეტიტორი: „ზოგადი უნარების გამოცდის აღდგენა უნდა მოითხოვოს ყველამ, სხვა მხრივ წყლის ნაყვაა ყველაფერი“
ავტორი ნანა გოგშელიძე, ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, რეპეტიტორი ქართულსა და ისტორიაში
“მოკლედ, თითქმის დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები და, რაც ამ წელმა, შესაბამისად, გამოცდებმა აჩვენა, არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა – ჩვენი განათლების სისტემის სრული ფიასკო:
1. სულ წუწუნებენ აბიტურიენტები – ვახ, ეს რა გვიქნეს, რა ტესტები მოგვიტანეს, შარშანდელთან შედარებით დავიჩაგრეთო (ყოველ წელს იჩაგრებიან და ცდილობენ პეტიციების შედგენას), არადა მთელი წელი, ფაქტობრივად, არაფერს რომ აკეთებენ, (იშვიათი გამონაკლისის გარდა), ეს არაფერი!
2. რით ვიწყებთ მომზადებას – რა გვაქვს, რაზეც უნდა “ავაშენოთ”, რა მიგვაქვს სკოლებიდან – თითქმის არაფერი, ეს ეხება როგორც საჯარო, ისე ფასიან სკოლებს, თითქმის ყველას; დიდი მიღწევაა, თუ აბიტურიენტი გამართულად, არა დამარცვლით კითხულობს, თუ ნაწერს თითს არ აყოლებს, ავშენებულვართ!
3. მინიმუმ 2-3 წელი რომ სჭირდება მომზადება თითქმის ყველას, ამის დაჯერება უჭირს ბევრ მშობელს; 1 წელი ეყოფა, ყველა ბოლო წელს ემზადებაო, არადა სულ სხვას გვეუბნება სტატისტიკა – ნასწავლს რომ დამახსოვრება და პრაქტიკული მუშაობისას ადეკვატური გამოყენება სჭირდება, ამას კი, თავის მხრივ, ცხადია, დრო – ეს ძნელი ასახსნელია!
4. მოდიან ბავშვები მინიმალური შეგნებით, რომ არ უნდა გადაიწერონ – ეს მავნე ჩვევა, რომელსაც ქურდობას ვეძახი, ძნელი აღმოსაფხვრელია, იტყუება თითქმის ყველა – სხვათა შორის, ძალიან გამაოგნა რამდენიმე აბიტურიენტმა, რომელთაც ვენდობოდი და… ისინიც არა თავიანთ, არამედ სხვის დაწერილ ესეებს აგზავნიდნენ…
5. უმთავრესი პრობლემა – ესაა ანალიზის უნარი, წაკითხულის ადეკვატური აღქმა, ისტორიის გამოცდის წყაროს ანალიზისას, რომელიც 1819-20 წლების იმერეთის აჯანყებას ეხებოდა, აპლიკანტს ეკითხებოდნენ, დასჯის მიზნით, ვის, რომელ სოციალურ ფენას ჩამოართმევდნენ რუსები მიწებსო, და ვაიიი, გლეხებსო. გამოდის, არ ესმის საგანი, პრობლემის არსი, მტრის მიზანი, უმარტივესად – სად ჰქონდა გლეხს მამული? ან რა გათავისუფლებაზე იყო საუბარი 1864 წელს? არ იცის აბიტურიენტმა არც ვახტანგ VI-ის კანონები, არც ბატონყმობის არასწორი რეფორმის შედეგად ჩამოყალიბებული პროლეტარიატის… მაშ, რას სწავლობს წლის განმავლობაში? – იზუთხავს და არ ესმის! – აი, ჩემი პასუხი!
6. ჰაგიოგრაფიული ტექსტები, მომზადებისას, მიმაჩნია, რომ ძველ ქართულად უნდა აკითხოს რეპეტიტორმა, აქა-იქ ერთ-ორ სიტყვასაც უნდა სთხოვდეს, თორემ წელს ნახეთ – სულ იმას ჩივიან – ეს რა იყოოო. ამასთან, ელემენტარული სიტყვების მნიშვნელობის გააზრება უჭირთ, თუნდაც კონტექსტის გათვალისწინებით! არადა თითქმის ყველას უნდა თავისუფალში სწავლა, ვსვამ კითხვას – იქაურ საგნებს როგორ უნდა გაუმკლავდეს?!
7. ლოგიკის ანაბანა გვიჭირს და ასეთი აბიტურიენტისგან საგნის ცოდნას ვითხოვთ, შედეგად ვიღებთ ძალიან ზედაპირულ, ფაქტობრივად, გაუაზრებელ “ცოდნას”, რომლის მიზანიც მაღალი ქულის მიღებაა…
8. ისევ ისე აღვნიშნავ გულისტკივილით – საკმაოდ სუსტი კონტინგენტია ე.წ. ოქროსმედალოსანთა კასტა, საბჭოური უნდა აღმოიფხვრასო და გეკითხებით – ოქროსმედალოსნობა არ არის საბჭოური გადმონაშთი? ჩემს არცთუ ხანმოკლე პრაქტიკაში, სამწუხაროდ, ოქროსმედალოსანთა 99% სუსტი აბიტურიენტია, სამწუხაროდ, მედლების ჩუქება, როგორც სანიმუშო ყოფაქცევის ბავშვის დაჯილდოება, ერთგვარი ინდულგენციაა ფასიანი სკოლებისა, იხდის მშობელი და ჰა, ბატონო, აგერ მედალოსანი შვილი გყავს, ვიმეორებ – თითქმის ყოველთვის ეს მედალოსნები არიან სუსტები!
9. ყოველი წლის გამოცდების მიმდინარეობისას ისევ მეკითხებიან შეწუხებული მშობლები – ეს ესე მოვიდა და ქალბატონო ნანა, იცისო? გეკითხებით – როცა წლის განმავლობაში უთვალავ ესეს აწერინებ, სტრუქტურას ასწავლი, უჩვენებ ბავშვს, რა მნიშვნელობა აქვს, რა მოვა?! მაგრამ სათავე ისევ არაადეკვატური გააზრებაა და საპროგრამო მასალის არასათანადო ცოდნა. ხო, ისიც გავიგე, ბევრი რეპეტიტორი საპროგრამო მასალის მცირე ნაწილს გადიოდა თურმე წლის განმავლოაბში, ტექსტი ხომ მაინც წინ გიდევთო.
პასუხისმგებლობა, შრომის სიყვარული, ვალდებულებების შეგრძნება – აი, ეს უნარი უნდა ჩამაოყალიბოს სკოლამ, ოჯახმა და, როცა სკოლა ამას ვერ ართმევს თავს, იქ კერძო მომზადება 3 წლითაც კი ცოტაა!
პ.ს. საგამოცდო ტესტები როგორც ისტორიაში, ისე ქართულში წელსაც მესუსტება, მაგრამ რომ გართულდეს, სხვაგვარად მომზადებული აბიტურიენტია საჭირო, თუ გვინდა, ახალაგზრდებს ღირსეულად მოვექცეთ, უნარების [ზოგადი უნარები] გამოცდის აღდგენა უნდა მოითხოვოს ყველამ, სხვა მხრივ, წყლის ნაყვაა ყველაფერი და სულ ასე ერთ წრეზე ვივლით!
წელს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო და ამაში დამეთნხმება ნებისმიერი პატიოსანი რეპეტიტორი. მშობლებო, თამამად გეტყვით – ფასიანი სკოლებიც დიდი დარდუბალაა.
წარმატებები ჩვენს ახალგაზრდებს, მართლა გულით მინდა მათი და ჩემი ქვეყნის სიკეთე, თუმცა განათლების ეს პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ატარებს, “ტაძრამდე ვერ მოგვიყვანს”.
ასევე იხილეთ:
„სად იყო აბიტურიენტების ისტორიის ტესტებში „ხაფანგები“ – დავალებების ანალიზი პროფესიული თვალით
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„ტესტი კი არ არის რთული, სკოლაში მათემატიკა არ ისწავლება, სასწრაფოდ მოგაშორონ ეს მავნებლური სახელმძღვანელოები“ – მათემატიკოსი
by ARIS.GE-განათლება
-
რომელ კომპონენტებს შეიძლება მოიცავდეს 120 და 60 კრედიტიანი მაგისტრატურის პროგრამები – ცვლილებები ბრძანებაში
by ARIS.GE-განათლება
-
რა უპასუხეს და რა საკითხები წერეს ისტორიის გამოცდის ორივე სესიაზე აბიტურიენტებმა – პირველი დღის შეფასებები
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე