რის მიხედვით უნდა დაალაგოს აბიტურიენტმა პროგრამები პრიორიტეტულ ჩამონათვალში – გამოცდები 2022
2022 წლის აბიტურიენტებისა და სტუდენტთა საგრანტო მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღება 10 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდა. ცნობილია, რომ პრიორიტეტულ ჩამონათვალში საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილებას აბიტურიენტები სააპელაციო განაცხადების შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის ჩათვლით შეძლებენ, თუმცა ჯერ უცნობია როდისთვის გამოქვეყნდება აპელაციის შედეგები და შესაბამისად რომელ რიცხვამდე ექნებათ მათ ცვლილების განხორციელების უფლება. აღსანიშნავია ისიც, რომ განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი (ე.წ. უფასო ფაკულტეტები), იქამდე გამოქვეყნდება, ვიდრე პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა იარსებებს.
როგორც EDU.ARIS.GE-ს 11 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ცენტრში განუცხადეს, მალე ცნობილი გახდება ისიც, რამდენმა აპლიკანტმა გაასაჩივრა საკუთარი პირველადი შედეგი.
აბიტურიენტების უმრავლესობას პრიორიტეტული ჩამონათვალის პირველ სამეულში (ან/და ხუთეულში) სასურველი უნივერსიტეტები და ფაკულტეტები შეჰყავთ, შემდგომ კი ნაკლებად სასურველი. ამასთან, ცნობილია, რომ ელექტრონულ განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის, თუმცა კითხვა -რის მიხედვით უნდა დაალაგონ პრიორიტეტული ჩამონათვალი და თუ აბიტურიენტთა ქულები დაემთხვა ერთმანეთს, ვის მიენიჭება უპირატესობა, მაინც აქტუალურია.
შეფასებისა და გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს: პირველ და მეორე ადგილას ყოველთვის დაწერეთ ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც ყველაზე მეტად გსურთ ჩარიცხვა და სწავლის გაგრძელება, შემდეგ კი შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიუთითოთ პროგრამები ცნობარში მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით.
როცა აბიტურიენტი ხარ და პრიორიტეტული პროგრამების და უმაღლესების ჩამონათვალს ადგენ
როგორ განისაზღვრება მითითებული პროგრამებიდან რომელზე უნდა ჩაირიცხოს აბიტურიენტი და თუ აბიტურიენტთა ქულები დაემთხვა ერთმანეთს, ვის მიენიჭება უპირატესობა:
ეროვნული გამოცდების შესახებ დებულების თანახმად, თუ აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული ჩამონათვალის პირველ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი აღარ განიხილება.
კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონკურსო ქულას, რომელიც გამოითვლება ყველა საგანმანათლებლო პროგრამისათვის ცალ-ცალკე (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისათვის დადგენილი კოეფიციენტების შესაბამისად) და არა იმას, თუ რა ადგილი მიანიჭა აბიტურიენტმა თავის რეიტინგულ ჩამონათვალში ამ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამას.
თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთი და იმავე აკადემიურ პროგრამაზე მოსახვედრად საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელ საგნებში, მათ შორის პრიორიტეტულ საგანში, მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისათვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.
მინიმუმ რამდენი ქულა უნდა ავიღო, რომ გრანტი მოვიპოვო? – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შედეგებს აჩვენებენ თქვენი კონკურენტები. 50-60%-იანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში უკვე შეგვიძლია მინიმალურ დაფინანსებაზე ვიმსჯელოთ.
თუ პროგრამა პირველ ადგილას მაქვს მითითებული, მაგრამ უკეთესი ქულები აქვს იმ აბიტურიენტს, რომელსაც ეს პროგრამა მეორე ან მესამე ადგილას უწერია, ვის მიენიჭება უპირატესობა ჩარიცხვის დროს? – იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს აქვს თქვენზე მაღალი ქულები, მაგრამ არ ეყო პირველ და მეორე ადგილზე ჩასარიცხად, სისტემა პირველ რიგში განიხილავს მაღალქულიანი აბიტურიენტის ჩარიცხვის საკითხს მესამე არჩევანზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული პროგრამა თქვენ რეიტინგულ სიაში პირველ ადგილას გქონდათ მითითებული. გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილეს ქულა ეყოფა პირველ არჩევანზე ჩასარიცხად, მომდევნო არჩევანზე მისი ჩარიცხვა აღარ განიხილება.
როგორ ხდება აბიტურიენტების გადანაწილება პროგრამებზე:
კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში (ცენტრი საგნობრივი კომისიების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტთა განაწილების მიზნით ქმნის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს) აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
აკადემიურ პროგრამაზე რანჟირებული სიიდან სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამისათვის.
თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისათვის დაწესებული ორი ან რამდენიმე დამატებითი საგნის გამოცდა, შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ დამატებითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ ქულით აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა დამატებითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ დამატებითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა, ხოლო შემდგომ იმ საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების ნაკლები რაოდენობა. იდენტური ადგილების რაოდენობის შემთხვევაში, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება დამატებითი საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა დადგენილი საგნების ჩამონათვალის შესაბამისად (ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; გეოგრაფია; ლიტერატურა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სამოქალაქო განათლება.)
თუ აბიტურიენტი დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიზნებისათვის აბარებს ფიზიკის, მათემატიკის და ქიმიის საგნებიდან ორს ან მეტს, ასევე თუ საგანმანათლებლო პროგრამისათვის რელევანტურ საგნად განსაზღვრულია როგორც მათემატიკა, ისე ისტორია და აბიტურიენტი აბარებს ორივეს, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი გადაწყდება ზემოთ მოცემული წესის შესაბამისად.
იხილეთ დეტალურ ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა განახორციელოთ ცვლილება სარეგისტრაციო გვერდზე საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში:
- აყენებთ კურსორს იმ პროგრამაზე, რომლის წაშლაც გსურთ და ირჩევთ ღილაკს – წაშლა. შემდეგ კურსორს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, წერთ პროგრამის კოდს და იყენებთ ღილაკს – დამატება, ბოლოს – შენახვა.
- თუ პირველ საფეხურზე გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, მაშინ კურსორს აყენებთ პირველ საფეხურზე, იყენებთ ღილაკს – დამატება და წერთ სასურველ პროგრამას, შემდეგ კვლავ დგებით პირველ პოზიციაზე, ირჩევთ ღილაკს – წაშლა და ავტომატურად მეორე საფეხურზე მდგომი პროგრამა ინაცვლებს პირველ საფეხურზე.
- არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ გამოიყენოთ ღილაკი – შენახვა.
გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლით.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება