როცა „დიდოსტატის მარჯვენის“ შესწავლას მისაღები გამოცდებისთვის იწყებ – სპეციალისტი აბიტურიენტებს ესაუბრება
„მთავარია რას ფიქრობთ თქვენ და არა ვიღაც კრიტიკოსი, მაღალი ქულა ისე არ მოდის, ის უნდა მოიპოვო შენი ცოდნით, რაც შრომას მოითხოვს“, – ასე მიმართავს აბიტურიენტებს ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის გამსწორებელი მანანა ციცქიშვილი, რომელიც EDU.ARIS.GE-სთან მისაღები გამოცდებისთვის „დიდოსტატის მარჯვენის“ შესწავლასა და ამ პროცესში აბიტურიენტის მიერ გასათვალისწინებელ ნაბიჯებზე გვესაუბრება.
– ქალბატონო მანანა, აბიტურიენტები, რომლებიც კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანის – „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ საგამოცდოდ სწავლას შეუდგნენ, გვწერენ, რომ “ნაწარმოების დაუსრულებელი კითხვისა თუ ტექსტის განხილვის გაცნობის მიუხედავად, უჭირთ მისი სწავლა”. რასთან გვაქვს საქმე, რა იწვევს ამ ნაწარმოების შესწავლის სირთულეს, მით უფრო იმ ფონზე, რომ „დიდოსტატის მარჯვენა“ სავალდებულო პროგრამის ნაწილია და მას მოსწავლეები სკოლაშიც სწავლობენ…
– ალბათ ის არის პრობლემა, რომ ბავშვებს არ უყვართ კითხვა. ეს ნაწარმოები ძალიან საინტერესოა, თუმცა მწერალს აქვს ოდნავ მძიმე სტილი.
ზოგს უადვილდება კითხვა, უმეტესობა არ კითხულობს და მე ვცდილობ, ჩემი მოსწავლეები დავაინტერესო, ჯერ ვუყვები და მერე ერთად ვუღრმავდებით დეტალებს.
ფილმის ნახვასაც ვურჩევ ხოლმე და შემდეგ წიგნის წაკითხვა უფრო უადვილდებათ, იღვიძებს ინტერესი. კონსტანტინე გამსახურდია უდავოდ დიდი მწერალია, „დიდოსტატის მარჯვენა” შედევრია!
– როგორ უნდა ვისწავლოთ ეს ნაწარმოები, როდესაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებთ, რით და როგორ ვიწყებთ სწავლას, ან რა არის სწორი და რა შეცდომა ამ დროს?
– პირველ რიგში, ბავშვებს ვაცნობ ნაწარმოების მთავარ სათქმელს, ისტორიულ რეალობას, ხელოვნების როლს და ზოგადად ვესაუბრები ფასეულობაზე, ქართველი კაცის ბუნებაზე, მარცხსა და გამარჯვებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ასე შემდეგ.
ხანდახან სცენებს ვდგამთ ტექსტიდან და ეს ძალიან მოსწონთ, ზოგი გიორგი მეფეა, ზოგი შორენა, ზოგი თავად ირჩევს პერსონაჟს და მერე უყვარდებათ კიდეც. ამ დროს ისე კითხულობენ, რომ ვეღარც ატყობენ, ფინალს რომ უახლოვდებიან.
ბავშვი ცოტა თუ არ გაართე, არ აგყვება.
– როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია დადგეს ეტაპი, როცა მისაღებ გამოცდებზე ამხელა ნაწარმოების ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება და მხოლოდ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევებზე იქნება ტესტი ორიენტირებული? ან იქნებ ფიქრობთ, რომ აბიტურიენტის ცოდნასა თუ უნარებს უცხო ტექსტის გაგება და განხილვა მეტად წარმოაჩენს, ვიდრე ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძისა თუ სხვა ჩვენი საამაყო ავტორების ნაწარმოებებზე მსჯელობა?
– არა! არა და არა! წიგნის კითხვა არის მთავარი. ისედაც ბევრი რამ ამოიღეს პროგრამიდან და თუ ასე გააგრძელებენ, თაობა იქნება უწიგნური და გაუნათლებელი, რაც მიუღებელია. კლასიკოსებს უნდა იცნობდეს აბიტურიენტი, სხვანაირად ვერ შეაფასებს და ვერ დააფასებს ილიას, ვაჟას, გალაკტიონს, შოთას და საერთოდ ვერავის!
– რა დონეზე უნდა იცოდეს აბიტურიენტმა დიდოსტატის მარჯვენა, ან რა მიმართულებებზეა აუცილებელი ყურადღების გამახვილება, რომ ჩათვალოს – საკითხი ამომწურავად იცის?
– უნდა იცოდეს შინაარსი, გაიაზროს მთავარი სათქმელი, ამოიწეროს პერსონაჟები, შეეძლოს მათი დახასიათება; ყურადღება გაამახვილოს დიალოგებზე, ხატოვან გამონათქვამზე, მწერლის ენაზე. შეისწავლოს ის პერიოდი, როცა მოქმედება ხდება. ისტორია და ლიტერატურა განუყოფელია, ამიტომ ეპოქას უნდა იცნობდეს.
– რა იქნება თქვენი კონკრეტული რჩევები როგორც მაღალი ქულის მომლოდინე აბიტურიენტების, ისე იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებისთვისაც „დიდოსტატის მარჯვენა“ რთულ საკითხად იქცა?
– მაღალი ქულა ისე არ მოდის, ის უნდა მოიპოვო შენი ცოდნით, რაც შრომას მოითხოვს. სიზარმაცე არ არის კარგი, მაგრამ რას იზამ, თუ არ გინდა სწავლა, ვინ გაძალებს, მაგრამ თუ სტუდენტობა გწადია, მაშინ იშრომე, იმეცადინე ბევრი, მოინდომე. შეგიძლია ნელა იკითხო ვრცელი ტექსტი, მაგრამ ყურადღებით.
აუცილებლად უნდა ამოიწერო პერსონაჟების სახელები, ნიშან-თვისებები, უნდა წერო მათი დახასიათება, თუნდაც მოკლედ. ხშირად უნდა მიუბრუნდე იმ ადგილებს, რომლებიც ბუნდოვანია ან კარგად არ გახსოვს.
პერსონაჟი კარგად უნდა შეისწავლო, ხშირად ის გამოუცნობია, ბევრი აქვს უარყოფითი, მაგრამ ბევრი დადებითი თვისებითაა შემკული.
სანამ გიორგი მეფეზე იტყვი ცუდს, ჯერ მისი სიკვდილის სცენა წაიკითხე, დაფიქრდი და მერე დაწერე მეფის დახასიათება.
შეუძლებელი არაფერია, მხოლოდ მონდომებაა საჭირო. იყავით მიზანდასახულნი, იკითხეთ და იშრომეთ, რატომ ვერ უნდა მოახერხოთ რამდენიმე წიგნის წაკითხვა, ნუთუ ეს ასე ძნელია?!
ბოლო კლასში კი არა, მანამდე უნდა დაიწყოთ საპროგრამო ნაწარმოებების კითხვა, მერე გადაიკითხოთ და ასე უფრო დაგამახსოვრდებათ.
როცა ნაკითხი ხარ, არ გიჭირს უცხო ტექსტის გააზრება, ამიტომ უნდა იყოთ სწავლას და კითხვას მოწყურებული ბავშვები. დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ გრამატიკას, მის გარეშე გარჯა წყალში ჩაგეყრებათ, უნდა გქონდეთ სტილის შეგრძნება, აზროვნებდეთ დამოუკიდებლად, მთავარია, რას ფიქრობთ თქვენ და არა ვიღაც კრიტიკოსი.
ასევე იხილეთ:
-
როგორ დავიმსახუროთ მაღალი ქულა – ძლიერი აკადემიური ფრაზები ესეს წერის გასაუმჯობესებლად
by რჩევები
-
როგორ დავწეროთ ესე – მთავარი ელემენტები და რამდენიმე ძირითადი პრინციპი
by აბიტურიენტებისათვის
-
მართლწერის წესები და სავარჯიშოები – რიცხვითი სახელების მართლწერა აკადემიური წერისას (I)
by აბიტურიენტებისათვის