GE

როცა მოსწავლე ან მშობელი ქულით უკმაყოფილოა – სკოლის დირექტორის მოადგილე პროცედურებზე და რჩევა მშობლებს

2022-2023 სასწავლო წელი პრაქტიკულად მიიწურა. საგაკვეთილო პროცესი, მე-12 და პირველი კლასის მოსწავლეების შემდეგ, უკვე ყველა სხვა კლასის მოსწავლეებისთვისაც 18 ივნისს დასრულდება.

როგორც წესი, სასწავლო წლის ბოლოს, მრავლად მოიძებნებიან წლიური შეფასებით თუ ქულით უკმაყოფილო მოსწავლეები და მშობლები. ისინი ხშირად სტუმრობენ სკოლის სამასწავლებლოს და მიზანიც დასახული აქვთ: „ქულა მოგვიმატონ!“. ზოგჯერ, მშობელთა ვნებათაღელვა უფრო მაღალია, ვიდრე თავად მოსწავლეების და „ქულისთვის ბრძოლაც“ პირდაპირ მნიშვნელობას იძენს.

EDU.ARIS.GE-ს მშობლებისა და მათი შვილების ინფორმირების მიზნით, თბილისის #117 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ქალბატონი მარიამ კულუხოვი ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი გეტყვით, რა პროცედურების გავლა უწევს მშობელსა და მოსწავლეს იმისთვის, რომ ქულის მომატება შეძლოს და აქვს თუ არა საერთოდ აზრი შეფასების მომატებას, როცა ქულები, არც ატესტატში აისახება და მით უმეტეს, არც პრიორიტეტულია შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების თუ დასაქმებისთვის.

– ქალბატონო მარიამ, გაგვიზიარეთ თქვენი სკოლის პრაქტიკა და გვითხარით, რამდენად ხშირია შეფასებით უკმაყოფილო მშობლის ან მოსწავლის მომართვიანობა?

– მსგავსი შემთხვევები, როგორც წესი, სკოლებში არის და ყოველთვის იყო. ჩვენი სკოლის მაგალითით გეტყვით, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება მომართვიანობა, როგორც მშობლის, ისე მოსწავლის მხრიდან. ქულის გაუმჯობესება, რასაკვირველია, მათთვის სასურველია.

– პროცედურულად რომ აუხსნათ ჩვენს მკითხველ მშობლებსა და მოსწავლეებს, რა ეტაპები უნდა გაიარონ თუ საბოლოო შეფასების მომატება სურთ?

– გეტყვით, როგორ არის ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილი.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს (გარდა XII კლასის მოსწავლისა), რომელსაც კონკრეტული კლასის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) აქვს 5.0 ან მეტი და მიღებული აქვს ჩათვლა 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას, სურვილი აქვს აიმაღლოს წლიური შეფასება:

  • მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სასწავლო წლის დამთავრებიდან ორი კვირის განმავლობაში მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის/ნიშნების ამაღლების სურვილს;
  • სკოლის ადმინისტრაცია სასწავლო წლის დასაწყისში კონკრეტული საგნების მიხედვით განსაზღვრავს შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შესრულების და შეფასების ვადებს;
  • თითოეული საგნის მასწავლებელი მოსწავლის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე იწყებს მოსწავლისთვის შემაჯამებელი კომპლექსური დავალების მომზადებას;
  • სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და კონსულტაცია გაუწიოს მიცემული დავალების მომზადების პროცესში;

– მშობლების ნაწილი ამბობს – „რა აზრი აქვს ქულის მომატებას თუ ვერ გამოვიყენებთ“, რადგან სკოლის შეფასებები არც ატესტატში აღირიცხება და არც უნივერსიტეტში ჩაბარებისთვისაა პრიორიტეტული. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მყარი არგუმენტია ეს მოსაზრება იმისთვის, რომ მოსწავლემ თუნდაც არასასურველი შეფასება არ გააპროტესტოს?

– ჩემი პირადი აზრით, მოსწავლეები მოტივაციის ამაღლების მიზნით აბარებენ გამოცდას და იბრძვიან მაღალი შეფასებისთვის, რადგან მათთვის არსებობს წამახალისებელი ჯილდოები. შეიძლება, ქულების ასახვა არ ხდება ატესტატში და არც უნივერსიტეტში ჩაბარების წინაპირობაა, ის შეფასებები, რომლებსაც სკოლაში სწავლის პერიოდში იღებენ, მაგრამ მათთვის არსებობს წახალისებები, რაც ერთგვარი მამოტივირებელი ფაქტორია, რომ მაღალი შეფასება ჰქონდეთ. მაგალითად, საბაზო საფეხურზე არსებობს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ხოლო საშუალო საფეხურზე, თუ მოსწავლეებს უმაღლესი შეფასებები აქვთ, იღებენ ოქროს ან ვერცხლის მედალს. ეს ყველაფერი სტიმულია მათთვის და პირდაპირი ჯილდოც გაწეული შრომისთვის, რადგან სკოლის წარჩინებით დასრულება შეძლეს.

– ქალბატონო მარიამ, შეგიძლიათ მიმართოთ ომ მშობლებსა და მოსწავლეებს, რომლებსაც შეფასების გაუმჯობესება სურთ?

– როგორც წესი, შეფასების ამაღლება უფრო ხშირად სურს მშობელს, ვიდრე მოსწავლეს. ამიტომ, მინდა ვურჩიო მშობლებს მისცენ შვილებს არჩევანის გაკეთების უფლება და მოუსმინონ, რა სურთ. ასევე ვეტყვი, შეფასებისთვის ბრძოლა ნამდვილად დასაშვები და აუცილებელიცაა თუ მოსწავლე ფიქრობს, რომ დააკლეს შეფასება და არ დაუფასეს გაწეული შრომა, წვალება თუ სწავლის გაუმჯობესებისთვის გათენებული ღამეები.

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა გაეცნოთ შვილის საბოლოო შეფასებებსა და გაცდენებს ელექტრონულ ჟურნალში და რატომ არის მნიშვნელოვანი წითელი ჩარჩო

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური