GE

როგორ უნდა გაეცნოთ შვილის საბოლოო შეფასებებსა და გაცდენებს ელექტრონულ ჟურნალში და რატომ არის მნიშვნელოვანი წითელი ჩარჩო

2022-2023 სასწავლო წელი სკოლის მოსწავლეთა ნაწილისთვის უკვე დასრულდა. მე-12 კლასელების ბოლო ზარის შემდეგ, სასკოლო არდადეგები 25 მაისს დაიწყო პირველკლასელი მოსწავლეებისთვის. სხვა კლასების მოსწავლეები კი, სასწავლო წელს 18 ივნისს დაასრულებენ. მოსწავლეების წლის შედეგებიც სწორედ წლის ბოლოს აისახება ნიშნებისა თუ განმავითარებელი შეფასებების სახით და მშობლების ინტერესს წარმოადგენს.

განათლების მართვისსაინფორმაციო სისტემას 25 მაისს ვკითხეთ, როგორ შეუძლია მშობელს შვილის შეფასებების გაგება ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით და კიდევ რა დახმარებას გაუწევს მას სისტემა. EDU.ARIS.GE -ს EMIS-ის საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსს, ნინო ეფხოშვილს ესაუბრა. მართვის სისტემის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მშობლებს, საბოლოო შეფასებების ნახვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრირებულნი არიან, როგორც „მშობელი“.

„რადგან ელექტრონული ჟურნალი დახურული და დადასტურებულია მეთორმეტეკლასელი მოსწავლეებისთვის, მათ მშობლებს უკვე შეუძლიათ, ნახონ შვილის საბოლოო შეფასებები. რაც შეეხებათ პირველკლასელთა მშობლებს, მოგეხსენებათ, სასწავლო პროცესი პირველკლასელებისთვის 25 მაისს დასრულდა, თუმცა ჯერ მათი ჟურნალი არ არის დახურული და დადასტურებული, 30 მაისის ჩათვლით, ჟურნალი არის გახსნილი და პედაგოგებს შეუძლიათ, რომ ცვლილებებიც შეიტანონ. იმისთვის, რომ მშობლები გაეცნონ შვილის მონაცემებსა და შეფასებებს  აუცილებელია, ისინი ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრირებულნი იყვნენ „მშობლის“ სტატუსით. როცა შევლენ სისტემაში, ნავიგაციის ველში აუცილებლად გამოჩნდება ის ინფორმაცია, რომელთან წვდომის შესაძლებლობასაც მათ ჟურნალი აძლევთ“, – განგვიცხადა ნინო ეფხოშვილმა.

კითხვაზე, კიდევ რა მონაცემების ნახვის შესაძლებლობ აქვთ მშობლებს, EMIS-ის წარმომადგენელმა ვითხრა, რომ ასეთი მონაცემები საკმაოდ ბევრია:

„ელექტრონულ ჟურნალში, ყველა მშობელს შეუძლია, ნახოს შვილის გაცდენების პროცენტული მაჩვენებლები, შეფასებები  –  როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასებები, პედაგოგთა კომენტარები, გამოგზავნილი დავალებების შესრულების სტატისტიკა. ასევე, ვინაიდან, მშობლის გრაფაში მისი შვილის ქულები  ჩანს, პროგრამა ავტომატურად ითვლის საშუალო არითმეტიკულ შეფასებას და მშობლებს არა მხოლოდ ახლა, არამედ სასწავლო წლის მანძილზე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაიგონ, თითოეულ საგანში სავარაუდოდ, რა ქულა შეიძლება გამოჰყვეს მათ შვილს წლის ბოლოს.

„გარდა ამისა, მშობლის გრაფაში ჩნდება უფიქსირდება თუ არა მოსწავლეს არასაკმარისი შეფასება, უწევს თუ არა ამის გამო საშემოდგომო გამოცდაზე გასვლა.  გეტყვით, რომ მონაცემები წითელ ჩარჩოში იქნება ჩასმული მხოლოდ იმ შემთხვევაში  თუ მოსწავლის წლიური გაცდენები საგანში 30%-ს აჭარბებს, ეს მონაცემი ავტომატურად იქნება გაწითლებული“, – აგვიხსნა ნინო ეფხოშვილმა.

იმ მშობლების ინფორმირებისთვის კი, რომლებიც საკუთარი შვილის შეფასებების გაგებას არ სჯერდებიან და სხვა მოსწავლეების შეფასებებიც აინტერესებთ, EMIS-ის წარმომადგენელმა დაგვიზუსტა, რომ მოსწავლეთა შეფასებები კონფიდენციალურია. შესაბამისად, შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი შვილის შეფასებების ნახვა და კლასის სხვა მოსწავლეების შეფასებას მშობლები ვერ გაიგებენ.

ასევე იხილეთ:

რა ხდება, როცა ელექტრონული ჟურნალი იხურება, მონაცემები კი კორექტირებას საჭიროებს – სკოლის დირექტორის მოადგილე პროცედურაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური