GE

როცა ოჯახი შენგან გრანტს ელოდება – ოქროს მედალოსანი აბიტურიენტის სათქმელი გამოსაცდელებს

„მარტო ჩაბარება არა! გრანტიც უნდა აიღო!“ – მშობლებისგან, მასწავლებლებისგან თუ ახლობელი ადამიანებისგან ამ შინაარსის ფრაზებს აბიტურიენტების დიდი ნაწილი ისმენს. კიდევ უფრო მეტი სიხშირით კი ისინი ისმენენ, ვინც სკოლაში სანიმუშოდ სწავლობდა და ახლაც ცდას არ აკლებს, რომ გამოცდებზე საუკეთესო შედეგი აჩვენოს.

ერთი შეხედვით, ალბათ, ცუდი არაფერი უნდა იყოს იმაში, რომ შენ მიმართ მოლოდინები ჰქონდეთ და გგულშემატკივრობდნენ. მშობლების უმეტესობას ხომ გულწრფელი სურვილი აქვს, რომ შვილის წარმატებით იამაყოს.

ამ საკითხზე EDU.ARIS.GE აბიტურიენტს, ლიკუნა ბოლღაშვილს ესაუბრა, რომელმაც წელს, თბილისის 31-ე საჯარო სკოლა წარჩინებით, ოქროს მედალზე დაასრულა და ახლა სხვა აბიტურიენტების მსგავსად, საგამოცდო ციებ-ცხელებაშია ჩართული. ჩვენ მას გამოცდების დაწყებამდე ვესაუბრეთ და ვკითხეთ, როგორია აბიტურიენტის განწყობა, როცა ოჯახი მისგან გრანტს ელოდება და რა პასუხისმგებლობას უჩენს მოსწავლეს გარშემომყოფთა მოლოდინები.

– ლიკუნა, გაქვს მოლოდინი, რომ სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ მიმართულებაზე მოხვდებით და გრანტსაც მოიპოვებთ?

– როცა ოქროს მედალოსანი ხარ, არა მხოლოდ მშობლებს, ყველა გარშემომყოფს აინტერესებს, როგორ დაწერ გამოცდებს, რა შედეგებს გამოიტან, მოხვდები თუ არა იქ, სადაც გინდოდა, გრანტი გექნება თუ არა. ეს სტრესულია ჩემთვის, მაგრამ საკუთარ თავის მიმართ მეტი მოთხოვნა მიჩნდება. თუნდაც ის, რომ დავამტკიცო – ჩემს შესაძლებლობებს ბოლომდე გამოვიყენებ. მოლოდინიც მაქვს და იმედიც, რომ ჩავირიცხები კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამაზე, სასურველ უნივერსიტეტში. თუმცა გრანტთან დაკავშირებით ჯერ პროგნოზების გაკეთებ არ მინდა. ბევრია ისეთი ოქროს მედალოსანიც, რომელიც სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა, მაგრამ გამოცდაზე საუკეთესო შედეგი ვერ დააფიქსირა. ამიტომ, მაინც არ მინდა შედეგებზე წინასწარ საუბარი.

– როგორია განწყობა ოჯახის წევრებში, ელოდებიან თუ არა თქვენგან გრანტს და რა ფრაზები გესმით მათგან განსაკუთრებით ხშირად?

– ჩემს ოჯახს ჩემი მსგავსი დამოკიდებულება აქვს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მაინც ვღელავ და ნამდვილად თავსატეხია, რა მელოდება… ვხედავ, რომ ბევრი კარგი მოსწავლე განსაკუთრებით დაძაბულია, რაც ძალიან ცუდია და იმედია, ეს მათი გამოცდების შედეგებზე არ იქონიებს გავლენას. რაც შეეხება ფრაზებს, ყველაზე ხშირად მშობლებისგან და პედაგოგებისგან მესმის ეს ფრაზები: „ჩააბარებ და 100-პროცენტიან დაფინანსებასაც აიღებ“, „სკოლა უნდა ასახელო“, „შენ ყველაფერი შეგიძლია, ჩემო ჭკვიანო გოგო“…

– რას ეტყოდით აბიტურიენტების მშობლებს, როგორი უნდა იყოს მათი მიდგომა?

– მშობლებს ვურჩევდი, რომ ნაკლებად ჩაერიონ შვილების პროფესიის განსაზღვრაში და მეტი თავისუფლება მისცენ განათლების მიღების დროს და კარიერულ არჩევანში. მხარდაჭერა და მოტივაციის ამაღლება მნიშვნელოვანი ფაქტორებია, თუმცა ამას ჩარჩოებისა და საზღვრების დაწესებით ვერ მივაღწევთ, ვინაიდან ეს ყოველივე ზრდის ნერვულ ფონს და ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს შედეგებზე.

– ლიკუნა, ასევე უნდა გკითხოთ, ოქროს მედალოსანი აბიტურიენტი ხართ, რამდენად საკმარისია სკოლაში მიღებული განათლება ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მისაღწევად?

– ვფიქრობ, სკოლაში მიღებული განათლება და განათლების ხარისხი არ შეესაბამება ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალ მოთხოვნებს. შესაბამისად, მოსწავლეს უწევს, თვითგანვითარებას მიმართოს ან რეპეტიტორთან მოემზადოს. ჩემს შემთხვევაში გეტყვით, თვითგანვითარება მაგალითად, მათემატიკაში, (ამ საგანს ვაბარებ არჩევითად) მარტივი არაა, რადგან მათემატიკის ეროვნულების ტესტი იმგვარადაა შედგენილი, რომ მისი წაკითხვაცა და გაგებაც კი, არათუ ამოხსნა, მათემატიკის საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს. შესაბამისად, აბიტურიენტი იძულებული ხდება რეპეტიტორს მიმართოს, იმ შემთხვევაშიც თუ კარგი მოსწავლეა, რადგან უმაღლეს ქულებს მხოლოდ სკოლის ცოდნით ვერ მიიღებს. რა თქმა უნდა, არის ცალკეული შემთხვევებიც, როდესაც მოსწავლეები სკოლის ცოდნითა და თვითშემოქმედებით ახერხებენ გამოცდების წარმატებით დაძლევას, ეს ძირითადად მათემატიკური მიმართულების სკოლებში ხდება, სადაც მეტ-ნაკლებად კარგად და გაძლიერებულად ასწავლიან ამ საგანს.

– მიმართეთ აბიტურიენტებს…

– ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ თავისი შესაძლებლობების რეალიზებასა და სასურველი შედეგის მიღწევას. ვეტყოდი, რომ არავის მისცენ უფლება, მათზე ან მათ არჩევანზე გავლენა მოახდინოს! ეს ჩემი მთავარი კოდექსია, რომელიც გონებაში ღრმად მაქვს ჩაბეჭდილი.

ასევე იხილეთ;

„სად ვაბარებ, ვინ მასწავლის, რას ვისწავლი?“ – როგორ გავიგოთ, ხომ არ ვცდებით ფაკულტეტის შერჩევისას

აბიტურიენტის სავალდებულო ქცევის წესები საგამოცდო ცენტრში და დეტალები პროცესის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური