GE

როცა სტუდენტი სამუშაოს ეძებს – რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ?! – სპეციალისტის პასუხი და რჩევა დასაქმების მსურველ სტუდენტებს

„დავასაქმებთ სტუდენტებს,“ „სამუშაო სტუდენტებისთვის ნახევარ განაკვეთზე“, „ვეძებთ ბეჯით სტუდენტს, ბონუსური ანაზღაურებით…“ ამ და სხვა ტიპის განცხადებებს პოტენციური დამსაქმებლების მხრიდან სტუდენტები ყოველდღიურად კითხულობენ. მათი სურვილი დასაქმდნენ, ხშირად იმდენად დიდია, რომ სამუშაო პირობებს ნაკლებად ეცნობიან და ვაკანსიის განცხადებაში მხოლოდ ანაზღაურების პუნქტს ეძებენ. ასევე, მათთვის პრიორიტეტულია ჩანაწერი სამუშაო დროის ხანგრძლივობაზეც. რა თქმა უნდა, ასეთ დროს სტუდენტის დადანაშაულება ნაკლებად სამართლიანია, მით უფრო, იმ სტუდენტის, რომლის ოჯახსაც არ აქვს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები და მოკლე დროში დასაქმება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აქვე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დამსაქმებლის განცხადება იდეალურადაც შეიძლება გამოიყურებოდეს, მაგრამ უკვე დასაქმებულმა აღმოაჩინო, რომ ამ იდეალური განცხადებიდან ერთი პუნქტიც არ სრულდება. ამიტომ, მხოლოდ განცხადებების დაკვირვებით კითხვა ვერაფერი შვებაა. მაშ რას უნდა მივაქციო ყურადღება, რომ ჩვენს შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული სამსახური მოვიძიო, იკითხავს ჩვენი მკითხველი სტუდენტი. რა შეცდომები არ უნდა დავუშვა ამ პროცესში? ბოლოს და ბოლოს, არის ქართულ შრომის ბაზარზე ღირსეული შრომისთვის საჭირო პირობები?

დიახ, ეს ნამდვილად სწორი კითხვებია და EDU.ARIS.GE-მ სწორედ ამ კითხვებით მიმართა ამ კითხვებით მიმართა ირინა შალამბერიძეს, საკონსულტაციო კომპანია HR4 Businesses-ის დამფუძნებელს, დირექტორსა და ადამიანური რესურსების განვითარების ტრენერს, რომელიც, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, თავადაც არის სტუდენტებისა და არა მხოლოდ მათი პოტენიური დამსაქმებელი.

ქალბატონო ირინა, გვითხარით, რომელი კურსიდან შეიძლება სტუდენტმა საკუთარი პროფესიით ვაკანსიების ძებნა დაიწყოს?

– როგორც წესი, პირველ კურსზე სტუდენტები გადიან ზოგად საგნებს, მეორედან უკვე შემოდის მაპროფილებელი მიმართულებები. დამსაქმებლისთვის საინტერესოა, რომ გარკვეული თეორიული ცოდნა მაინც ჰქონდეს დამწყებს, ამიტომ პირადად მე, ვფიქრობ, რომ სპეციალობით  2-3 კურსის შემდეგ უფრო ნაყოფიერი იქნება ვაკანსიების ძიება. რაც შეეხება ზოგადად მუშაობის დაწყებას, სტუდენტს ეს ნებისმიერ სასწავლო საფეხურზე შეუძლია, მთავარია, ხელი არ შეეშალოს სწავლაში.

– ქართულ რეალობაში საკუთარი პროფესიით დასაქმება არც ისე მარტივი საქმეა, მით უმეტეს
სტუდენტისთვის. სხვა პროფესიით თუ აპირებს დასაქმებას, მაგალითად მოლარედ, კონსულტანტად, პრომო აგენტად, მენეჯერად, მტვირთავად… რა არის ის პირობები, რომელსაც დამსაქმებელი უნდა სთავაზობდეს სტუდენტს?

– როდესაც ვსაუბრობთ არაპროფილურ დასაქმებაზე, გასათვალისწინებელია, რომ დამსაქმებლის ინტერესი არის სწრაფად შეავსოს ვაკანტური პოზიციები, ხოლო საქმე შეუძლია თვითონ შეასწავლოს ადგილზე. სტუდენტისთვის ბუნებრივია ყველაზე მნიშვნელოვანია მოქნილი გრაფიკი, ე.წ ცვლები, თუმცა ყველა კომპანიას თავისი სპეციფიკა აქვს. ზოგს შეუძლია მსგავსი პირობის შეთავაზება, ზოგს არ შეუძლია, ან ეჭვის თვალით უყურებს ახალბედა კადრს და გარკვეულ რისკებსაც ხედავს, რადგან მაინც ამჯობინებს, დაასაქმოს უკვე გამოცდილი კადრი და ასეთ დროს ნაკლებ რესურსსა და ენერგიას ხარჯავს.

– უფრო რომ დავაკონკრეტოთ, თუ სტუდენტს შეხვდა ვაკანსია მაგალითად სუპერმარკეტების ქსელი, (რაც ჩვენთან ძალიან აქტუალური და პრობლემურია) ეძებს კონსულტანტს. რა უნდა იყოს განცხადებაში მითითებული, რომ სტუდენტი არ მოტყუვდეს და მხოლოდ მუშაობის შემდეგ არ აღმოაჩინოს, რომ  კონსულტანტობასთან ერთად სხვა არაერთი ფუნქცია აქვს?

– გეტყვით, რა შეცდომები  არ უნდა დაუშვათ ვაკანსიის ძებნის პროცესში. ორი შემთხვევა განვიხილოთ:

1.როცა უმაღლესის სპეციალობით სურს დასაქმება სტუდენტს– აქ უნდა ესმოდეს, რომ თეორიული ცოდნა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჯერ ხომ ისიც არ აქვს ათვისებული სრულად და სამუშაოს შესრულებას კიდევ ბევრი პრაქტიკული უნარ-ჩვევა სჭირდება, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლები იშვიათად აძლევენ იმ დოზით, როგორც ეს სჭირდება ბიზნესს. შესაბამისად, დამსაქმებელმა საკმაო ძალისხმევა უნდა გასწიოს, რომ სტუდენტმა ისწავლოს და შეძლოს დამოუკიდებლად მუშაობა. მეორეს მხრივ, უმჯობესია, სტუდენტი ორიენტირებული იყოს ისეთ ვაკანსიებზე, სადაც მისი სწავლება და განვითარება მოხდება. თუ არის საშუალება, ნაკლებად უნდა იყოს ორიენტირებული ანაზღაურებაზე. ზოგჯერ, თვითონ სტუდენტები იმდენად მაღალ მოთხოვნებს უყენებენ კომპანიებს, რომ ესეც ქმნის გარკვეულ ბარიერს მათ წარმატებაში. მარტივად გეტყვით, აქაც მთავარია ბიზნესის კეთილსინდისიერება, რას სთავაზობს სტუდენტს და ასრულებს თუ არა რასაც სთვაზობს.

2. როცა სხვა პროფესიით ეძებს ვაკანსიებს –  ასეთ დროს აუცილებელია პოტენციური დამსაქმებელი სტუდენტს სთავაზობდეს კარიერულ განვითარებასა და დაწინაურებას. არავის უნდა მუდმივად იყოს კონსულტანტი, ანაზღაურების გაზრდასა და დაწინაურებაზე უარს არავინ იტყვის, ხომ ასეა?  სტუდენტებს ვურჩევ, დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოს კონკრეტული კომპანიის შესახებ და ასე გაიგოს, რამდენად ასრულებს ვალდებულებებს ესა თუ ის დამსაქმებელი.

– არის თუ არა ქართული შრომის ბაზარი სტუდენტებზე მორგებული (სხვადასხვა მაგალითებით რომ აგვიხსნათ)?

– ჩემი გამოცდილებით გეტყვით. სწრაფი კვების და სარესტორნო სფეროებში შედარებით მეტად გვხვდება მოქნილი გრაფიკი. ასევე, პრომო აგენტის ვაკანსიებიც უფრო მოსახერხებელია სტუდენტისთვის. თუმცა საერთო ჯამში ეს მიმართულება არაა კარგად განვითარებული და ძალიან ხშირად, სოციალურ ქსელებშიც განიხილება სტუდენტების მხრიდან უკმაყოფილება. ზოგიერთი კომპანიები აქტიურად ცდილობენ წარმატებული სტუდენტების რეკრუტინგს და უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში ატარებენ გაცნობით შეხვედრებს, ან ფაკულტეტებს სთხოვენ რეკომენდაციებს. სხვათა შორის, ეს არის ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა დასაქმებისთვის ასე ვთქვათ რეზიუმეს გაგზავნის, ანუ აქტიური ძიების გარეშე.

– რა შემთხვევაში შეუძლიათ სტუდენტებს დამსაქმებლის ტყუილში დადანაშაულება? მიეცით ინსტრუქცია მათ, ვინც ვაკანსიაში სრულიად სხვა შეთავაზებებს გაეცნო, ადგილზე კი სხვა რეალობა დახვდა

– სტუდენტი იქნება თუ სხვა სტატუსის ნებისმიერი დასაქმებული, უფლებამოსილია დაიცვას თავისი შრომის უფლებები და მოსთხოვოს დამსაქმებელს მათი შესრულება. თუ პირი თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა შეუძლია მიმართოს შრომის ინსპექციას ან პროფკავშირებს. თუმცა პირველი რიგში, ყოველთვის ჯობია, ნებისმიერი უთანხმოება დიალოგის გზით აღმოიფხვრას. კომპანიების უმეტესობას ჰყავს ადამიანური რესურსების სპეციალისტები და იურისტი. პირველ რიგში, მიმართონ და სთხოვონ კონსულტაცია იმ საკითხზე, რაზეც ფიქრობენ, რომ კომპანია არ ასრულებს ვალდებულებებს. ხშირად მხვდება სოციალურ ქსელებში შრომის კოდექსის არასწორი ინტერპრეტაცია, მოჰყავთ მაგალითები, სადაც ჩანს, რომ არასწორ პრეტენზიას უყენებენ დამსაქმებელს და თვითონ არიან ბუნებრივია ნეგატიურ ემოციებში – ფიქრობენ, რომ დაჩაგრეს. ამიტომ, ყოველთვის ჯობია, რომ ჯერ სამსახურში გაიგონ მეორე მხარის ახსნა და შემდეგ გადაამოწმონ ეს პასუხი კომპეტენტურ სპეციალისტებთან. თუ აღმოჩნდება, რომ ნამდვილად ირღვევა მათი უფლებები, ეცადონ, სამსახურში კომუნიკაციით მოაგვარონ. ჩემი რჩევა იქნება, პირდაპირ კომპანიის ეიჩარს, ან იურისტს მიმართონ, რადგან ზოგჯერ, შეიძლება, კონკრეტულად მათი უშუალო ხელმძღვანელი არღვევდეს მათ უფლებებს, საკმარისი ცოდნის არ ქონის გამო და ეს არ იყოს კომპანიის საერთო პოლიტიკა.

ასევე იხილეთ:

რა უნდა იცოდეს სტუდენტმა საკუთარი შრომითი უფლებების შესახებ – სპეციალისტი სტუდენტებს მიმართავს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური