როდის შესთავაზებენ მთავრობას სასკოლო კვების საბოლოო მოდელს? – „ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო“
საქართველოში სასკოლო კვების პროგრამის დაწყება გასულ წელს დაანონსდა, თუმცა აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე საუბარი კიდევ უფრო ადრე, 2019 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ ირკვევა, რომ განათლების სამინისტრომ და სხვა სამთავრობო უწყებებმა „ნაბიჯების გადადგმა“ მხოლოდ ახლა დაიწყეს.
მოსწავლეთა უფასო კვების პროგრამასთან დაკავშირებით, დღეს, 17 ნოემბერს, განცხადება გაკეთდა გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისში, რომელთან თანამშრომლობითაც აღნიშნული პროექტი უნდა განხორციელდეს. UNICEF-ის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ხალილი დარწმუნებულია, რომ მოსწავლეთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში განხორციელდება, ამის მზაობა კი, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრსა და განათლების მინისტრთან გამართულმა შეხვედრებმა ცხადყო.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი, ექსპერტებისა და სხვადასხვა უწყებების ჩართულობით, შეიმუშავებს ტექნიკურ და სამეცნიერო ფაქტებზე დაფუძნებულ მოდელს, რომელსაც შემდეგ მთავრობას წარუდგენს, მანამდე კი, კონკრეტული სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეიდან ტექნიკური შეხვედრები დაიწყება.
„სასკოლო კვების პროგრამასთან დაკავშირებით, მქონდა შეხვედრა გასულ კვირას პრემიერ-მინისტრთან, გუშინ კი, შევხვდი განათლების მინისტრს. აღნიშნული პროგრამა უკვე დადგა დღის წესრიგში, დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მის განსახორციელებლად და კონკრეტულად ეს გამოიხატება იმაში, რომ მინისტრი ჩამოაყალიბებს სამინისტროთა შორის სამუშაო ჯგუფს, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს UNICEF. მუშაობას დღეიდან დაიწყებს სამინისტროთა შორის ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს.
პოლიტიკური ნება დავინახეთ პრემიერ-მინისტრისგან, ნამდვილად სურთ, რომ განხორციელდეს პროგრამა. რაც შეეხება სამინისტროთა შორის ჯგუფს, საბოლოო პროდუქტი, რომელიც უნდა დაიდოს, ეს იქნება საბოლოო კონცეფცია, რომელიც წარედგინება ირაკლი ღარიბაშვილს, გაიცემა რეკომენდაციები UNICEF-ის მიერ განხორციელებული კვლევის საფუძველზე. ჩვენ შევთავაზებთ რამდენიმე მოდელს და შემდეგ სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტს, რომელ მოდელზე შეჩერდნენ… იმედი გვაქვს, რომ ერთ თვეში, მოდელი იქნება შემუშავებული. მოდელი იქნება ტექნიკურ და სამეცნიერო ფაქტებზე დაფუძნებული“, – განაცხადა ხალილმა.
რაც შეეხება აღნიშნული პროგრამის დაფინანსების საკითხს, როგორც გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუმარტა, ხარჯებზე საუბარი მხოლოდ კონკრეტული მოდელის შემუშავების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„მოდელი უნდა შემუშავდეს ექსპერტების მიერ, რომლებიც იქნებიან ამ სამუშაო ჯგუფის წევრები. UNICEF და განათლების სამინისტრო აქტიურად იქნებიან ჩართულები საქმიან განხილვებში. იმედი მაქვს, რომ მოდელი ძალიან მალე შემუშავდება და ამის შემდეგ გვექნება საშუალება, ვისაუბროთ ხარჯებზე“, – აღნიშნა ხალილმა.
მანვე ისაუბრა კვების რაციონსა და პროგრამის მნიშვნელობაზეც და თქვა, რომ რაციონის შერჩევა მეცნიერული დასკვნების საფუძველზე მოხდება, მოსწავლეთა კვებითი უზრუნველყოფა კი, ბავშვების გონებრივ შესაძლებლობებს, მათ სოციალიზაციასა და დარგობრივი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენი რეკომენდაცია არის სკოლის სადილი… რაც შეეხება რაციონს, ეს იქნება მეცნიერულ დასკვნებზე დაყრდნობით, თუ რა ოდენობით საკვები ნივთიერებები სჭირდება ბავშვს. სასკოლო კვების პროგრამა ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, ბავშვების სკოლაში სიარულს, გააუმჯობესებს მათ გონებრივ შესაძლებლობებსა და მზადყოფნას სწავლისთვის. გარდა ამისა, აღნიშნულ პროგრამას ექნება სოციალური ეფექტიც, რადგან როდესაც ბავშვები ერთად სადილობენ, ამ დროს ხდება ერთმანეთთან სოციალიზაცია. ეს მოხდება დისტანციისა და უსაფრთხოების დაცვით. ერთმნიშვნელოვანი საკითხი არის ასევე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება, რაც გულისხმობს ადგილობრივი ფერმერების ნაწარმის გამოყენებას – ეს შეიძლება იყოს როგორც სეზონური ხილი, ასევე, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტი“, – აღნიშნა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ბრიფინგზე.
იმის მიუხედავად, რომ „ქმედითი ნაბიჯების“ გადადგმა დაწყებულია, რა ვადებში მოხდება ზუსტად მოდელის შემუშავება, აღნიშნული მოდელის საბოლოო ვერსიაზე შეჯერება და შემდეგ უკვე მთავრობის მიერ პროგრამის განსახორციელებლად კონკრეტული ღონისძიებები, უცნობია. მით უფრო უცნობია, როდის შეძლებენ მოსწავლეები საქართველოს სკოლებში უფასო კვებას, არადა, თავად გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო მონაცემებით, საკვების მწვავე დეფიციტის, ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები, არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო და სხვა, საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება. ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში 9.4 %, ანუ 77 ათასი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ასევე ამ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ „ბავშვიანი ოჯახები არიან უფრო ღარიბნი და დაუცველნი, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფები და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს, სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს”.
ასევე იხილეთ:
- განათლებაში ამ პროექტის განხორციელებას მთელი ყურადღება დაეთმობა – პრემიერ-მინისტრის განცხადება by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები
- ის, რაც საბავშვო ბაღის თანამშრომელმა და აღსაზრდელის მშობელმა უნდა იცოდეს – ცვლილება კანონში by ARIS.GE-განათლება