GE

როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ დღეს მორწმუნეები ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ზეიმობენ. დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციები ასწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა. საქართველოში დღესასწაული წითელ კვერცხთან და პასქასთან ასოცირდება. საინტერესოა, როგორ აღნიშნავენ და რა სააღდგომო ტრადიციები აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

საფრანგეთი

აღდგომის დღესასწაულზე, საფრანგეთის ქალაქ ჰაუხის მთავარ ქუჩაზე უზარმაზარ ომლეტს ამზადებენ. მის მოსამზადებლად საშუალოდ 15 000 კვერცხს იყენებენ და კერძით ათასამდე ადამიანს უმასპინძლდებიან. აღნიშნული ტრადიცია ნაპოლეონის სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება. მხედართმთავარი მირთმეული ომლეტით იმდენად აღფრთოვანდა, რომ ადგილობრივებს კვერცხის მოტანა და მისი ჯარისთვის უზარმაზარი კერძის მომზადება სთხოვა.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულზე ქუჩებში კურდღლების, წიწილების, ზარების, კვერცხებისა და დღესასწაულის სხვა სიმბოლოების მილიონობით შოკოლადის ფიგურა იყიდება.

პოლონეთი

პოლონეთის სააღდგომო ტრადიციას Śmigus-dyngus ეწოდება და მისი მთავარი არსი ერთმანეთის გაწუწვაში მდგომარეობს. ,,სველ ორშაბათს“ ადამიანები ერთმანეთის გაწუწვას ნებისმიერი ხერხით ცდილობენ. ტრადიციის თანახმად, გოგონები, რომლებსაც ამ დღეს წყალს შეასხამენ, წლის ბოლომდე გათხოვდებიან.

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის სააღდგომო ტრადიცია 130 წელს ითვლის. დღესასწაულზე ბავშვები ერთმანეთს ფერადი კვერცხების სპეციალური ხის კოვზით გაგორებაში ეჯიბრებიან. გარდა ამისა, დღესასწაულზე კონცერტები, სპორტული ღონისძიებები და სხვადასხვა თამაშები იმართება. ამერიკაში სააღდგომო ტრადიციის განუყოფელი ნაწილია შოკოლადის ბაჭია და კვერცხები.

საბერძნეთი

საბერძნეთში სააღდგომო ტრადიცია ფანჯრიდან ძველი ქოთნების გადაყრას უკავშირდება. აღნიშნული ქმედება ახლის დასაწყისსა და გაზაფხულის დადგომას უკავშირდება.

ფინეთი

აქ აღდგომაზე ბავშვები ჯადოქრებივით იცვამენ და ხელში ბუმბულებით მორთულ ტირიფის ტოტების კონებს იჭერენ. ფინეთის დასავლეთში კი კვირა დღეს დიდ კოცონს ანთებენ. ტრადიციის თანახმად, ალი ჯადოქრებს დააფრთხობს და აღდგომის დღესასწაული მშვიდად ჩაივლის.

ნორვეგია

ამ ქვეყანაში აღდგომის დღესასწაული კრიმინალური ნოველების წაკითხვის დროდ ითვლება. ტრადიცია სათავეს 1923 წლიდან იღებს, როდესაც ახალი კრიმინალური რომანის გამომცემელმა ის გაზეთების პირველ გვერდებზე დაბეჭდა. განცხადება იმდენად ჰგავდა ახალ ამბავს, ხალხი ვერ მიხვდა, რომ ეს სარეკლამო ოინი იყო. მსგავსი მარკეტინგული გათვლა საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა და მან საფუძველი ახალ ტრადიციასაც ჩაუყარა.

ისრაელი

დიდ პარასკევს ისრაელში მორწმუნეები იმ გზას გადიან, რომელიც ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა. მსვლელობის ზოგიერთ მონაწილეს ხის ჯვარი მოაქვს. კვირა დღეს კი ბევრი პილიგრიმი აღდგომის ტაძარში საეკლესიო მსახურებას ესწრება, სადაც გადმოცემის თანახმად, ჯვარცმის შემდეგ ქრისტე დაკრძალეს.

ფლორენცია, იტალია

ფლორენციის მაცხოვრებლები 350 წლიან ადგილობრივ სააღდგომო ტრადიციას Scoppio del Carro, ანუ ,,ეტლის აფეთქებას“ აღნიშნავენ. ფეიერვერკებით სავსე დეკორატიულ ეტლს, XV საუკუნისთვის დამახასიათებელი ფერად კოსტიუმებში გამოწყობილი მოსახლეობა მთელ ქალაქს მოატარებს. სააღდგომო წირვის შემდეგ, ფლორენციის მთავარეპისკოპოსი ფეიერვერკს ცეცხლს უკიდებს. ადგილობრივების თქმით, სააღდგომო ტრადიცია კარგი მოსავლის საწინდარია.

ქრისტე აღ(ს)დგა! ანუ სწორი ფორმის შესახებ

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური