როგორ არ დავაგვიანოთ ტესტირებაზე – რჩევები ზაფხულის გამოცდების მონაწილეებს

2025 წლის ზაფხულის გამოცდები სამ ივლისს, აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. აბიტურიენტების გარდა, გამოცდებს ჩააბარებენ მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტები და მაგისტრობის მსურველები – სულ 80 000-მდე აპლიკანტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ აპლიკანტი, რომელიც ტესტირებაზე ერთი წუთითაც კი დაიგვიანებს, ის გამოცდაზე ვერ შევა და სინამდვილეში ეს სულაც არ არის ერთი წუთით დაგვიანება: „ძალიან ხშირად ამბობენ ასეთ რაღაცას: 1 წუთი დამაგვიანდა და მერე რა მოხდა?! არა ჩემო კარგებო, ერთი წუთით არ დაგაგვიანდათ, თქვენ საათი და ერთი წუთი დაგაგვიანდათ. იმიტომ, რომ საგამოცდო ბარათი, რომელსაც თქვენ ამობეჭდავთ, იქ აუცილებლად იქნება რეგისტრაციის დაწყების დრო, როგორც წესი, ეს გახლავთ დილის სესიაზე 08:00 საათი და შუადღის სესიაზე 14:00 საათი, სამზე უკვე გამოცდა იწყება. შესაბამისად, ეს რას ნიშნავს, იქედან გამომდინარე, თუ რომელ სესიაზე ხართ, აუცილებლად 08:00 საათზე უნდა გამოცხადდეთ პირველი სესიის დროს და მეორე სესიის დროს 14:00 საათზე. როცა ამბობენ, რომ 1 წუთი დამაგვიანდა, რადგან გამოცდა მქონდა 09:00 საათზე, ერთი წუთით გვიან რომ გამოცხადდით, ეს საათით და ერთი წუთით დაგვიანებაა. საგამოცდო ბარათზე პირდაპირ მითითებულია, რომ რეგისტრაცია იწყება რვა საათზე”, – ნინო წერეთელი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.
რა თქმა უნდა, თითოეული გამოსაცდელისთვის ისმება საკითხი – როგორ უნდა მოიქცეს ტესტირებაში მონაწილე, რომ გამოცდაზე დაგვიანების გარეშე მივიდეს და დრო სწორად განსაზღვროს? რა შემთხვევაში უნდა ისარგებლოს ტაქსის მომსახურებით და როდის უნდა გადაადგილდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით? თუ წინა წლების გამოცდილებას დავეყრდნობით, ამ კითხვებზე პასუხების გაცემა არცთუ რთულია.
იმისთვის, რომ სწორ დროს სწორ ადგილზე აღმოჩნდეთ, აუცილებელია იცოდეთ:
როგორ უნდა მივიდეთ ჩვენს საგამოცდო ცენტრთან – 2025 წლის ზაფხულის გამოცდების მარშრუტები და ცენტრები
თითოეულ დღეს გამოცდები ორ სესიად – დილას და შუადღეს ტარდება. გამოცდამდე ერთი საათით ადრე სავალდებულო რეგისტრაცია იწყება, რაც სესიების მიხედვით დროში ასე ნაწილდება: პირველი სესია – 08:00 საათი; მეორე სესია 14:00 საათი. აქედან გამომდინარე, საგამოცდო ცენტრთან უნდა გამოცხადდეთ არა უშუალოდ გამოცდის დაწყების წინ, 09:00 ან 15:00 საათზე, არამედ რეგისტრაციის დროს, რაც თქვენს საგამოცდო ბარათში იქნება მითითებული. ბარათი ინფორმაციას თქვენს საგამოცდო ცენტრთან დაკავშირებითაც მოგაწოდებთ – მაშინ, როცა იცით რეგისტრაციისა და გამოცდის დაწყების დრო და მისამართი, გაცილებით მარტივია გათვალოთ დრო სახლიდან ისე, რომ ტესტირებაზე არ დააგვიანოთ.
იმისთვის, რომ შესაბამის საგამოცდო ცენტრთან დროულად მიხვიდეთ, რამდენიმე გარემოება უნდა გაითვალისწინოთ:
მოგეხსენებათ, 2025 წლის ზაფხულის გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრები გახსნილია თბილისსა და რეგიონებში. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ფოთი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი, რუსთავი, თელავი, ხულო და ამბროლაური.
პირველ რიგში, გამოცდის დღეს ცენტრთან უპრობლემოდ მოსახვედრად შესაბამისი მარშრუტი წინა დღეებში უნდა განსაზღვროთ. კარგი იქნება, თუ წინასწარ იქნებით ნამყოფი იმ ადგილას, სადაც გამოცდა ჩაგიტარდებათ, რათა საგამოცდო ცენტრის მიგნებასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე დაიყვანოთ.
რეგიონებისგან განსხვავებით, ხშირად, გადაადგილება პრობლემაა დედაქალაქში, სადაც ხშირია საცობი. იმისთვის, რომ გამოცდების პერიოდში საავტომობილო გზები უფრო მეტად არ დაიტვირთოს, უმჯობესი იქნება, თუ დანიშნულების ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის თბილისის მერიის მიერ საგამოცდო ცენტრებამდე დანიშნული მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილდებით – მაგრამ გზის დრო აქაც კარგად გათვალეთ.
თუ გასული წლების გამოცდილებას დავეყრდნობით, დედაქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრებამდე რამდენიმე მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს – მარშრუტებსა და გრაფიკზე ინფორმაცია გამოცდის დღემდე, წინასწარ უნდა მოიძიოთ. რაც შეეხება ალტერნატიული ტრანსპორტით, ამ შემთხვევაში ტაქსით, გადაადგილებას, ეცადეთ ტაქსი უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოთ. თუ იმყოფებით ტაქსიში, საგამოცდო ცენტრთან ახლოს მოხვდით საცობში, არ დაელოდოთ მოძრაობის განტვირთვას, ჩამოდით და დანიშნულების ადგილამდე გზა ფეხით განაგრძეთ. ასე მეტი შანსია, არ გადატვირთოთ მოძრაობა და საგამოცდო ცენტრშიც დროულად მიხვიდეთ.
ეს კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმღვანელის რჩევაა: მე გირჩევთ, ადრე მოხვიდეთ. ყველა შემთხვევაში, გამოცდა ღელვასთან არის დაკავშირებული. როდესაც თქვენ მოხვალთ რვა საათზე, პირველი სესიის შემთხვევაში, მშვიდად, წყნარად გაივლით რეგისტრაციას. თქვენს საგამოცდო ბარათზე პირდაპირ წერია რომელ სექტორში უნდა შეხვიდეთ, რომელი ადგილია მითითებული. მიხვალთ მშვიდად და მოირგებთ გარემოს თქვენთვის, დამშვიდდებით. მეც კი, ახლა რომ გამოცდაზე გავდიოდე, აუცილებლად ვიღელვებდი. ეს ბუნებრივი პროცესია. ამიტომ, გირჩევთ, მობრძანდით რეგისტრაციის გავლის დროს და ის ერთი საათი გამოიყენეთ იმისათვის, რომ დამშვიდებულმა დაიწყოთ საგამოცდო პროცესი“.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
„მათემატიკის ორივე ვარიანტი ნამდვილად რთული იყო გასულ წლებთან შედარებით“ – ტესტების ანალიზი და შეფასება პროფესორისგან by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ოთხ საგანში (დაწყებითი კლასები) – გამოცდები 2025 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი გეოგრაფიაში by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე