როგორ ჩავდგეთ რეჟიმში სასკოლო არდადეგების შემდეგ – „ეს საკითხი პედაგოგებმაც უნდა გაითავისონ“
„შემიძლია გითხრათ, რომ ზაფხულის არდადეგების შემდეგ, მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვა რეგიონებშიც საკმაოდ რთული პროცესია. ისინი ამ ხნის განმავლობაში მიჩვეული არიან ცხოვრების თავისუფალ რიტმს და უჭირთ სასკოლო ცხოვრებაში დაბრუნება“, – ამის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის გამოცდილი მასწავლებელი, ლალი ჯანაშია გვესაუბრება და თემაზე კოლეგებსა და მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს.
როგორ ცდილობს თავად პედაგოგი არდადეგების შემდეგ ფორმაში ჩადგომას და განწყობის შექმნას მოსწავლეებისთვის
აი, რას ამბობს ქალბატონი ლალი: ვზრუნავ საკუთარი თავის განვითარებაზე, არდადეგების ბოლო დღეებში ვემზადები მოსწავლეებთან შესახვედრად, ვადგენ გეგმას, რათა მოსწავლეებს პოზიტიური და სასიამოვნო ატმოსფერო შევუქმნა. ვცდილობ, საკუთარ თავში აღმოვაჩინო ახალი შესაძლებლობები, რომელიც სკოლაში დაბრუნებისას დამეხმარება. ვიხსენებ მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებიდან საინტერესო მომენტებს, მათ მიღწევებს და შევახსენებ სკოლაში დაბრუნების შემდეგ. ეს საკითხი პედაგოგებმაც უნდა გაითავისონ, მარტივი არ არის ფორმაში ჩადგომა არდადეგების შემდეგ.
სასწავლო წლის დასაწყისში უფროსკლასელების სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისათვის, კლასში გამოვიყენებ მრვალფეროვან აქტივობებს, სახელმძღვანელოზე ნაკლებად ვიქნები ორიენტირებული.
ამ ეტაპზე მთავარია დაეხმაროთ მათ მოტივაციის ამაღლებაში, აღვუძრათ სურვილი მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში და გააქტიურდნენ. დისკუსია, ჯგუფურ მუშაობა, როლური თამაშები, მინი ექსკურსია.. ჩემებს – უფროსკლასელებს, ეს აქტივობები განსაკუთრებით უყვართ, ახარებთ და ახალისებთ, მეც ამით დავიწყებდი.
რას ურჩევს მოსწავლეებს, განსაკუთრებით უფროსკლასელებს
- სკოლაში წასასვლელად სამზადისი არდადეგების დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეთ;
- არ უნდა იღელვოთ იმის გამო, რომ სრულიად ვერ მოასწარით იმ დავალებების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, გთხოვეს, რომ შეგესრულებინათ. რა თქმა უნდა, დავალებები შერჩეული იყო თქვენი შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
- დაიცვით დღის რეჟიმი, შეამცირეთ დრო თამაშებისთვის, გართობისთვის;
- დასაძინებლად ადრე დაწექით;
- თვალი გადაავლეთ არდადეგების დროს გატარებულ თითოეულ დღეს, რათა შთაბეჭდილებები გაუზიაროთ თანაკლასელებსა და მასწავლებლებს.
პედაგოგის რეკომენდაციაა, რომ მოსწავლეებს არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ კატეგორიულად არ უნდა მოვთხოვოთ სწრაფად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში. ამისთვის მათ უნდა მივცეთ დრო, წავახალისოთ და მხარი დავუჭიროთ.
ასევე იხილეთ:
პედაგოგი მოსწავლეებსა და კოლეგებს 2024-2025 სასწავლო წლის გაკვეთილების ცხრილის შაბლონს უზიარებს
- ყველაზე მეტი სკოლა იმერეთში ფიქსირდება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2024-2025 სასწავლო წლისთვის by ARIS.GE-განათლება
- სკოლის მოსწავლეთა პროტესტი მშობლიურ სკოლებთან (03.12. 2024 განახლებადი) by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს აჭარაშიც 6 მოადგილე ეყოლება – თორნიკე რიჟვაძის დადგენილება უკვე ძალაშია by ARIS.GE-განათლება