ფორმალური თუ არაფორმალური განათლება? – „დღეს უნივერსიტეტებში არც დროს და აღარც ფინანსებს დავხარჯავდი“
ბევრი მშობელი ამერიკასა და ევროპაში შვილისთვის არაფორმალურ განათლებას ირჩევს და სკოლას ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებს. ასეთი მშობლები საქართველოშიც მოიძებნებიან. ის, რომ განათლების მიღება მხოლოდ სკოლებში არ არის შესაძლებელი და სხვა არჩევანიც არსებობს (სასწავლო მოკლევადიანი კურსები, ტრენინგები, ონლაინ ლექციები, სემინარები და სხვ.), ეს არც ქართული საზოგადოებისთვის წარმოადგენს სიახლეს.
როგორ ხდება საქართველოში არაფორმალური განათლების აღიარება
EDU.ARIS.GE, იმის გასარკვევად, სად გადის კარიერული წარმატების გზა, სკოლასა თუ არაფორმალურ განათლებაზე, რამდენად აქვს მშობელს რწმენა, რომ ფორმალური განათლების მიმცემი დაწესებულებების მაღალი შეფასებებით დასრულება უმოკლესი გზაა შვილის წარმატებული მომავლისთვის, სად ხედავენ ისინი არაფორმალური განათლების უპირატესობებს და კონკრეტულად რაშია ეს უპირატესობა, ვესაუბრეთ განათლების სპეციალისტსა და კარიერული განვითარების მენტორს, ქეთი გაბინაშვილს.
– პირველ რიგში, განგვიმარტეთ, რაში მდგომარეობს ფორმალური და არაფორმალური განათლების არსი?
– ფორმალურია განათლება, ესაა აკადემიური განათლება, რომელსაც გვთავაზობს მაგალითად სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი. ამ სექტორში ყველაფერი გარკვეულ შეფასებით ჩარჩოებშია მოქცეული, რაც გულისხმობს შემდეგს, მიღებული ცოდნა ფასდება ქულით და მოსწავლისთვის/სტუდენტისთვის აუცილებელია, განსაზღვრულ დონეზე ფლობდეს საგნებს, ზოგი შეიძლება, აინტერესებდეს, ზოგი – არა, თუმცა აუცილებელია, შეეძლოს მინიმალური ცოდნის დამადასტურებელი შეფასების მიღება ყველა მათგანში. რაც შეეხება არაფორმალურ განათლებას, აქ არ გვაქვს ჩარჩოები, არ ვართ შეზღუდულები, შეგვიძლია, გამოვიმუშაოთ უნარები, რომლებიც კონკრეტულად ჩვენ გვჭირდება ან მივიღოთ ცოდნა, რომელიც ზუსტად ჩვენს პროფესიაშია საჭირო. არაფორმალური განათლება ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით პოპულარული პანდემიის პერიოდიდან გახდა – როცა მოსწავლეები მოწყდნენ სასკოლო/საუნივერსიტეტო რუტინას და დაინტერესდნენ იმ კურსების გავლით, იმ კლუბებში გაწევრიანებით და იმ უნარების გაძლიერებით, რომლებიც მანამდეც სჭირდებოდათ. ამას ისიც დაემატა, რომ მსოფლიომ დაინახა: როგორ ეფექტურად ფუნქციონირებს არაფორმალური განათლების სექტორი – თუნდაც მხოლოდ ონლაინ რეჟიმში.
არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი
– სასწავლო საგნები ახსენეთ, დღეს მსოფლიოში სრულიად სხვა გამოწვევებია და შესაბამისად, პროფესიებიც განსხვავებულია. პასუხობს თუ არა ქართული სკოლის სასწავლო პროგრამები ამ გამოწვევებს?
– რასაკვირველია, რომ არ პასუხობს. დღევანდელ რეალობაში კარიერული წინსვლა ადამიანისგან ბევრად მეტ უნარებს მოითხოვს, ვიდრე ეს შეიძლება რომელიმე სასკოლო საგანმა მისცეს, სამაგიეროდ, ამ უნარების მიღება შესაძლებელია მაგ: არაფორმალურ სექტორში ან სკოლაშივე, თუ არ იქნება ორენტაცია მარტო საგნების სწავლაზე გაკეთებული და ამასთან ერთად, ჩატარდება შესაბამისი აქტივობები, რომელთა დახმარებითაც მოსწავლე გახდება პროაქტიური, შეიძენს ლიდერულ უნარებს, ისწავლის ჯგუფთან მუშაობას, შეძლებს დამოუკიდებლად შეცდომების პრევენციას და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე არ გამოუვა, გამომუშავებული ექნება თვისებები, რომლებიც დაეხმარება ნებისმიერი სიტუაციის გამოსწორებაში და წარმატებით დასრულებაში. ეს უნარები და თვისებები, სამომავლოდ, გამოადგება უნივერსიტეტშიც, სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც, აი ამას დღეის მდგომარეობთ მხოლოდ ფორმალური განათლება, სამწუხაროდ ვერ ასწავლის…
კარგი ის არის, რომ ზოგიერთი სკოლა საქართველოში ფეხს ნამდვილად უწყობს გამოწვევებს და ცდილობს, მხოლოდ სასკოლო საგნებზე არ იყოს ორიენტირებული, მეტი ცოდნა მისცეს მოსწავლეს და გარკვეული აქტივობებით (მაგ: წრეები, შიდასასკოლო ოლიმპიადები, ბანაკები, კონფერენციები) განუვითაროს ის რბილი უნარები, რაც აუცილებელია, ადამიანს ჰქონდეს, რომ სამომავლოდ, თავის საქმეში მოთხოვნადი პროფესიონალი გახდეს. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო მეტი სკოლა გააქტიურდება ამ კუთხით.
– ხშირად, მოსწავლეები და მშობლებიც აღნიშნავენ, რომ სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრება, თუნდაც მისი ოქროს მედალზე დამთავრება, არ იძლევა უპირატესობას. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
– ფორმალური განათლება ძალიან კარგია და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ როდესაც ადამიანი ამთავრებს სკოლას, აღმოაჩენს, რომ რეალური სამყარო, სადაც აღარც მშობელთა კრებებია და აღარც 10 ქულაზე აფასებენ, თურმე მისგან ბევრად მეტს ითხოვს, ვიდრე სკოლის წიგნებმა ასწავლეს და სწორედ აქ გამოჩნდება, რომ არ აქვს უნარები და კომპეტენციები, დამოუკიდებლად შეძლოს გამოწვევებთან გამკლავება, თუნდაც შეძლოს დამოუკიდებლად მუშაობა. პირდაპირ რომ ვთქვა, რაც არ უნდა კარგად სწავლობდეს მოსწავლე, თუ ის სკოლაშივე ან სკოლის გარეთ რბილ უნარებსაც არ განივითარებს, მხოლოდ ოქროს მედლით ვერ გახდება წარმატებული, მოთხოვნადი პროფესიონალი და სამსახურის შეცვლაც ხშირად მოუწევს, რადგან კონკურენცია მაღალია და სამუშაოს მძებნელთა რიგიც უწვეტია.
– რას ურჩევდით მშობლებს, თუ მათი შვილი „ცუდი“ მოსწავლეა, არ შეუძლია, კარგი მშენებელი ან იურისტი იყოს?
– ასეთ მშობლებს ვეტყოდი, რომ ის, რასაც შვილები მშობლებისგან ელიან, არის უპირობო მხარდაჭერა, განსაკუთრებით ასეთ საკითხებში. არ არის აუცილებელი, შვილს ვაიძულოთ, იყოს იურისტი – თუ არ უნდა იურისტობა. საერთოდაც, ყველანი იურისტები და ექიმები ვერ ვიქნებით. მხარი დაუჭირეთ შვილებს მათი ძლიერი მხარეების კიდევ უფრო განვითარებაში. ასე აღზრდით პიროვნებას, რომელიც საბოლოოდ შეძლებს, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ცხოვრებაზე, როცა ამის დრო მოვა.
– მიმართეთ მშობლებს და მომავალ თაობას, რა იქნებოდა თქვენი სათქმელი?
– მეგობრებო, წარმატება დგას ძლიერი მხარეების დემონსტრირებაზე. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ვიპოვოთ ჩვენი უპირატესობები, აღმოვაჩინოთ ჩვენი ტალანტები, გავიგოთ, რა გვანიჭებს სიამოვნებას, რის კეთება გვიყვარს და ამ კუთხით ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე. სკოლაში ოქროს მედალოსნობა არ ნიშნავს გარანტირებულ წარმატებას მომავალ პროფესიაში. ასევე, არ არის აუცილებელი, ყველამ უნივერსიტეტი დაამთავროს, ჩემს გარშემო უამრავი ადამიანია საუნივერსიტეტო განათლებით იმაზე ბევრად მცირე ანაზღაურებით, ვიდრე ადამიანთა მეორე ჯგუფს აქვს, ექვსთვიანი კურსის გავლის შემდეგ. მთავარია, ჩვენი ნიშა ვიპოვოთ და არ შევწყვიტოთ განვითარება. მშობლებო, მხარი დაუჭირეთ და გარკვეული ასაკიდან მიეცით შესაძლებლობა შვილებს, საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლობა აიღონ.
– ახლა რომ გიწევდეთ არჩევანის გაკეთება, რომელზე შეაჩერებდით არჩევანს – ფორმალური თუ არაფორმალური განათლება?
– ცალსახად პასუხის გაცემა რთულია. არსებობს სფეროები, სადაც ფორმალური განათლება აუცილებელია და ეს ძალიან სწორიცაა, თუმცა, რადგან პირად გამოცდილებაზე მეკითხებით, შემიძლია, ვიყო გულახდილი: მე ძალიან კარგ სკოლაში ვსწავლობდი, არაჩვეულებრივი მიდგომებით და ძალიან ბევრი უნარის განვითარება შევძელი მაღალ კლასებში. აქტიურად ვმონაწილეობდი სასკოლო კონფერენციებში, კლასგარეშე აქტივობებში და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მაღალ ქულაზე შეფასებული მოსწავლე ვიყავი. ვფიქრობ, სკოლას რის მოცემაც შეეძლო იმ პერიოდში ჩემთვის, მაქსიმალურად მომცა. რაც შეეხება უნივერსიტეტს, ორ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ახლა რომ იგივე გზას გავდიოდე, არც დროს და აღარც ფინანსებს დავხარჯავდი უნივერსიტეტებში. სულ რაღაც ექვსთვიანი კურსის გავლის შემდეგ ჩემი ანაზღაურება უნივერსიტეტის ლექტორის ჰონორარზე მეტია, საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ვთვლი, რომ საკმაოდ რეალიზებული ადამიანი ვარ.
დღეის მდგომარეობით, ფორმალური განათლება ძალიან საჭიროა, მაგრამ სამწუხაროდ, საკმარისი არ არის… ზოგადად, ვფიქრობ, ნელ-ნელა მსოფლიო მივა იქამდე, რომ რამდენიმე სფეროს გარდა ყველაფერი არაფორმალურ განათლებაზე გადავა და ადამიანები ბოლოს და ბოლოს იმის მიხედვით კი არ შეფასდებიან, რაშიც დიპლომი ან მაღალი ქულები აქვთ, არამედ იმის მიხედვით, თუ რა შედეგის დადება შეუძლიათ რეალურად. წარმატებისთვის მთავარია მიღებული ცოდნის რაციონალურად გამოყენება და ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ფორმალურ განათლებაში არ ისწავლება.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მზეო შველიძე
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება