როგორ დავალაგოთ ფაკულტეტები – განმარტება და გაფრთხილება 2024 წლის აბიტურიენტებს
13 მარტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ონლაინ ღია კარის დღე გამართა, სადაც 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებმა კითხვები დასვეს როგორც რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე გამოცდების ცენტრის წარმომადგენლებისგან რჩევების მოსმენის მიზნით.
„ნაეკის“ საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა, მაია გაბუნიამ ვრცლად უპასუხა აბიტურიენტის კითხვას, რომელიც ასე ჟღერდა: როგორ გვირჩევთ ფაკულტეტების დალაგებას, შეიძლება მაღალი ქულით ვერ მოვხვდეთ უნივერსიტეტში?
„რა თქმა უნდა, დალაგებას გირჩევთ იმ პრიორიტეტის მიხედვით, რასაც თქვენ ფიქრობთ და გინდათ. თქვენ უფლება გაქვთ, ერთი უნივერსიტეტის გნებავთ ყველა პროგრამა აირჩიოთ, გნებავთ სხვადასხვა უნივერსიტეტის ერთი პროგრამა აირჩიოთ ან სულ სხვადასხვა არჩევანი გააკეთოთ იმ საგნის მიხედვით, რომელსაც თქვენ აბარებთ, მაგრამ ყველას ვურჩევ ხოლმე, რომ სასურველი პროგრამები ჩამოწერეთ“, – განმარტა აბიტურიენტებისთვის მაია გაბუნიამ
რაც შეეხება მეორე საკითხს, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ აბიტურიენტი მაღალი ქულების მიუხედავად ვერ მოხვდეს უმაღლესში, NAEC-ის წარმომადგენლის თქმით, ასეთი შესაძლებლობა არსებობს. ასეთი შედეგი გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ახსნა.
„ნამდვილად შესაძლებელია, რომ მაღალი ქულა მიიღოთ და ვერ ჩაირიცხოთ, იმიტომ, რომ არჩევანი სწორად არ გქონდათ გაკეთებული. რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს: როდესაც, ვთქვათ პროგრამას გაზრდილი აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დადგენილ ზღვართან შედარებით. მაგალითად, ბიოლოგიაში დადგენილია 25% და მეტი, მაგრამ არის მთელი რიგი პროგრამებისა ჯანდაცვის მიმართულებით, სადაც გაზრდილია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი [უნივერსიტეტის მიერ]. ვთქვათ, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გახლავთ 70% და მეტი, თუ თქვენ ქულა მიღებული გაქვთ 50%-ზე მეტი, ეს თავისთავად, დაბალი შედეგი არ არის, თუ არ გაქვთ ის 70%-ზე მეტი მიღებული, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ პროგრამაზე ვერ ჩაირიცხებით.
აქვე გეტყვით, რომ ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტს არჩევანი აქვს გაკეთებული, არჩეული აქვს 7-8 პროგრამა და ვერ ირიცხება ვერცერთ პროგრამაზე. რატომ?, იმიტომ, რომ თითქმის ყველა პროგრამაზე [რაც აბიტურიენტმა მიუთითა] გაზრდილი იყო კომპეტენციის ზღვარი. თუნდაც ერთ საგანში რომ ვერ გადალახოთ ის გაზრდილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, სამწუხაროდ, ვერცერთ იმ პროგრამაზე ვერ ჩაირიცხებით. ამიტომ გთხოვთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ ცნობარს, ეს ინფორმაცია იქ მითითებულია. თუ თქვენ აბარებთ ორ არჩევით საგანს, აირჩიეთ არამხოლოდ ის პროგრამები, სადაც ორივე საგანი ბარდება, არამედ იყოს სხვა პროგრამა, უამრავია, სადაც ვთქვათ შეგიძლიათ ბიოლოგიით ჩაირიცხოთ, აირჩიოთ ქიმია და ა.შ“, – თქვა ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში მაია გაბუნიამ.
ჯანდაცვის მიმართულების არჩევის მსურველმა აბიტურიენტებმა მიიღეს გაფრთხილება, რომ სამედიცინო, ჯანდაცვის მიმართულებაზე, სადაც ყველა მიმართულებაზე აუცილებელია 4 სავალდებულო საგნის ჩაბარება (ქართული, უცხო ენა, ბიოლოგია და ქიმია, ფიზიკა ან მათემატიკა), თუ ოთხივე საგანში აპლიკანტი არ გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს და რიგ შემთხვევაში გაზრდილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, ჯანდაცვის მიმართულებაზე მისი ჩარიცხვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ განხორციელდება. დღემდე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები კი, როგორც მაია გაბუნიამ განმარტა, იგივე რჩება და არ იცვლება.
ასევე იხილეთ:
როცა აბიტურიენტი ხარ და პრიორიტეტული პროგრამების და უმაღლესების ჩამონათვალს ადგენ
6 რეკომენდაცია აბიტურიენტებს 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- როცა პროფესიას ირჩევ – რეკომენდაციები პროფესიისა და სასწავლებლის შერჩევისთვის by რჩევები
- როგორ დავალაგოთ უნივერსიტეტები წარმატებით – 5 ეტაპი რჩევის სახით და მთავარი გაფრთხილება აბიტურიენტებს by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- „სანამ წერას და არგუმენტებზე ფიქრს დაიწყებთ, ეს გააკეთეთ“ – 7 რეკომენდაცია აბიტურიენტებს ლიტერატურის გამოცდის წინ by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე