GE

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს მოხდენილად წერაში – მასწავლებლის ბლოგი კოლეგებისთვის და არა მხოლოდ

ავტორი ია კუსრაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ხელით წერის აუცილებლობის თაობაზე

დისტანციური სწავლების პერიოდში ქართველ მოსწავლეებში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა კომპიუტერული უნარ-ჩვევების დაუფლებამ და საოფისე პროგრამების მომხმარებელთა რიცხვმაც ერთიათად იმატა. შესაბამისად, ტენდენციური გახდა საშინაო დავალებების კომპიუტერულ ფურცლებზე, Word-ის ფაილებში შესრულება. ეს ერთგვარ მოდად იქცა ჩემს მოსწავლეებს შორისაც და, რომ გადახედოთ გამოგზავნილი საშინაო დავალებების საერთო რაოდენობას, ადვილად შეამჩნევთ, მათი 80% ელექტრონულ ფორმატშია შესრულებული. ამის წინააღმდეგი არ ვარ, არც ბავშვებს ვუშლი, ერთი ფაქტორი კი მაფიქრებს. შეგიმჩნევიათ, რომ ტელეფონებისა და ლეპტოპების კლავიატურაზე მიჩვეულ პატარა თითებს უფრო და უფრო უჭირთ მოხდენილად წერის ტექნიკის დაუფლება? ამას თითქოს უმნიშვნელო ფაქტადაც კი აღიქვამენ, ყურადღებას აღარ აქცევენ, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ხელით წერა და ესთეტიკურად დახვეწილი ნამუშევრის შესრულება პატარა საქმე არაა, რადგან მოსწავლისაგან მოითხოვს ძალისხმევას და საკუთარ თავზე მუშაობის უნარსაც მშვენივრად ავითარებს. მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ მოსწავლეებს, რომელთაც ხელით წერა უწევთ, მნიშვნელოვნად აქვთ განვითარებული კითხვის უნარები.

მახსოვს, ჩემს ბავშვობაში მასწავლებლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ „სუფთა წერას“ (აქ, სისუფთავის გარდა, ლამაზად შესრულებული ნაწერიც იგულისხმებოდა). გამომდინარე იქიდან, რომ ცაცია გახლავართ, „სუფთად წერა“, რბილად რომ ვთქვათ, არ გამომდიოდა და ჩემი ნაწერი ყოველთვის მელნით იყო დასვრილი. ხშირად ვბრაზობდი შენიშვნაზე და ნაწერის სილამაზის აუცილებლობას ვერ ვაცნობიერებდი, თუმცა მრავალჯერადმა აქტიურმა მოწოდებებმა მაინც გაჭრა და კალიგრაფია საგრძნობლად გამოვასწორე. ახლა რომ ვფიქრობ, უზომოდ მადლიერი ვარ ამ შენიშვნების გამო. გავიდა წლები, დღეს უკვე მე ვარ მასწავლებელი და იმავე ინტენსივობით არა, მაგრამ მაინც მოვუწოდებ ჩემს მოსწავლეებს საშინაო დავალების სუფთად და მოწესრიგებულად შესრულებისაკენ. გამოცდილებამ დამანახვა, რომ რომ ამგვარმა მოწოდებამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო სხვადასხვა კატეგორიისა და აკადემიური მოსწრების მოსწავლებში. კონკრეტულ მაგალითსაც მოვიხმობ (მოსწავლის სახელი, ცხადია, შეცვლილია):

გიორგის პირველი წელია ვასწავლი. სამწუხაროდ, სწავლისადმი დიდი ინტერესი არასდროს გამოუჩენია. მას ინდეფერენტული დამოკიდებულება ჰქონდა როგორც ზეპირი მოხსენების, ისე წერითი დავალებისადმი. წერდა უსუფთაოდ, გაურკვევლად და მარტივი, 3-4 სიტყვიანი წინადადებებით, სამსჯელო კითხვებზე წერილობითი პასუხის გაცემის დროსაც კი არასრული, მოკლე წინადადებებით შემოიფარგლებოდა. დავალების კითხვის დროს მას საკუთარი ნაწერის გარჩევა და ამოკითხვა უჭირდა, რის გამოც ხშირად ითრგუნებოდა და რვეულს უხალისოდ აგდებდა ჩანთაში. გადავწყვიტე დავხმარებოდი, ცოტათი მაინც გამეუმჯობესებინა მისი კალიგრაფიული უნარები და ამ მარტივი გზით-თვითშეფასებაც. უკვე მეორე ცდაზე მისმა და ჩემმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. თავდაპირველად, გადასაწერად 1 წინადადება მივეცი და ვთხოვე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოენდომებინა და ლამაზად, უშეცდომოდ გადაეწერა. გამოუვიდა! პირველმა საგრძნობმა შედეგმა გაახარა. განსაკუთრებულად ლამაზი სიტყვები მწვანე კალმით მოვუნიშნე და ქების სიტყვებიც არ დავიშურე. შემდეგი დავალება ჩემ მიერ ნიმუშად მიწოდებული ლამაზად შესრულებული ნაწერის (ოღონდ არა თანაკლასელის) შეძლებისდაგვარად მიბაძვა იყო. აქაც წარმატებას მივაღწიეთ. მოკლედ რომ ვთქვათ, გიორგისთან მუშაობას ახლაც ვაგრძელებ პატარ-პატარა დავალებების მიცემით თუმცა უნდა მოგახსენოთ, რომ კალიგრაფიის გამოსწორების გარდა, გაუმჯობესდა მისი წერითი და სააზროვნო უნარები, გიორგის აღარ ერიდება და აღარ უჭირს კლასელების წინაშე საკუთარი დავალების წარდგენა. ერთ სფეროში წინგადადგმულმა ნაბიჯმა ჯაჭვურად გამოიწვია სხვადასხვა უნარის განვითარება. ნათქვამია, წარმატება წარმატებას იზიდავსო და პროგრესი მართლაც რომ თვალსაჩინო გახდა. გიორგის მაგალითით შთაგონებულმა და გაგულისებულმა, გადავწყვიტე, დისტანციური სწავლების პერიოდშიც სახალისო დავალება შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს და ლამაზად წერის მინი კონკურსი ჩავატარო. ნამუშევრებს კი განმავითარებელ შეფასებებს დავუწერ და ყურადღებას მხოლოდ დადებითზე გავამახვილებ.

ვეცდები, თანმიმდევრულად ჩამოვაყალიბო ის ძირითადი დაკვირვებები, რომლებიც მუშაობის პროცესში გამოიკვეთა:

  • აუცილებლად ვიწყებთ უმარტივესი დავალებით (თუნდაც 1 წინადადება) მნიშვნელოვანია, რომ არ დავაფრთხოთ მოსწავლეში ენთუზიაზმი;
  • კალიგრაფიაზე ვარჯიში უნდა იყოს დროში ლიმიტირებული. მაქსიმუმ 10 წუთი;
  • შეგვიძლია ნიმუშად ლამაზი ხელნაწერი მივაწოდოთ და შეეცადოს, რომ მიამსგავსოს ნაწერი (ნიმუში არ უნდა ეკუთვნოდეს თანაკლასელს);
  • არ არის აუცილებელი, ვარჯიშს ყოველდღიური ხასიათი მივცეთ, რომ ბავშვს მოყირჭების შეგრძნება არ დავუტოვოთ;
  • ნურასდროს შეადარებთ მოსწავლეებს ერთმანეთს, რათა რომელიმეს თავმოყვარეობა და თვითშეფასება არ შეებღალოს;
  • თუ მოსწავლეს პირადად ვხვდებით და ვუმოწმებთ ნამუშევარს, შეგვიძლია განსაკუთრებულად ლამაზად დაწერილი სიტყვები მწვანე კალმით შემოვუხაზოთ. წითელი კალმის ფერი ბავშვებში შეცდომაზე მითითების შეგრძნებას ტოვებს. ასე რომ, ფერი მნიშვნელოვანია;
  • ონლინ შეხვედრის დროს, როდესაც მოსწავლე ატვირთავს მის მიერ შესრულებული ნაწერის ფოტოს, მასწავლებელმა უკუკავშირის სახით აუცილებლად უნდა მისწეროს დადებითი და განვითარებაზე ორიენტირებული კომენტარი.

და მაინც, რა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ხელით წერის უნარის განვითარებას მოსწავლეებში? გარდა იმისა, რომ მას უვითარდება მოტორული და კოგნიტური ფუნქციები, ამასთან:

  • ხელით წერა და კალიგრაფიის სრულყოფის პროცესი უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, რომლებიც მოსწავლეს ერთგვარ დისციპლინას უვითარებს. მან იცის, რომ შედეგის მისაღწევად ძალისხმევა სჭირდება;
  • მოსწავლეს უმძაფრდება ესთეტიკური განცდა და შემოქმედებითი უნარი;
  • ის კმაყოფილებას განიცდის თავისი ნაშრომის გამო და ემატება თავდაჯერებულობა;
  • საკუთარი წარმატების აღქმის შემდეგ მას მეტის მიღწევის სურვილი აღეძვრება;
  • მოსწავლეს უვითარდება წერის სიყვარული;
  • წერას თერაპიული და დამამშვიდებელი ფუნქციაც აქვს.

მოგეხსენებათ, ხელით წერის უძველესი მაღალმხატვრული ტრადიცია ოდითგანვე არსებობდა ჩვენში, რატომ უნდა დავკარგოთ და დავივიწყოთ ის, რაც ასე ეროვნული და მნიშვნელოვანია? ქართული ხელნაწერისა და ჩვენი უნიკალური ანბანის დაფასება პატარა ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს, რაც, თავის მხრივ, ეროვნულ სულისკვეთებასაც გაუღვივებს მოზარდებს და თავდაჯერებულობასაც შემატებს. 21-ე საუკუნის უნარებს კი ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ, მაინც შეიძენენ, რადგან პროცესი შეუქცევადია.

ავტორის შესახებ

ასევე იხილეთ:

…როდესაც გაკვეთილს გააცდენდა ვინმე, „ძალიან გვაკლდიო“ – ეტყოდით ხოლმე – ბელ კაუფმანის წერილი მასწავლებელს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური