„როგორ დავგეგმო და გავატარო სასკოლო არდადეგები ისე, რომ არ გავზარმაცდე“ – რჩევები მოსწავლეებს მოსწავლისგან
ზამთრის არდადეგების დაწყებამდე და დაწყების შემდეგაც, აქტუალური ხდება კითხვა: „როგორ დავგეგმო სასკოლო არდადეგები და როგორ გავატაროთ ეს დღეები ისე, რომ არ გავზარმაცდეთ“. მოსწავლეებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ, თუმცა, EDU.ARIS.GE თბილისის #23-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს ესაუბრა, რომელმაც საკუთარი საინტერესო გამოსავლები გაგვიზიარა.
იოანე მიროტაძე მუსიკოსია, ბაზ-გიტარაზე უკრავს და ჯაზის მიმართულება აქვს არჩეული. ის ფიქრობს, რომ კარგი დასვენება ყველას თანაბრად სჭირდება და ამ მხრივ, არც მოსწავლეები არიან გამონაკლისი.
– იოანე, პირველ რიგში გვითხარი, თუ საუბრობთ სკოლაში, სად და როგორ გეგმავთ არდადეგების გატარებას?
– რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ, რადგან არდადეგებამდე მცირე დროა დარჩენილი. ჩემ გარშემო ყველას აქვს სურვილი, რომ დასვენებისთვის მშვიდი ადგილი აირჩიოს. მაგალითად, ბევრი თანატოლი მეუბნება, რომ უნდათ, არდადეგები სოფელში გაატარონ, წაიკითხონ, ივარჯიშონ, ითამაშონ და განტვირთვა შეძლონ. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის თვეა და ცივა, უმეტესობას საკუთარ სოფელში უნდა, რადგან მშობლიური გარემო ენატრებათ. პირადად ჩემი გამოცდილებით, იმის თქმა შემიძლია, რომ თუ სადმე ქალაქგარეთ არ მივდივართ, საკუთარ სახლშიც შეგვიძლია ისეთი არდადეგები მოვიწყოთ, რომელზეც ყველა ოცნებობს.
– პირადად თქვენ თუ გაქვთ გადაწყვეტილი, როგორ გაატარებთ არდადეგებს და რა გეგმით აპირებთ ხელმძღვანელობას?
– ცოტა ხანს დავისვენებ ხალხისგან, ჩემს თავს და მუსიკას დავუთმობ დროს, არდადეგებს ყველაზე მეტად ამიტომ ველოდები. ვფიქრობ, დროის უმეტესი ნაწილი სახლში გავატარო, თუმცა, გარეთაც ხშირად ვუკრავ ხოლმე. რაც შეეხება გეგმას, გარდა მუსიკისა, ვაპირებ, ყურადღებით გადავიკითხო სასკოლო ლიტერატურა იმ საგნებში, რომელშიც გარკვეული ჩავარდნები მქონდა. ასევე, არდადეგებისთვის შემოვინახე რამდენიმე კარგი წიგნი და მათ წაკითხვასაც შევეცდები. მეგობრებისა და ოჯახის წევრებს დროს აქამდეც ვუთმობდი, მაგრამ ახლა, ალბათ, უფრო მეტ დროს დავუთმობ. ამ მომენტისთვის ჩემი გეგმა ასეთია. მინდა, განვვითარდე როგორც მოსწავლე, ისე პიროვნება და მუსიკოსი, ვნახოთ რა შეიცვლება.
– როგორ გამოიყურება თქვენთვის საოცნებო არდადეგები, არის იქ მეცადინეობის დრო და ადგილი?
– მოსწავლეებისთვის საოცნებო არდადეგები განსხვავებულია. ბევრი ფიქრობს, რომ საოცნებო არდადეგები „არაფრის კეთებაა“, იმედია, უფრო მეტი ფიქრობს და ჩემს გარშემო ასეცაა, რომ იდეალურია არდადეგები, როცა დრო გაქვს საკუთარი თავისთვის და სხვა ადამინებისთვისაც, არ ხარ „გადარბენაზე“ და ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო ამბებსაც ყურადღებას აქცევ. ბევრს ფიქრობ და დრო გაქვს ამისთვის. არდადეგების პერიოდში, ის დრო, რომელსაც სკოლაში ვატარებთ უკვე ჩვენს ხელშია და სრული თავისუფლება გვაქვს, სწორედ ესაა იდეალური, რომ როცა მთელი დღე ჩვენს განკარგულებაშია, ის უნდა ვაკეთოთ რაც გვინდა.
– არდადეგები თავგადასავლებთან ასოცირდება, თქვენ რა ისტორია გაქვთ ამ დღესთან დაკავშირებული?
– გასულ ზამთრის არდადეგებზე პირველად დავუკარი ხალხის წინაშე და ეს იყო ჩემთვის განსაკუთრებული თავგადასავალი. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ნერვიულობად ღირდა და სხვათა შორის არდადეგების დრო ძალიან დამეხმარა, რომ ბევრი მემუშავა და უფრო თავდაჯერებული ვმდგარიყავი მსმენელების პირისპირ.
– რა რჩევას მისცემდით მოსწავლეებს, როგორ დაგეგმონ ისეთი არდადეგები, რომელიც არ „გააზარმაცებთ“?
ჩემი რჩევები ასე გამოიყურება:
- გახსოვდეთ რომ არდადეგები არის დასვენება და არა გაჩერება, ასე რომ, საყვარელი საქმე არ დაივიწყოთ, ეს საქმე თქვენს პიროვნებას ავითარებს;
- 2 კვირაში შესაძლებელია, სკოლაში „ცუდად ნასწავლ“ თემებს მიუბრუნდე და უფრო მეტი ცოდნაც შეიძინო. ამისთვის დღეში 1 საათიანი მეცადინეობაც საკმარისია;
- მიუხედავად იმისა, რომ გარეთ სიცივეა, 15-20 წუთი მაინც გამოყავით სეირნობისთვის. დააკვირდით გარემოს და ადამინებს, თუ შემოქმედებითი პიროვნება ხართ, აუცილებლად მოგეცემათ ინსპირაცია და უფრო მეტს იფიქრებთ იმაზე, რაზეც შეიძლება, აქამდე არ გიფიქრიათ;
- აწარმოეთ დღიური ან ჩანაწერები. აღწერეთ რას აკეთებდით ყოველდღიურად და როცა არდადეგები დასრულდება, ეს ძალიან საინტერესოდ მოგეჩვენებათ. წლების შემდეგ კი შეიძლება, ამ ჩანაწერებმა კარგ ხასიათზეც დაგაყენოთ და განწყობა აგიმაღლონ;
- დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებს, ახლა მაინც გვაქვს თავისუფალი დრო და გული არავის დასწყვიტოთ;
- არ დაგავიწყდეთ თქვენი ინტერესები და ჰობი. იმუშავეთ და დატკბით საყვარელი საქმის კეთებით, იყავით უფრო აქტიურები, როგორც ფიზიკურად, ისე სოციალურად;
- თუ არდადეგების დროს სირთულეები შეგხვდათ და რაღაც ისე არ მიდის, როგორც გინდოდათ, ხატეთ, წერეთ, იმღერეთ, იცეკვეთ, ჭამეთ, ფილმს უყურეთ… ის გააკეთეთ, რაც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.
– იოანე, ბოლოს მინდა გკითხოთ, არდადეგების მოლოდინი განსაკუთრებით იმ ბებია-ბაბუებს აქვთ, ვინც შვილიშვილებს ხშირად ვერ ნახულობენ, რას ეტყოდით თანატოლებს, რამდენად აუცილებელია, რომ მათთვისაც გამოყონ დრო და თავი არ მოანატრონ?
– ჩემი აზრით, ბებია-ბაბუებთან ურთიერთობას იმდენი დრო უნდა დავუთმოთ, რამდენსაც დედ-მამებთან და თანატოლებთან ურთიერთობას ვუთმობთ, რადგან შეიძლება, მათზე თბილ და პოზიტიურ ხალხს ვერც შევხვდეთ. ის სითბო და ყურადღება, რომელიც უფროსი თაობისგან მოდის, აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ და ამიტომ, არა მხოლოდ ჩემ თანატოლებს, არამედ ყველას ვურჩევ, არდადეგები ისე არ დაასრულოთ, რომ ბებია-ბაბუებს არ მოეფეროთ. ეს მხოლოდ მათ არ გააბედნიერებს, თქვენც უკეთეს ადამინებად გაქცევთ.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება