GE

როგორ დავიმახსოვროთ რთული სიტყვები უცხო ენაში და სწორად გადავიტანოთ პასუხების ფურცელზე – სპეციალისტის ინსტრუქციები აბიტურიენტებისთვის

უცხოური ენები ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი სავალდებულო საგანია და მისი წარმატებით ჩაბარების გარეშე აბიტურიენტი სტუდენტი ვერ გახდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტს შეუძლია ჩააბაროს ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული ენა. აბიტურიენტებს და არა მხოლოდ მათ, ხშირად უჭირთ უცხო ენაში რთულად დასამახსოვრებელი სიტყვების გამოთქმა და ამ სიტყვების უშეცდომოდ წერა. ეს, რასაკვირველია, მარტივი გამოწვევა არ არის, რადგან თუ სიტყვის გახსენებისა და გადატანის ნაწილში შეცდომას დაუშვებენ, ტესტშიც უსათუოდ დაკარგავენ ქულას.

EDU.ARIS.GE – ს ინგლისური ენის სპეციალისტი, თეონა შავგულიძე ესაუბრა და ჩვენი საშუალებით, აბიტურიენტებს იმ მარტივ სტრატეგიებზე მოუყვება, რომლის გამოყენებითაც აპლიკანტები შეძლებენ, რომ რთულად დასამახსოვრებელი სიტყვები მარტივად ჩაიბეჭდონ გონებაში და პასუხების ფურცელზე მისი სწორად გადატანაც შეძლონ.

–  თეონა, პირველ რიგში, გვითხარით, რომელი სიტყვები ითვლება რთულად დასამახსოვრებლად აბიტურიენტებისთვის და რატომ?

– სიტყვების სწავლა ბევრი აბიტურიენტისთვის სირთულეს წარმოადგენს, მით უმეტეს მაშინ, თუ მათ მწირი წინარე ცოდნა აქვთ. ასეთი შემთხვევები კი, არცთუ იშვიათია. ყველა აბიტურიენტი ინდივიდუალურია და ყველა სხვადასხვანაირად ცდილობს, დაიმახსოვროს მათთვის რთული სიტყვები. როგორც წესი, რთულად გამოსათქმელი სიტყვების წერა აბიტურიენტებს და არა მხოლოდ მათ უჭირთ. მაგალითად, უჭირთ, რომ სწორად გადაიტანონ პასუხების ფურცელზე ასეთი სიტყვები: “actually,”  basically”  “honestly”, “ladder”.. თუმცა გეტვით, რომ ამაზე მეტად უჭირთ  ფრაზული ზმნების, იდიომებისა თუ წინსართების სწორად გადატანა. მაგალითად, სიტყვა “Go” – ნიშნავს წასვლას, მაგრამ ფრაზული ზმნა go off  აფეთქებას. ასევე, მაგალითად, სიტყვა “Book”, როგორც არსებითი სახელი, ნიშნავს წიგნს, ხოლო როგორც ზმნა – to book, ნიშნავს დაჯავშნას. ეს საკმაოდ ხშირად დაშვებული შეცდომაა და წერის დროსაც იჩენს თავს, რადგან აბიტურიენტს არასწორად გადააქვს სიტყვა პასუხების ველში.

– რამდენი ქულა შეიძლება დაკარგოს აბიტურიენტმა, თუ საგამოცდო ტესტში სიტყვას არასწორად დაწერენ?

– საგამოცდო ტესტში წერით დავალებას ყველაზე დიდი შეფასება აქვს. სიტყვების სწორად, გასაგებად დაწერა კი ძალიან დიდ როლს ასრულებს აზრის სწორად ჩამოყალიბებაში. თუ გამსწორებელი ამათუ იმ სიტყვას ვერ გაიგებს, ჩათვლის, რომ თემა ბუნდოვანი, აზრს მოკლებული და არალოგიკურია. ამიტომ, ბევრი უნდა იმუშაოს აბიტურიენტმა არა მხოლოდ სიტყვების, არამედ ფრაზებისა და წინადადებების სწორად გამოყენებაზე. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი ქულის დაკარგვაზე შეიძლება იყოს საუბარი, რადგან გააჩნია, რამდენი ასეთი შეცდომა ქვთ დაშვებული, მაგრამ თუ ბევრი შეცდომა იქნება გადატანაში, ტესტი რაც არ უნდა კარგად ჰქონდეთ შესრულებული, მნიშვნელოვან ქულებს დაკარგავენ.

– თქვენ რა სტრატეგიებს იყენებთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?

– მე, პირადად, შედეგის მისაღწევად სხვადასხვა სტრატეგიებსა და მეთოდებს ვიყენებ. ვცდილობ, სიტყვების სწავლა მოსაბეზრებელ პროცესად არ იქცეს. ყოველთვის ვურჩევ აბიტურიენტს, თუ უჭირს სიტყვების დამახსოვრება ჩამოწეროს „სტიკერებზე“, გააკრას სახლში თვალსაჩინო ადგილას. თვალი ხშირად შეხედავს და ვიზუალური მეხსიერება თავის საქმეს აუცილებლად გააკეთებს. ძალიან დიდ როლს ასრულებს და აბიტურიენტებსაც ძალიან უყვართ სხვადასხვა საინტერესო ვიდეოების ყურება. უამრავი საიტია, საიდანაც შეიძლება აბიტურიენტისთვის საინტერესო თემატიკა შეირჩეს. ამ მეთოდით სმენითი მეხსიერება ასრულებს თავის როლს. კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც ჩემს შემთხვევაში ეფექტურია, არის სიტყვების დამახსოვრება წინადადებებში. როცა არ ამახსოვრდებათ, მე ვაწვდი სხვადასხვა წინადადებებს, ან ვუწერ, ან ზეპირად ვეუბნები. უმეტესად, ერთხელ ნათქვამი, მეორედ უკვე ახსოვთ. ხანდახან, თავად ადგენენ სხვადასხვა წინადადებებს. როცა თვითონ უწევთ ფიქრი და წინადადებების შედგენა, ამ შემთხვევაშიც არაჩვეულებრივი შედეგი დგება.

– და ბოლოს, მიეცით რჩევა აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ, რომ ეს შეცდომები მისაღებ გამოცდებზე არ დაუშვან და პასუხების ფურცელზე სიტყვების გადატანაც სწორად მოახერხონ…

–  თუ მოსწავლე დამოუკიდებლად ემზადება, ვურჩევდი მოძებნოს ის მეთოდი, რომელიც მას გაუადვილებს რთული სიტყვების სწავლის პროცესს. მაგალითად, მოკლე ვიდეოების ყურება, როგორც წესი ძალიან ეფექტურია. ასევე, კარგია სხვადასხვა ინგლისურენოვანი სიმღერების მოსმენა (თუ გაუგებარია ტიტრებით). შედეგიანია მოკლე დიალოგების მოსმენა, სხვადასხვა ფრაზებისა თუ სიტყვების ამოწერა, ბევრჯერ გამეორება. ასეთ დროს, ვიზუალური მხარეც მუშაობს და სმენითიც. მთავარი კი, რასაც ვურჩევდი ესაა, რომ როცა გამოთქვამენ სიტყვას 3-4-ჯერ მაინც გაიმეორონ და ამავე რაოდენობით გამოწერონ ეს სიტყვა, ეს ნამდვილად დაეხმარებათ

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა იმეცადინოს აბიტურიენტმა უცხო ენის ტესტის დავალებებზე სწორად – სპეციალისტის რეკომენდაციები და მაგალითები

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური