როგორ გაიგეს თემების თეზისები და როგორ იმსჯელეს აბიტურიენტებმა ქართულის გამოცდაზე – „წელს კარგი თემები მოგვივიდა“
„ყველაზე საინტერესო და სასიამოვნოდ სააზროვნო აბიტურიენტისთვის“, – ასე აფასებს არაერთი სპეციალისტი წელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, წერით დავალებად მოსულ თემებს, რომლებზეც აბიტურიენტებს უნდა ემსჯელათ.
აბიტურიენტთა ქართულის ტესტებში მოცემულ თემებსა და სავარაუდო რთულ ვარიანტზე რეპეტიტორი საუბრობს
ტესტირება 3-4 ივლისს 4 სესიად წარიმართა და გამოსაცდელებმა სხვადასხვა ვარიანტების მიხედვით, ტექსტის რედაქტირების, წაკითხულის გააზრებისა და წერითი დავალებები შეასრულეს.
მშობლიური ენის გამოცდამდე ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ტესტში შეტანილი ავტორების ვინაობა და ის თეზისები, რომელთა მიხედვითაც აბიტურიენტმა თავისი მსჯელობა უნდა ააგოს. წელს აბიტურიენტებმა წერითი დავალება შემდეგი თეზისების მიხედვით შეასრულეს:
3 ივლისი, I ვარიანტი:
ვაჟა-ფშაველას ლექსი „ჩემი ვედრება“ – „პიროვნული თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა ხშირად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსეა“.
გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა „ასვლა“ – „მხოლოდ საქმის სიყვარულით შეიძლება ადამიანმა წინააღმდეგობები გადალახოს“.
3 ივლისი, II ვარიანტი:
გივი გეგეჭკორის ლექსი „ნუ წახვალ ისე, რომ არავის არ სცე ნუგეში“ – „ადამიანის უპირველესი მოვალეობა სხვების თანადგომა და მათზე ზრუნვაა“.
ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია-ადამიანი?!“ – „ცრუ წარმოდგენები ადამიანს რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარს უკარგავს“.
4 ივლისი, III ვარიანტი:
„ვეფხისტყაოსანი“ – „რამდენად გამართლებულია, რომ ადამიანი მიზნის მისაღწევად მორალური პრინციპების წინააღმდეგ წავიდეს“.
ნოდარ წულეისკირის მოთხრობა „ბარკლაი დე ტოლის სიზმრები“ – „რამდენად შესაძლებელია, რომ ადამიანმა ნებისმიერ ვითარებაში შეინარჩუნოს შებრალების უნარი“.
4 ივლისი, IV ვარიანტი
გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „მთაწმინდის მთვარე“ – „საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ადამიანს დიადი მიზნების დასახვაში ეხმარება“.
ნიკოლოზ გაბაონის რომანი„აივნიანი ქალაქი“ – „ბედნიერების მისაღწევად ზოგჯერ ადამიანები ახლობლების წინააღმდეგ წასვლასაც კი არ ერიდებიან“.
რამდენად სწორად იყო შერჩეული ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შეტანილი თეზისები და როგორ დაინახეს აღნიშნული საკითხების კავშირი თანამედროვეობასთან – ამ შეკითხვებით EDU.ARIS.GE-მ ტესტირების სხვადასხვა სესიიდან გამოსულ აპლიკანტებს მიმართა და მათი შეფასებები მოისმინა.
როგორც აბიტურიენტმა ბაჩო თაბაგარმა, გამოცდის მეოთხე ვარიანტის წერის შემდეგ, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, თეზისები საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა და გამოსაცდელს თემის მრავალმხრივ გაშლის შესაძლებლობას აძლევდა. აქედან გამომდინარე, თაბაგარი, რომელიც ბიოსამედიცინო ინჟინერიაზე აბარებს, თვლის, რომ წელს თეზისები სწორად იყო შერჩეული.
„თეზისები ბევრ საკითხს ეხებოდა, რაც კარგია იმისთვის, რომ ადამიანმა იაზროვნოს, მოცემული თეზისი გაშალოს. ეს ყველაფერი გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. დავუშვათ, თუ თეზისი პატრიოტიზმზეა მოცემული და აღნიშნულ საკითხზე რამე ინფორმაცია არ გვაქვს, თემას ვერ დავწერთ. წელს შემოსული თეზისები, ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა და ვფიქრობ, სწორადაც იყო შერჩეული. მე თემა დავწერე არაპროგრამული მასალიდან, რომლის თეზისიც, დაახლოებით, ასე ჟღერდა: „ბედნიერების მისაღწევად ადამიანი, შესაძლოა, ახლობლების წინააღმდეგ წავიდეს“. ამ თეზისის თანამედროვეობაში გადმოტანა არ გამიჭირდა და თბილისში დღევანდელ აქციებს დავუკავშირე. ყველა ვხედავთ, რაც ხდება დღეს საქართველოში. ქართველები ევროპისკენ მისწრაფებისა და საკუთარი ბედნიერებისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ მიდიან – არადა, ყველა ერთმანეთის ახლობელია. მიმაჩნია, რომ წინააღმდეგობის გაწევა ამ საკითხზე ცუდია, თუ ევროპისკენ წავალთ – ძალიან კარგია“, – გვითხრა ბაჩო თაბაგარმა.
აისო ნასიბოვისთვის კი თეზისი იმდენად აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა, რომ აბიტურიენტს, წერითი დავალების შესრულებისას, ყურადღების გამახვილება საზოგადოებაში დღეს არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მოუწია.
„მე ვარ თურქი და დიდი ხანია, ვსწავლობ საქართველოში. ზოგადად, ძალიან მიყვარს ქართული ენა და ლიტერატურა. თემა, რომელიც დასაწერად ავირჩიე, ძალიან საინტერესო იყო და ადამიანის მიერ ბედნიერების მიღწევას და მის გზებს უკავირდებოდა. ამ თემის პარალელი აბო თბილელის ცხოვრებაში დავინახე. აბომ უარყო ისლამი და ამით საბოლოოდ ბედნიერებას მიაღწია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი თეზისის თანამედროვეობაში გადმოტანა იყო. დღეს ადამიანები ხშირად ხვდებიან უსამართლობას, იჩაგრებიან, ვერ იცავენ საკუთარ პრინციპებს – ბევრია ასეთი ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი დასკვნა იყო ასეთი – არ უნდა დავჩაგროთ არავინ, ჩვენი აზრები და პრინციპები უნდა დავიცვათ, ბედნიერებისთვის უნდა გავაკეთოთ ის, რაც გვსურს. ადამიანი ისეთი არსებაა, რომ ყველაფერი შეუძლია, ის იმსახურებს ბედნიერებას. დღეს ეს საკითხი ძალიან აქტუალურია, რადგან სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც ხალხი ერთმანეთის აზრს პატივს არ სცემს და ადამიანები ვალდებულები არიან, რომ ბედნიერებისთვის სხვების არასასურველ აზრს შეეწინააღმდეგონ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ის აისო ნასიბოვმა, მომავალმა მედიკოსმა.
კიდევ ერთმა გამოსაცდელმა თბილისიდან, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, EDU.ARIS.GE-სთან თქვა, რომ თემა შეუწყნარებლობაზე დაწერა და თეზისის შინაარსის აქტუალობიდან გამომდინარე, საკითხი ძალაუფლებისა და პოსტტრავმული სინდრომის მქონე ადამიანებსა და მათი ქცევის ბუნებას დაუკავშირა:
„მესამე ვარიანტი ვწერე და წერით დავალებაში ავირჩიე არაპროგრამული ნაწარმოები – ადამიანის შებრალების უნარზე. პირველი პარალელი „გრაფი მონტე კრისტოდან“ მოვიყვანე – ის შეიცვალა მისი პატიმრობის შემდეგ. მოვიშველიე ნაპოლეონის ციტატა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „თუ გინდა გაიგო ადამიანი ვინ არის, მიეცი მას ძალაუფლება“. დავწერე – მთავარ პერსონაჟს ჰქონდა ძალაუფლება, რომ მოეკლა გერმანელი, მაგრამ დაინდო. ნაპოლეონის ციტატით ჩემი მსჯელობა გავამყარე. თანამედროვეობის ნაწილში ომთან გავავლე პარალელი და ვისაუბრე ერაყიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებზე, რომლებსაც პოსტტრავმული სინდრომი დაეწყოთ და ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც სასტიკები გახდნენ. ასევე დავწერე დაობლებულ ბავშვებსა და მშობლებზე იმ კუთხით, რომ თუ ერთი მშობელი იღუპება, მეორეს, შესაძლოა, დეპრესია დაეწყოს და ამან ძალადობა გამოიწვიოს. მაგალითიც მოვიყვანე რეალური ისტორია, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჯახის უფროსი – მამა გარდაიცვალა, დედამ კი შვილზე ძალადობა დაიწყო. მქონდა დასკვნაც და ვისურვე, რომ ნეტავ, ჩვენ ყველამ შევძლოთ და ნებისმიერ ვითარებაში ჩვენი მე შევინარჩუნოთ“.
ტესტირების მეორე ვარიანტზე იმუშავა საბა ბარამიამ, რომელმაც გვითხრა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ყველა თეზისი „რაღაცნაირად დღევანდელ ვითარებას უკავშირდებოდა“ და მსჯელობის საშუალებას იძლეოდა.
„კარგი სამსჯელო საკითხები იყო, ყველა მომეწონა და მინდოდა „ვეფხისტყაოსანი“ შემხვედროდა, მაგრამ გამოცდაზე მეორე ვარიანტი ვწერე და ავირჩიე პროგრამული ნაწარმოები – „კაცია-ადამიანი?!“, რომლის თეზისიც ასე ჟღერდა – „ცრუ წარმოდგენები ადამიანს რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარს უკარგავს“. თანამედროვეობასთან კავშირში კარგი სასაუბრო თემაა. ავიღოთ ხელოვნური ინტელექტი – მისი საშუალებით შექმნილი ვიდეოები უფროს თაობას რეალური ჰგონია და სინამდვილეს ვერ აღიქვამს ისე, როგორც უნდა აღიქვას. შეიძლება, მე და თქვენ ვანსხვავებთ ხელოვნური ინტელექტის ვიდეოებს რეალურისგან, მაგრამ აბა, ბებიაჩემს ჰკითხეთ?! ბებიაჩემი მაჩვენებს ხოლმე ვიდეოებს, სადაც მაგალითად, თხა ლაპარაკობს და მეუბნება – „ნახე, როგორი ტექნოლოგიები შემოვიდა – თხა აალაპარაკეს“. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ყველა თეზისი რაღაცნაირად დღევანდელ ვითარებას უკავშირდება და ვფიქრობ, სწორად შერჩეულია“, – აღნიშნა საბა ბარამიამ.
ბედნიერების გზების ძიებაზე დაწერა ვაჟა ხუჭუამ და როგორც მეოთხე სესიიდან გამოსულმა EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, იმდენად კარგი თეზისი იყო, „პარალელისა“ და „თანამედროვეობის“ დაწერას თავი ერთნაირი წარმატებით გაართვა.
„ტესტირებაზე შესვლამდე ვფიქრობდი, რომ თემის დაწერა გამიჭირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პარალელი „ოთარაანთ ქვრივიდან“ მოვიყვანე თეზისზე, რომელიც ადამიანის ბედნიერებისთვის ახლობლების წინააღმდეგ წასვლას უკავშირდებოდა. თემა იმდენად მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღესაც, რომ მისი თანამედროვეობის ნაწილში გადმოტანა ძალიან მარტივი იყო. სწორად იყო შერჩეული და ამ საკითხზე იმდენი რამის თქმა შეიძლება, თავისუფლად ვისაუბრე. ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვაგვარია, მაგრამ მთავარია, საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლა ყველამ შეძლოს“, – აღნიშნა გამოსაცდელმა.
ნიკა ერქვანიძემ კი, რომელმაც პარალელები სულხან-საბა ორბელიანისა და კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებასა და ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკურ-ფილოსოფიურ თხზულებასთან გაავლო, ადამიანის მიერ მიზნის მისაღწევად მორალური პრინციპების წინააღმდეგ წასვლის საკითხზე წერისას, მაგალითად ბრეტონ-ვუდსის სისტემა მოიყვანა და გვითხრა, რომ ამ თემაზე კიდევ ბევრი სხვა სათქმელიც ჰქონდა.
„დავწერე „ვეფხისტყაოსანზე“ („რამდენად გამართლებულია, რომ ადამიანი მიზნის მისაღწევად მორალური პრინციპების წინააღმდეგ წავიდეს“) – ძალიან კარგი იყო, ბევრი სათქმელი მქონდა. აქტუალობიდან გამომდინარე, საკმაოდ ხელსაყრელი თეზისი იყო, ბევრი მაგალითი გამახსენდა. პარალელები მოვიყვანე სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებიდან, „დიდოსტატის მარჯვენიდან“ გიორგი მეფისა და ჭიაბერის ამბავი და ასევე, ნიკოლო მაკიაველის მთავარი წერილი.
„ვფიქრობ, აქტუალობის ნაწილშიც საკმაოდ კარგად დავწერე. ვისაუბრე ამერიკულ საბანკო სისტემაზე, რომელიც ბრეტონ-ვუდსის სტანდარტის შემდეგ ძირითადად დაფუძნებულია დოლარზე, რომელსაც ფასი უაზროდ გაზრდილი აქვს. ამ სტანდარტის გამო, ამერიკაში შეიქმნა ბანკის სისტემა, რომელიც ფაქტობრივად არის პირამიდის თაღლითობა, რის გამოც, მსოფლიოს 350 მილიონამდე დოლარის ოდენობით საკუთარი თავის ვალი აქვს. ეს სტანდარტი მოგონილი იყო ვიეტნამის ომის შემდგომ. „ვეფხისტყაოსნიდან“ მოყვანილი იყო სიუჟეტი, როდესაც ტარიელი კლავს ხვარაზმელების უფლისწულს. ეს გამართლებული იყო სიყვარულის თვალსაზრისით, მაგრამ მეფის ერთგულების მხრივ გაუმართლებელია მიუხედავად იმისა, როგორი იყო მეფის გადაწყვეტილება ტარიელის მიმართ“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნიკა ერქვანიძემ.
კიდევ ერთ აბიტურიენტს, ალექსანდრე ციკოლიას მოეწონა, რომ თეზისები არა კონკრეტულ, არამედ ზოგად საკითხებს ეხებოდა, რაც, მისი აზრით, გამოსაცდელებს თემაზე სხვადასხვაგვარად მსჯელობის საშუალებას აძლევდა:
„წელს საკმაოდ კარგი თეზისები იყო, განსაკუთრებით პირველი ვარიანტისა და აბიტურიენტს შეეძლო, კარგად ემსჯელა. მე პირველი ვარიანტი ვიყავი და თემა დავწერე თეზისზე – „პიროვნული თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა ხშირად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსეა“. შინაგანი თავისუფლება არ არის კონკრეტული საკითხი, პირიქით, ისეთია, რომ ყველას შეუძლია თავისებურად იმსჯელოს და თემა კარგად გაშალოს. პარალელებიც უმარტივესია – მე შუშანიკსა და მის ცხოვრებასთან გავავლე პარალელი, რადგან შუშანიკი, მიუხედავად ზეწოლისა, პიროვნულად მაინც თავისუფალი ადამიანი იყო, ჩემი აზრით. დღეს პიროვნული თავისუფლების მიღწევა ძალიან რთულია და მის მისაღწევად შინაგანი სიძლიერეა საჭირო“.
ქართულის თემების თეზისებსა და დღეს არსებულ ვითარებას შორის პირდაპირი კავშირი დაინახა ნინო შავშიშვილმა, რომელიც კონსერვატორიაში აბარებს. მისი შეფასებით, „საინტერესო იყო ფიქრი და წერა“ იმაზე, რაც თანამედროვე ადამიანისთვისაც მნიშვნელოვანია:
„გამოცდაზე შემოვიდა თეზისი, რომელიც საზოგადოებისთვის დღევანდელ ვითარებაში ძალიან აქტუალურია – „ბედნიერების მისაღწევად ზოგჯერ ადამიანები ახლობლების წინააღმდეგ წასვლასაც კი არ ერიდებიან“. ვისაუბრე, როგორ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს – შესაძლოა, ამ გზაზე სიარულისას, გვქონდეს გარკვეული ვითარება, როდესაც ჩვენთვის ახლობელი ადამიანების აზრს უგულებელვყოფთ. ძალიან გამიხარდა, რომ ეს თეზისი შემოვიდა და ამაზე მომიწია საუბარი. საინტერესოა იმაზე ფიქრი და წერა, თუ რა შეგვიძლია ჩვენ, ადამიანებს, მიზნის მისაღწევად და ამისთვის რას მოვიმოქმედებთ. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, რომ სულიერი ბედნიერება თუნდაც ამით მოიპოვოს“.
ჩვენმა ბოლო რესპონდენტმა კი, რომელმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე ვარიანტი დაწერა, თემაში ყურადღება ჰუმანიზმსა და აღნიშნულ საკითხზე წარსული გამოცდილების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„მე დავწერე არაპროგრამული, რომელიც იყო მოთხრობა. მოცემული პატარა ნაწყვეტის შინაარსი ასეთი იყო – ასაკოვანი ხალხი ზის და იხსნებს ომის პერიოდს და ასევე იმას, თუ როგორ შეიწყალა მეთაურმა უიარაღო მტერი. თეზისი – „რამდენად შესაძლებელია, რომ ადამიანმა ნებისმიერ ვითარებაში შეინარჩუნოს შებრალების უნარი“. ძალიან კარგად დავწერე. პარალელი გავავლე მულტფილმიდან „მულანი“, სადაც მეთაური ქალს შეიწყალებს და არ მოკლავს. ჩემი აზრით, თეზისს ყველაზე მეტად ეს პარალელი შეესაბამებოდა. რაც შეეხება თანამედროვეობის ნაწილს, შემდეგნაირად გავაკეთე: დღეს, 21-ე საუკუნეში ჰუმანიზმი მაღალ საფეხურზეა. დავწერე, რომ ძველი პერიოდიდან ასეთი ადამიანების მაგალითმა დიდი გავლენა მოახდინა და სწორედ ასეთი მაგალითებით მოვედით დღევანდელობამდე“, – გვითხრა ირაკლიმ, რომელმაც გვარის გამხელა არ ისურვა.
რამდენად კარგად გაიაზრეს წლევანდელმა აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში მოცემული დავალების თეზისები და იმსჯელეს თუ არა მართებულად, ამას შედეგები გვაჩვენებს.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება