GE

როგორი უნდა იყოს სკოლის სპეციალური მასწავლებელი – კომპეტენციები და ეთიკის ნორმები ახალ სტანდარტში გაიწერა

2026 წლის შემოდგომაზე დამტკიცებული მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტით დეტალურად გაიწერა სპეციალური მასწავლებლის კომპეტენციები, წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლის დამატებითი კომპეტენციები და ეთიკის ნორმები.

განათლების მინისტრის ბრძანებით დადგენილია შემდეგი მიმართულებები: სწავლის სირთულეების ადრეული იდენტიფიცირება; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შეფასება; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის/მოსწავლის ტრანზიციის პროცესის მხარდაჭერა.

რას მოიაზრებს თითოეული კომპეტენცია შინაარსობრივად და რა არის წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლის დამატებითი კომპეტენციები იხილეთ დოკუმენტში.

სპეციალური მასწავლებლის პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა

1. სპეციალური მასწავლებელი ზრუნავს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, აფასებს საკუთარ პრაქტიკას, განსაზღვრავს პროფესიულ საჭიროებებს და გეგმავს მათი განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობას:

– სპეციალური მასწავლებელი საკუთარი პროფესიული საქმიანობის მუდმივი და მრავალმხრივი რეფლექსიის საფუძველზე განსაზღვრავს პროფესიული განვითარების საჭიროებებს.

– სპეციალური მასწავლებელი თვითშეფასების შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას და ახორციელებს პროფესიული განვითარების შესაბამის აქტივობებს.

– სპეციალური მასწავლებელი პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით იყენებს პროფესიული განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობას, საგანმანათლებლო რესურსებსა და თანამედროვე, მტკიცებულებებსა და კვლევებზე დაფუძნებულ მიდგომებს.
სპეციალური მასწავლებელი პროფესიულ გადაწყვეტილებებს იღებს შესაბამისი შეფასების შედეგების, მიზნობრივი დაკვირვებისა და სხვა შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

2. სპეციალური მასწავლებელი ეფექტიანად თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან, ამყარებს პროფესიულ და კონსტრუქციულ კომუნიკაციას და აქტიურად მონაწილეობს თანამშრომლობითი სასწავლო და პროფესიული გარემოს განვითარებაში:

– სპეციალური მასწავლებელი თანამშრომლობს საგნის მასწავლებლებთან, მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, სასკოლო საზოგადოების წევრებთან და სხვა სპეციალისტებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირების, ინდივიდუალური მხარდაჭერის განსაზღვრის, დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით.

– სპეციალური მასწავლებელი სასკოლო საზოგადოების წევრებთან კომუნიკაციისას იყენებს ეფექტიან, ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მიდგომებს.

3. სპეციალური მასწავლებელი აქტიურად მონაწილეობს სკოლის განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობაში, თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან და ხელს უწყობს პოზიტიური, ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის განვითარებას:

– სპეციალური მასწავლებელი ხელს უწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების პრინციპების დამკვიდრებას, ინკლუზიური კულტურისა და პრაქტიკის განვითარებას, სასკოლო საზოგადოებაში კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემაზე, თანასწორობასა და ინკლუზიურ ღირებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას;  მონაწილეობს ინკლუზიური პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ინიციატივებში.

– სპეციალური მასწავლებელი სასკოლო საზოგადოების წევრებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების თანასწორ მონაწილეობას სასკოლო ცხოვრებაში და მათი მიკუთვნებულობის განცდის გაძლიერებას.
სპეციალური მასწავლებელი გეგმავს და მონაწილეობს ინკლუზიური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერისკენ მიმართულ ღონისძიებებში.

4. სპეციალური მასწავლებელი პროფესიულ საქმიანობას წარმართავს ეთიკის, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით:

– სპეციალური მასწავლებელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას იღებს კეთილსინდისიერ, მიუკერძოებელ და მოსწავლის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, აღიარებს და პატივს სცემს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და არჩევანს.

– სპეციალური მასწავლებელი იცავს კონფიდენციალობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის პერსონალურ მონაცემებსა და ინფორმაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, ციფრული და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენებისას.

– სპეციალური მასწავლებელი ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ღირსების, თანასწორი მონაწილეობისა და განათლების უფლების პატივისცემასა და დაცვას.

– სპეციალური მასწავლებელი კოლეგებთან, მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და სხვა სპეციალისტებთან ურთიერთობისას იყენებს პატივისცემაზე, თანასწორობასა და არადისკრიმინაციულ მიდგომაზე დაფუძნებულ ენასა და კომუნიკაციას.

– სპეციალური მასწავლებელი პროფესიული საქმიანობისას მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში მიმართავს შესაბამის სპეციალისტებს და თანამშრომლობს მათთან მოსწავლის საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად.

– სპეციალური მასწავლებელი ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისას ითვალისწინებს შესაძლო მიკერძოების, არასწორი ინტერპრეტაციისა და დისკრიმინაციული შედეგების რისკებს, კრიტიკულად აფასებს ტექნოლოგიის მიერ შექმნილ შედეგებს და ინარჩუნებს პროფესიულ პასუხისმგებლობას მათ გამოყენებასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

ასევე იხილეთ:

როგორ და რა ვადით ხდება ჯანმრთელობის გამო მოსწავლის სასკოლო ფორმის ტარებისგან გათავისუფლება – პროცედურა შინაგანაწესის მიხედვით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური