როგორ გაიწერა წამყვანი მასწავლებლის შესაბამისი დამატებითი კომპეტენციები სკოლაში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის
სტატუსის შესაბამისი დამატებითი კომპეტენციებისთვის წამყვანი მასწავლებელი შესაბამის დანამატს იღებს. წამყვანი მასწავლებლობა კი ადგენს, რომ მასწავლებლისთვის შემუშავებული სხვა კომპეტენციების გარდა, წამყვანი მასწავლებელი უნდა ფლობდეს კომპეტენციებს სწავლა-სწავლების და/ან მართვა-ადმინისტრირების და/ან საგანმანათლებლო კვლევების მიმართულებით სკოლაში.
მასწავლებლის ახალ სტანდარტში დეტალურად არის გაწერილი თუ კიდევ რა კომპეტენციებს უნდა აკმაყოფილებდეს წამყვანი მასწავლებელი:
სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სკოლაში/სკოლებში (მიმართულება: სწავლა-სწავლება)
წამყვანი მასწავლებელი სკოლის საჭიროებებისა და განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდას საკუთარი პრაქტიკის ფარგლებს გარეთ, რესურსების შექმნითა და გავრცელებით, ეფექტიანი სასწავლო მიდგომების დანერგვითა და კოლეგების პროფესიული განვითარების ხელშემწყობი საქმიანობით.
ინდიკატორები:
- აანალიზებს სკოლაში სწავლა-სწავლების მიმართულებით გამოვლენილ საჭიროებებსა და კოლეგების პროფესიული განვითარების საჭიროებებს, მათ საფუძველზე გეგმავს და ახორციელებს შესაბამის მხარდამჭერ საქმიანობებს (სამუშაო შეხვედრები, სამოდელო გაკვეთილები, პრაქტიკული რესურსების შემუშავება და ა.შ.).
- უზიარებს კოლეგებს სწავლებისა და შეფასების ეფექტიან სტრატეგიებს, საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და პრაქტიკულ რესურსებს და უწევს მათ კონსულტაციას სწავლა-სწავლების პროცესში გამოვლენილი კონკრეტული პროფესიული გამოწვევების დაძლევასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაში.
- აფასებს განხორციელებული მხარდამჭერი საქმიანობების ეფექტიანობას, აანალიზებს მიღებულ შედეგებს და მათ საფუძველზე განსაზღვრავს სკოლაში სწავლა-სწავლების მიმართულებით შემდგომი მხარდაჭერის საჭიროებებსა და შესაბამის ღონისძიებებს.
სკოლაში/სკოლებში მართვისა და განვითარების პროცესების გაძლიერება (მიმართულება: მართვა-ადმინისტრირება)
წამყვანი მასწავლებელი მონაწილეობს სკოლის სტრატეგიული მიზნების დასახვისა და მართვის პროცესების გაუმჯობესებაში, ხელს უწყობს სკოლის მმართველობითი, ძირითადი და დამხმარე პროცესების ეფექტიან წარმართვას.
ინდიკატორები:
- მონაწილეობს სკოლის სტრატეგიული განვითარების დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში, ეხმარება სკოლას მართვის პროცესების გაუმჯობესებაში.
- ხელს უწყობს კოორდინაციისა და თანამშრომლობის მექანიზმების დანერგვას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს შორის.
- მონაწილეობს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში და უზრუნველყოფს სკოლის დონეზე განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგსა და შეფასებას. შეფასების შედეგების საფუძველზე კი ხელს უწყობს შემდგომი გასაუმჯობესებელი მიმართულებების განსაზღვრას.
სკოლაში/სკოლებში საგანმანათლებლო კვლევების პრაქტიკის გაძლიერება (მიმართულება: საგანმანათლებლო კვლევა)
წამყვანი მასწავლებელი გეგმავს და ატარებს კვლევებს სკოლის მასშტაბით, საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების, არსებული პრაქტიკის ანალიზისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
ინდიკატორები:
- იდენტიფიცირებას უწევს სკოლის მასშტაბით არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს, აანალიზებს არსებულ პრაქტიკას და ამის საფუძველზე გეგმავს კვლევას, შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით.
- გეგმავს და ახორციელებს კვლევაზე დაფუძნებულ ინტერვენციებს გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად და აფასებს მათ შედეგებს.
- აანალიზებს კვლევისა და ინტერვენციის შედეგებს და მათ საფუძველზე შეიმუშავებს პრაქტიკულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს.
- უზიარებს კვლევის შედეგებსა და მიგნებებს სასკოლო საზოგადოებას, ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის დამკვიდრებას სკოლის დონეზე.
ინდიკატორები თვალსაჩინოს ხდის მოთხოვნებს წამყვან მასწავლებელთა საქმიანობის მიმართ.
ასევე იხილეთ:
-
რამდენ სკოლაში შეძლებს მასწავლებელი ფუნქციური დანამატის მიღებას – ცვლილებები ანაზღაურების შესახებ ბრძანებას შეეხო
by ARIS.GE-განათლება
-
ახალი სქემა ამოქმედებას იწყებს – უფროსმა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად 22 სექტემბერი არ უნდა გამოტოვოს
by ARIS.GE-განათლება
-
„დაუშვებელია შორტი, ბრიჯი, გამჭვირვალე სამოსი“ – გაფრთხილება სკოლებიდან იმ მშობლებს, რომელთა შვილების კლასებშიც ფორმა ჯერ არ არის
by ARIS.GE-განათლება