GE

როგორ გავაშინაარსოთ ციტატა სწორად, თუ ის ზუსტად არ გვახსოვს? – ეს მარტივი მეთოდი რეპეტიტორისგან ქართულში ეროვნული გამოცდის წინ უნდა წაიკითხოთ

2023 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებს გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. ახლა ისინი განსაკუთრებით ღელავენ და განვლილ საკითხებს არაერთგზის უბრუნდებიან. იმისათვის, რომ გამოცდებზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირონ, რეპეტიტორებიც სხვადასხვა მეთოდებს თუ მარტივ ხრიკებს სთავაზობენ, რომლებიც აბიტურიენტებს გამოცდაზე უნდა დაეხმაროთ.

პირველი და აბიტურიენტებისთვის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება და პირველ რიგში, გაგაცნობთ, თუ რა პასუხი გასცა გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა აბიტურიენტებს ქართულის წერისას ციტატის გამოყენების შესახებ:

აბიტურიენტი: თუ ბრჭყალებით მოვიყვან რაიმე ციტატას არა სიტყვასიტყვით, არამედ იმ სიტყვებით, როგორც მახსოვს, არგუმენტი გამინულდება?

NAEC-ის წარმომადგენელი: ბრჭყალებთან იყავით ფრთხილად! ბრჭყალებით მოიყვანეთ მხოლოდ ის ციტატები, რომლებიც ზუსტად გახსოვთ, თუ არადა გააკეთეთ პერიფრაზი ბრჭყალების გარეშე. ეს დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გთხოვთ, ციტატები სიტყვასიტყვით გახსოვდეთ. ეს თქვენი არჩევანია, შემოგვთავაზოთ რომ მე ზუსტად მახსოვს და იმიტომ ვუსვამ ბრჭყალებს. ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ ბრჭყალებით შემოგვთავაზებთ რაიმე ციტატას ან მოსაზრებას, რადგან თუ ეს ზუსტი არ იქნება, ჩვენ უფლება გვაქვს, რომ ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს გამსწორებელს.

EDU.ARIS.GE -ს დღევანდელი სტატიის სტუმარი, ქართულის სპეციალისტი, ფილოლოგი და რეპეტიტორი, ანა შვანგირაძე 2023 წლის აბიტურიენტებისთვის საინტერესო მეთოდზე გვესაუბრება. ის აგიხსნით, რა უნდა მოიმოქმედოს აბიტურიენტმა თუ იგი თხზულების (ესეს) წერის პროცესში ციტატას ვერ იხსენებს და სურს, რომ სწორად და ხარისხიანად გააშინაარსოს.

–  ანა, გვითხარით, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის რომელ დავალებებში შეუძლიათ აბიტურიენტებს ციტატის გამოყენება?

– პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს! რაც შეეხება ციტატის გამოყენებას, ციტატის გამოყენება ღია ტიპის დავალებებში არის შესაძლებელი და ასევე თხზულების წერის დროსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. თქვენს მკითხველ აბიტურიენტებს განვუმარტავ ციტატის არსს. ციტატა არის ტექსტიდან სიტყვასიტყვით ამოწერილი ფრაზა, ან მონაკვეთი. წერითი დავალების დროს კი, მნიშვნელოვანია ციტირება როგორც მოცემული ტექსტიდან, ასევე პარალელისთვის, რომელსაც აბიტურიენტი სათქმელის გასამყარებლად დავალების შესრულების დროს დაიმოწმებს. ციტატის დახმარებით აბიტურიენტს შეუძლია სიღრმისეულად გააანალიზოს მოცემული მონაკვეთი და განამტკიცოს მთავარი სათქმელი.

– დავუშვათ, აბიტურიენტს გაახსენდა ისეთი ციტატა, რომელიც ზუსტად შეესაბამება სიტუაციას, მაგრამ ფრაზას თანმიმდევრულად ვერ იხსენებს, სიტყვასიტყვით ციტირებას ვერ ახდენს. მიეცით მარტივი ინსტრუქცია, რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს, თუ შინაარსი კარგად ახსოვს 

– ხშირია, როდესაც აბიტურიენტი სწორად ვერ ციტირებს, თუმცა მას აქვს შესაძლებლობა,  სათქმელი შინაარსის საშუალებით გადმოსცეს. მთავარია, მსჯელობა მართებული იყოს და სათანადო მაგალითი სწორად იქნას მოყვანილი. თითოეული არგუმენტი დამაჯერებელი მაგალითებით უნდა გამყარდეს. ხშირად, დაზეპირებული და უადგილო ფრაზებით ციტირებენ, რაც აცდენილია საკითხს. ვურჩევდი მათ, რომ მთავარია ცოდნა და უნარები, თითოეული მაგალითის სიფრთხილითა და გააზრებულად მოყვანა, რადგან წერისას მოცემულ საკითხს არ აცდნენ.

არის შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტს უჭირს საკითხთან ციტატის დაკავშირება, იცის, თუმცა გონებრივად ვერ აყალიბებს სათქმელს და ვერ ციტირებს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია ტექსტის თავიდან გადაკითხვა, გააზრება და მთავარი საკითხის სიღრმისეულად დაკავშირება პარალელთან, რომლის გადმოცემაც სურს. თუ წერით დავალებაში იკვეთება ბრბოს ფსიქოლოგია, აბიტურიენტმა უნდა შეძლოს ტექსტის კიდევ ერთხელ გააზრება და შემდეგ დაკავშირება იმ ნაწარმოებთან, რომელშიც მსგავსი პრობლემა გამოიკვეთა. კითხვის მეთოდი და მოცემული ტექსტის გააზრება, რომელიც ახლავს წერით სამუშაოს, გაუადვილებს საკითხის აღქმასა და პარალელის მოყვანას მოცემულ ტექსტში.

– გთხოვთ, გაგვიზიარეთ ციტატის გაშინაარსებული ვერსიის მაგალითი. მართლწერასთან დაკავშირებული რა შეცდომა არ უნდა დაუშვან ციტატის გაშინაარსების დროს აბიტუიენტებმა? 

– წერის დროს აუცილებლად დაცული უნდა იყოს ციტირების წესი! პირველ რიგში, რაც უნდა გავითვალისწინოთ ციტირების დროს, ეს არის ბრჭყალები. მოყვანილი ციტატა ბრჭყალებში ჩაისმის, რადგან აღსანიშნავია, რომ ციტატა არის ნათქვამი რეპროდუქცია. ასევე, დაუშვებელია ციტირების დროს ნაწარმოების სხვადასხვა ნაწილის ერთ ციტატაში მოქცევა.

თუ, მაგალითად, საკითხი ეხება გენდერულ თანასწორობას და არ გვახსენდება აფორიზმი “ვეფხისტყაოსნიდან” – „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”. შესაძლებელია ვერ შეძლოს მღელვარების ფონზე აბიტურიენტმა სიზუსტით გადმოცემა აფორიზმის, თუმცა მას შეუძლია აღნიშნოს, რომ ჯერ კიდევ მე -12 საუკუნეში შეეხო დიდი შოთა რუსთაველი გენდერულ თანასწორობას, რაც შესამჩნევი არის პოემაში და განავრცოს ავტორის დამოკიდებულება საკითხისადმი, სიღრმისეულად!

– შეგიძლიათ მიმართოთ აბიტურიენტებს, იქნებოდა თქვენი გზავნილი?

– არ არის საჭირო წინასწარ განსაზღვრული ფრაზები თუ სხვადასხვა დოგმები. თქვენთვის მთავარია, რომ სწორად წარმოაჩინოთ შესაძლებლობები, გაიაზრონ დავალების პირობა და ნათლად, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ სათქმელი. წარმატებასგისურვებთ თითოეულ აბიტურიენტს!

ასევე იხილეთ:

ნანა ლოლაძე განმარტავს, რა შემთხვევაში განულდება აბიტურიენტის თხზულება ქართულში და რა უნდა იცოდეთ მოსაზრებების წერისას

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური