GE

როგორ მიაღწევენ კერძო სკოლები ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს გამოცხადებული უქმე დღეების პირობებში

საქართველოში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. შესაბამისად, უქმე დღეებში დაისვენებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებიც. თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოცხადებული უქმე დღეები სააღდგომო დასვენების დღეებს ებმება და ასევე, 12 მაისი უქმეა (ანდრია პირველწოდებულის და ასევე ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე), სკოლებში დასვენების პერიოდი თითქმის ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად, სკოლები დამატებით რეკომენდაციებს მიიღებენ. მოგვიანებით EDU.ARIS.GE-მ ეს რეკომენდაციები მოიპოვა.

რა რეკომენდაციები გაუგზავნა სამინისტრომ სკოლებს უქმე დღეების ანაზღაურების დასაგეგმად – დოკუმენტი

როდის დასრულდება 2020-2021 სასწავლო წელი და როგორ ანაზღაურდება სააღდგომო დასვენების დღეები სკოლებში

მაგრამ მიზნების შესრულება კერძო სკოლებსაც მოუწევთ, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ უქმე დღეების გამოცხადება ამჯერად მათთვისაც სავალდებულოა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, კერძო სკოლები თავად არეგულირებენ სასწავლო პროცესში დასვენების დღეებს. EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა პრინციპს მიმართავენ ისინი ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების შესასრულებლად.

როგორც ერთ-ერთი კერძო სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, ვინაიდან სწავლა გვიან დაიწყეს, საგაზაფხულო არდადეგებით გათვალისწინებული დღეებიც ამოწურეს, მათი გეგმაა, რომ უქმე დღეებში დამატებით მეცადინეობებს დანიშნავენ, თუმცა ეს სავალდებულო ფორმატის არ იქნება და დისტანციურად ჩატარდება.

„ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების ხანგრძლივობა 6 სამუშაო დღით აღემატება ჩვენი სასწავლო კალენდრით გათვალისწინებულ დასვენების დღეებს. ვინაიდან ვთვლით, რომ 12-დღიანი დასვენება არ წაადგება მათ აკადემიურ მოსწრებას, გონივრულად მიგვაჩნია, 5 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით, დამატებითი მეცადინეობების დანიშვნა. დამატებითი მეცადინეობები ჩატარდება ყველა საგანში, გარდა ხელოვნების, მუსიკისა და სპორტისა. სკოლა ყველა მოსწავლეს აძლევს რეკომენდაციას დაესწროს დამატებით მეცადინეობებს, რადგან მაისის ბოლოს, მეორე-მეოთხე კლასში შესამოწმებელი, ხოლო მეხუთე-მეთორმეტე კლასში რეიტინგული წერებია დაგეგმილი. მეცადინეობები დისტანციურად ჩატარდება“, – განაცხადეს სკოლაში.

კიდევ ერთ კერძო სკოლაში EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, რომ მათ სასწავლო წელი ადრე, სექტემბერში დაიწყეს, საგაზაფხულო არდადეგებს კი ყოველთვის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ დასვენების დღეებს ამთხვევენ, შესაბამისად, ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ გეგმის შესრულებაში, 4-11 მაისის უქმეები ხელისშემშლელი არ იქნება და სასწავლო წელს ჩვეულ დროს დაასრულებენ.

„ჩვენ ახლა უნდა დაგვეწყო სააღდგომო არდადეგები, საგაზაფხულო არდადეგები გვაქვს ხოლმე სააღდგომოდ, მარტში რომ ისვენებენ სხვა სკოლები, ჩვენ ასე არ ვისვენებთ, ამიტომ ეს არდადეგებიც დავამთხვიეთ უქმე დღეებს. ჩვენ სწავლა ისედაც ადრე დავიწყეთ და პლუს შაბათებიც ვისწავლეთ, შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გეგმას ნამდვილად შევასრულებთ სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად“, – განაცხადა სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელმა ლანა ორაგველიძემ.

ზოგიერთ კერძო სკოლაში კი სასწავლო წლის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს და 2020-2021 წელს 15 ივნისის ნაცვლად 22 ივნისს დაასრულებენ.

„იმის მიუხედავად, რომ საგაზაფხულო არდადეგებიც გვქონდა და ახლა კიდევ თითქმის ორკვირიანი დასვენებაა, გადავწყვიტეთ ბავშვები არ გადავღალოთ დამატებითი მეცადინეობებით და არც შაბათ დღეს სწავლით, რადგან ისედაც ჭარბად გვქონდა დისტანციური სწავლება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სასწავლო წელს დავასრულებთ არა 15, არამედ 22 ივნისს, რაც საშუალებას მოგვცემს ეროვნული სასწავლო გეგმაც შევასრულოთ. იმედი გვაქვს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს საშუალებას, რომ უქმეების შემდეგ სკოლებში დავბრუნდეთ და არ დაგვჭირდება ონლაინ სწავლება“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს კიდევ ერთ კერძო სკოლაში.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, არიან ისეთი კერძო სკოლებიც, რომელთაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა სხვადასხვა ვარიანტზე მსჯელობენ, ასევე ელოდებიან განათლების სამინისტროს რეკომენდაციებსაც.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით კი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, სკოლებმა სამინისტროსგან დამატებითი რეკომენდაციები უკვე მიიღეს.

„მოგეხსენებათ, ახლა ხანგრძლივი პერიოდით დასვენების დღეები გამოცხადდა. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ გარკვეულ რეკომენდაციებზე. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს, რომ სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს, იმ დღეს, რა დღესაც ტრადიციულად სრულდება ხოლმე. შესაბამისად, სწორედ იმ 6 სასწავლო დღესთან დაკავშირებით, რომელიც დასვენების დღედ გამოცხადდა, უკვე მომზადებული რეკომენდაციები დაეგზავნათ სკოლებს. იქ საუბარია, როგორ უნდა მოახდინონ იმ მიზნებს მიღწევა, რაც დაგეგმილი ჰქონდა თითოეულ სკოლას. მათ ინდივიდუალურად შეუძლიათ დააორგანიზონ: საგაკვეთილო პროცესი გამოიყენონ, რამდენიმე საათის დამატებით, შაბათი დღე. სასწავლო დღეების და საათების გამოყენებით, როგორ შეძლონ მიაღწიონ იმ შედეგს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, ყველა ეს რეკომენდაცია დეტალურად არის გაწერილი. ყველა სკოლას აქვს მიწოდებული და დარწმუნებული ვარ, ისინი ინდივიდუალურად იმუშავებენ სასწავლო გეგმის გარშემო და 15 ივნისს ყველა სკოლა ჩვეულ რეჟიმში დაასრულებს სასწავლო პროცესს“, – აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში, მასწავლებლები და სკოლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ უქმეების შემდეგ შეიძლება სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდეს და მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრიც დისტანციურად დასრულდეს.

„სწორედ მასწავლებლების ვაქცინაცია შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის უსაფრთხო გაგრძელებას“ – ეკატერინე ტიკარაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური