GE

როგორ მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება პროფესიის არჩევისას – ფსიქოლოგ ლიკა მერაბიშვილის რჩევები აბიტურიენტებსა და არა მხოლოდ მათ

პროფესიის არჩევა და უნივერსიტეტში ჩაბარება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ეტაპია, რომელმაც მთელი მისი მომავალი უნდა განსაზღვროს. შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელსაც პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით ვიღებთ, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლოა.

ამ პროცესში კი, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, უდიდესი მნიშვნელობა ინფორმირებულობასა და გააზრებული არჩევანის გაკეთებას ენიჭება, რასაც საქართველოში ყურადღება ყველაზე ნაკლებად ექცევა. შედეგად, სახეზე გვაქვს საბაზრო მოთხოვნებთან შეუსაბამო კადრების სიმრავლე და უმუშევრობის მაღალი დონე.

პროფესიის არჩევამდე გასავლელ საფეხურებზე EDU.ARIS.GE „ალტე უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორსა და “განათლებისა და განვითარების სივრცის” დირექტორს, ლიკა მერაბიშვილს ესაუბრა. მან დეტალურად განმარტა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა და ის სამწუხარო შედეგებიც, რაც ამ ყველაფრის უგულებელყოფას შეიძლება ახლდეს თან.
ჩვენი რესპონდენტისგან შევიტყვეთ ისიც, რომ 23 დეკემბერს „ალტე უნივერსიტეტი“ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ვებინარს სთავაზობს თემაზე „როგორ ავირჩიოთ პროფესია“.

ლიკა მერაბიშვილი: თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამდე, ადრეულ წლებში, პროფესიისა და კარიერის შერჩევა შედარებით მარტივად ხდებოდა, რადგანაც შრომითი ბაზარი შედარებით სტაბილური იყო. დღეს, სწრაფად ცვალებად თანამედროვე სამყაროში, სადაც მაღალი კონკურენტული გარემოა, მომავალი პროფესიის შერჩევა უფრო რთულია. საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია სკოლის ასაკის ახალგაზრდებისთვის, რომელთაც შესაბამისი ცნობიერება და ინფორმაცია არ აქვთ. არასწორად შერჩეული პროფესია დასაქმებისთვის ერთ-ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს.

– რას გულისხმობს ინფორმირებული გადაწყვეტილება?

– აუცილებლად უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოთხოვნებია ბაზარზე. ასევე, მეტი გავიგოთ ამა თუ იმ პროფესიის შესახებ, დაველაპარაკოთ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ პროფესიის შესახებ სრული წარმოდგენა გვქონდეს. შარშან, როცა ფსიქოლოგიის პროგრამაზე გასაუბრებას ვატარებდით და პირველკურსელებს ვიღებდით, აღმოჩნდა, რომ ბევრს ფსიქოლოგობა ის ეგონა, რასაც ფილმებში ხედავდნენ – სკამზე ზის ფსიქოლოგი და ადამიანებს უსმენს. ამ დროს, ეს მხოლოდ თერაპევტია. რეალურად კი, ფსიქოლოგიას, ძალიან ბევრი მიმართულება გააჩნია. ისინი სპეციალობას ისე ირჩევდნენ, რომ პროფესიის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

– როგორ უნდა იღებდეს ინფორმაციას მოზარდი ამ ყველაფერზე?

– ზოგადად, პროფესიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ბაღის ასაკიდან იწყება, შესაფერისი ენით, თამაშებით და ა.შ. სკოლაში უკვე პროფესიული ორიენტაცია და კარიერული დაგეგმარება აერთიანებს ისეთ დისციპლინებს, როგორებიცაა ფსიქოლოგია, განათლება, სოციოლოგია და სამუშაო ეკონომიკა. ფსიქოლოგმა და სოციოლოგმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და რჩევები მისცეს. ეს ყველაფერი, შესაძლოა, იყოს ჯგუფური, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ სპეციალისტისგან ინდივიდუალური კარიერული რჩევის მიღების შესაძლებლობა.

– როგორი ტენდენციაა საქართველოში, რამდენად ხშირია შემთხვევები, როცა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები მსგავს კონსულტაციებს იღებენ სკოლისგან, ან თუნდაც, დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივითა და შესაძლებლობებით?

– ამაზე, გასულ წელს, პირველკურსელებთან პატარა გამოკითხვა ჩავატარე. ისინი მეუბნებოდნენ, რომ მსგავსი სახის რჩევები სკოლაში არ მიუღიათ და პროფესიის შერჩევაზე გავლენა მოახდინეს მშობლებმა, მეგობარმა, მეზობელმა, გარემომ და ა.შ. როგორც წესი, ირჩევენ პოპულარულ სპეციალობებს, რომლებიც უკვე ბევრმა ადამიანმა აირჩია და კიდევ ბევრი აირჩევს. ამ დროს კი, ბაზარზე, შესაძლოა, სულაც არ არის ამ პროფესიაზე დიდი მოთხოვნა. ეს კი შემდგომში ახალგაზრდების უმუშევრობას უწყობს ხელს.

– რა როლი გვაქვს ამ პროცესში მშობლებს? როგორ უნდა დავიცვათ ოქროს შუალედი, რათა, ერთის მხრივ, არ მოვახვიოთ ჩვენი მოსაზრებები შვილებს თავზე და მეორეს მხრივ, მივცეთ ყველა მიმართულებით ძალების მოსინჯვისა და ბევრი სხვადასხვა პროფესიის გაცნობის შესაძლებლობა ოპტიმალური არჩევანის გასაკეთებლად?

– ხშირად, თუ მშობელს აუსრულებელი ოცნება აქვს პროფესიასთან დაკავშირებით, ცდილობს შვილები ამ პროფესიას დაეუფლონ. ეს, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. ყველა ადამიანს თავისი არჩევანი აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.

თუმცა, პროფესიის არჩევისას ახალგაზრდა, ფაქტიურად, ოკეანეში ვარდება, სადაც ძალიან ბევრი წყალია და არ იცის როგორ გაცუროს. თუ ცურვა არ ვასწავლეთ, შესაძლოა, თავიდან, გაუჭირდეს. ასე რომ, მშობლებს შეუძლიათ თავად დაეხმარონ შვილებს ინფორმაციის მოძიებაში, მათთან ერთად გაარკვიონ რომელი პროფესიებია ახლა მოთხოვნადი და რომელი პროფესიის შესწავლა სურთ შვილებს.

– რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ინფორმაციული შეხვედრების, პროფესიების გამოფენების, კონფერენციების და სხვა მსგავსი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება?

– რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან მსგავს ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიის არჩევის პროცესში. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება, როგორც სკოლა, ასევე უნივერსიტეტი აქტიურად უნდა გეგმავდეს, როგორც სხვადასხვა ტრენინგს, შეხვედრასა თუ ვორქშოფს, ასევე თავად დამამთავრებელი კურსის მოსწავლე თუ სტუდენტიც უნდა ჩართოს ამ პროცესში. სწორედ ეს არის არაფორმალური განათლება, რომელიც სწავლის სისტემის განუყოფელი ნაწილია და რომელიც გულისხმობს ცოდნის, გაცნობიერებისა და სხვადასხვა საჭირო უნარების შეძენა/განვითარებას.

– როგორც ვიცით, 23 დეკემბერს „ალტე უნივერსიტეტის“ მიერ დაგეგმილია ვებინარი „როგორ ავირჩიოთ პროფესია?“ ვისთვისაა იგი განკუთვნილი, როგორ შეუძლიათ ჩართვა მონაწილეობის მსურველებს და რა თემებს განიხილავთ?

– ეს ღონისძიებაც არაფორმალური განათლების ნაწილია. არაა აუცილებელი კარიერის დაგეგმვაზე ფიქრი ახალგაზრდებმა მეთორმეტე კლასში დაიწყონ. ჩვენი შეხვედრა მეთერთმეტე კლასელებისთვისაც გამოსადეგი, ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვისაც, რომელთაც მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება სხვა მიმართულებით სურთ. მონაწილეთა რაოდენობაზე შეზღუდვა არ გვაქვს, ვინაიდან, შეხვედრა ონლაინ სივრცეში ტარდება. მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ბმული, 22 დეკემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ.

იანვარ-თებერვალში კი უნივერსიტეტშიც ვგეგმავთ შეხვედრებს, შედარებით მცირე რაოდენობის დამსწრეებით, სადაც გვექნება როლური თამაშები, პრაქტიკული აქტივობები და ა.შ. ამის შესახებ ინფორმაცია, უნივერსიტეტის გვერდზე, წინასწარ გამოქვეყნდება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ალტე უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური