GE

როგორ მოხდება ტუშიანი კალმების შემოწმება ეროვნულ გამოცდებზე და რა ვალდებულებას იღებს „ნაეკი“

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურენტებს საკუთარი ე.წ. ტუშიანი კალმის შეტანა შეეძლებათ. ამის შესახებ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ დოკუმეტში წერია.

როგორ შემოწმდება ვარგისია თუ არა სკანერისთვის იმ აბიტურიენტების საწერი კალმები, რომელებსაც ისინი გამოცდაზე შეიტანენ? – ამ კითხვით EDU.ARIS.GE-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს მაია გაბუნიას მიმართა, რომლის თქმითაც, მსგავსი პროცედურების შესახებ ჯერჯერობით არ აქვთ დეტალური ინფორმაცია.

„ყველა პროცედურა გაიწერება გამოცდების დებულებაში, ისევე როგორც ყველა სხვა წესდება იწერება ხოლმე. როდისთვის იქნება ეს დებულება გაწერილი ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა ეს ისეთ დროს მოხდება, რომ აბიტურიენტებმა მშვიდად და აუღელვებლად შეძლონ ამისთვის მომზადება. აქ საუბარია, რომ აბიტურიენტებს სურვილის შემთხვევაში საშუალება აქვთ, საკუთარი კალამი მოიტანონ. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ მათ დახვდებათ ისეთი კალმები, როგორებიც გვქონდა წინა წლებში. კალამი ყველა აბიტურიენტისთვის მზად გვექნება. შესაბამისად, აპლიკანტის ნება იქნება, გამოიყენებს მის მიერ მოტანილ კალამს თუ ჩვენს შეთავაზებულს“, – აღნიშნა მაია გაბუნიამ.

მისივე თქმით, ეს ცვლილება აპელაციების რაოდენობის მატებას არ გამოიწვევს, რადგან აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, ცენტრის მიერ შეთავაზებული კალმებით ისარგებლონ, თუკი მათ მიერ მიტანილი საწერი საშუალება ხარვეზიანი იქნება.

„აბიტურიენტს საშუალება აქვს ბევრჯერ გასინჯოს საკუთარი კალამი და თუკი წერის პროცესში არ გამოადგება ჩვენსას მივაწვდით. რატომ უნდა გაზარდოს ამან აპელაციების რაოდენობა? – ვერანაირად ვერ გაზრდის“, – გვითხრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა.

როგორც განათლების სფეროს სპეციალისტები EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აცხადებენ, „ნაეკისთვის“ რთული იქნება პასუხისმგებლობის აღება, რომ აბიტურიენტების მიერ შეტანილი კალმები სკანერმა წაიკითხოს.

„ძალიან ძნელი იქნება „ნაეკმა“ აიღოს პასუხისმგებლობა აპლიკანტის მიერ შეტანილ კალმებზე. ვფიქრობ, ეს უფრო აბიტურიენტის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რომ მას ჰქონდეს ისეთი კალამი, რომელიც სკანერის მიერ იქნება აღქმადი. ზოგადად აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას ორგანიზაცია ამ საკითხზე, ეს მათი გადასაწყევტია, მაგრამ ვფიქრობ, ეს რთული იქნება. არ მგონია თეორიულად შესაძლებელი იყოს, რომ ცენტრმა ყველა კალამი გააკონტროლოს და მათზე თავად აიღოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კოალიცია „განათლება ყველასთვის -საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძემ.

როგორც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელმა, განათლების სპეციალისტმა, შალვა ტაბატაძემ გვითხრა, ეს საკითხი აბიტურიენტებისთვის იყო პრობლემატური და თუ ამით გამარტივდება აპლიკანტების ცხოვრება, ეს, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ მისივე თქმით, ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამაზე განათლების რეფორმის კონტექსტში ვილაპარაკოთ.

„მსგავს საკითხზე კომენტარი მიჭირს ვინაიდან რეალური რეფორმებია გასატარებელი და ამაზე საუბარი უკვე 7-8 წელია მიდის. კოსმეტიკური ცვლილებები კალამი შეიტანოს აბიტურიენტმა თუ არა, მგონია, რომ არის თითქოს და რეაგირება მოსახლეობის მოთხოვნებზე და უკმაყოფილებაზე. ამასთან, სავარაუდოდ ცენტრს ექნება იმ ტიპის სკანერი რომ ჩვეულებრივი ტუშიანი კალამიც წაიკითხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დამატებით პრობლემას არ შექმნიდა. რასაც მათ ვერ დავუკარგავთ, ეს გამოცდების სწორად და ორგანიზებულად ჩატარებაა“, – განაცხადა შალვა ტაბატაძემ.

ცვლილებების შესახებ აზრი EDU.ARIS.GE-მ აბიტურიენტებსაც ჰკითხა, რომელთა ნაწილი ცენტრის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, ნაწილი კი ამაში მათთვის დამატებითი პრობლემის შექმნის შესაძლებლობას ხედავს.

,,ჩემი აზრით, ძალიან ცუდია, ისევ მათი კალმები ჯობდა. გამოცდაზე ისეთ კალამს გაძლევენ რომელსაც კითხულობს კომპიუტერი, შენ კიდევ შენი კალმით არ ხარ დაზღვეული წაიკითხავს თუ არა. ჯერ ერთი რომ გაგიფუჭდეს შენი კალამი სხვა კალმით გააგრძელებ წერას? და კიდევ მათი კალამი თუ გაფუჭდა იმდენჯერ შეგიცვლიან რამდენჯერაც დაგჭირდება. ასე რომ მე კალამი არ მიმაქვს გამოცდაზე“, – გვითხრა მარიამ მირცხულავამ.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ შეტანა ჯობს. ანუ საკუთარი კალმის შეტანით შეგიძლია შეამოწმო, ვარგისია თუ არა. უშუალოდ გამოცდაზე კი არ იცი რას დაგიდებენ. თან წინა წლებში ბავშვებისგან გამიგია რომ მათი კალამი გამოცდაზე გაფუჭდა ან წერა მიატოვა და ა.შ. თუმცა დაზუსტებითაც ვერაფერს ვიტყვი, ეროვნულზე გასვლის პატივი ჯერ არ მქონია“, – გვითხრა მეგი გოგოლაძემ.

ერთ-ერთი აბიტურიენტის სალომე ქველაშვილის თქმით, როგორც აბიტურიენტი, თვალს ადევნებს წინა წლის გამოცდებს და ძალიან ხშირად ხვდებოდა და კითხულობდა, კალმებით უკმაყოფილო ბავშვების პოსტებს: “აქედან თუ ვიმსჯელებთ, მე როგორც აბიტურიენტს შემექმნა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება. შესაბამისად, როდესაც წავიკითხე, რომ იმის უფლება მოგვეცა, ჩვენი კალმებით მივიდეთ, ცოტა არ იყოს და, გამიხარდა”.

„ჩემი აზრით, კარგი გადაწყვეტილებაა, თავიანთთვისაც და ჩვენთვისაც, ფაქტობრივად, კალმებზე გამოცდების ეროვნულ ცენტრთან არ ექნებათ არანაირი შენიშვნა და ეს ყველასთვის უკეთესია. ამასთან, რა თქმა უნდა, თავიანთ კალამზე თვითონ უნდა აგონ ბავშვებმა პასუხი. თუმცა, ალბათ, მაგაზეც შეექმნებათ პრობლემა, რადგან ყველა ვერ გაიგებს, რომ სკანერისთვის ტუშია საჭირო“, – გვითხრა სალომემ.

ერთ-ერთი აბიტურიენტის თათია რუსიშვილის აზრი კი ასეთია: „იმის გათვალისინებით, რომ ზემოთ ხსენებული საკითხი წელს ექსპერიმენტულია, დასკვნების გამოტანა ნაადრევი იქნება. ამიტომ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, დადებით შედეგს გამოიღებს თუ უარყოფითს. ფაქტია, უსაფრთხოების გარანტიას ვერც წინა წესი ითვალისწინებდა აბიტურიენტების კალმებით მომარაგების შესახებ და შესაძლოა, ამანაც არ გაამართლოს მოლოდინი. თუმცა ვარაუდი კონკრეტულად “სკანერისაგან განსხვავებული კალმით ნაწერის არ წაკითხვისა” არ ვიცი რამდენად ობიექტურია. ვინაიდან საქმე განათლების სამინისტროს ეხება. ვფიქრობ, ამ შესაძლებლობასაც გაითვალისწინებენ და მოსალოდნელ შეფერხებებს ხელს შეუშლიან“.

განსხვავებული შეფასებების მიუხედავად ფაქტია, რომ ამ სიახლის დადებით და უარყოფით მხარეებს 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოავლენს.

ამავე თემაზე:

ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი ტუშიანი კალმით მისვლა კანონით განისაზღვრა – დეტალები

რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი

კიდევ ერთი ცვლილება – არჩევით საგანს 2018 წლის აბიტურიენტები მხოლოდ ქართულ ენაზე ჩააბარებენ

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

რა უნდა გაითვალისწინონ 2018 წლის აბიტურიენტებმა არგუმენტირებული ესეს დაწერისას – დეტალები

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური