GE

როგორ ნაწილდება განათლების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის თანხები პრიორიტეტების მიხედვით

განათლების სამინისტროს 500 მილიონით გაზრდილი 2017 წლის  ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მოდევნო წლის პრიორიტეტული მიმართულებები უკვე ცნობილია. თანხები უწყებამ ერთობ საინტერესოდ გადაანაწილა.

მოგეხსენებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი, მილიარდ 25 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. აქედან – 945 ათასი  ლარი გრანტია,  80 ათასი კი – კრედიტი.

აღნიშნული თანხა  7 ძირითად მიმართულებას მოხმარდება: განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და მართვას (26 370 000); ზოგად განათლებას (609 008 000); პროფესიულ განათლებას (25 850 000); უმაღლეს განათლებას (115 984 000 ლარი) ; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას (62 458 000) ; ინკლუზიურ განათლებას (3  184 000) ) და  საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებათა ინფრასტრუქტური განვითარებას (89 091 000 ლარი).  თუმცა, თითოეული მათგანი   რამდენიმე ქვემიმართულებად იყოფა, რომელზეც ამ მიმართულებისათვის გამოყოფილი თანხა ნაწილდება.

როგორც ხედავთ, ამ შვიდი ძირითადი სფეროდან ყველაზე მეტი თანხა ზოგადი განათლებისთვისაა გათვალისწინებული609 მილიონ ლარზე მეტი, ყველზე ცოტა  კი – ინკლუზიური განათლებისათვის – 3 მილიონ 184 ათასი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე პრიორიტტეტული მიმართულება – ზოგადი განათლება 19 ქვემიმართულებად იყოფა და შესაბამისად, ზემოთხსენებული 609 მილიონიც სწორედ 19 ნაწილად იყოფა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი – 555 მილიონი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებისთვისაა გათვალისწინებული.

საკმაოდ მსუყე დაფინანსებაა გამოყოფილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვისაც13 მილიონნახევარი. გამოდის, რომ პედაგოგებისა და დირექტორების კვალიფიკაციის ასამაღლებლად სახელმწიფო მომდევნო წელს საკმაოდ გულუხვად ირჯება, რაც ალბათ არცთუ გასაკვირია გასულ წელს სკანდალად ქცეული სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.

ზოგადი განათლების მიმართულებიდან თვალშისაცემია საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრასპორტით უზრუნველყოფის ბიუჯეტი, რომელიც 17 მილიონნახევარ ლარს შეადგენს. ამ დროს, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას, როგორც აღმოჩნდა, დაახლოებით სამჯერ ნაკლები -5 მილიონნახევარი ლარი ყოფნის, ხოლო ისეთი ფართო სამუშაოსთვის, როგორიც მაგალითად ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობაა, მხოლოდ 588 ათასი ლარიც საკმარისია.

დაფინანსების მიხედვით, მეორე ადგილზე უმაღლესი განათლების მიმართულება დგას – 116 მილიონამდე ბიუჯეტით. ამ თანხის უდიდესი ნაწილი – 104 მილიონამდე, როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტებსა და ახალგაზრდების წახალისებაში იხარჯება (რაც თავის თავში მოიაზრებს სტუდენტების გრანტებს, მაგისტრების გრანტებს, სტიპენდიებს და ა.შ). ანუ, სახსრების უმეტესობა არა სფეროს განვითარების ხელშეწყობას, არამედ ახალგაზრდების სწავლისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას ხმარდება.

უმაღლესი განათლების ბიუჯეტიდანვე ფინანსდება ერთიანი ეროვნული გამოცდებიც, რომლისთვისაც 2017 წელს 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. თუმცა, ამ თანხაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის აპარატის დაფინანსება არ შედის, მისთვის ცალკე 4 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

რაც შეეხება სხვა პირორიტეტებს, 69 მილიონ ლარამდე დაიხარჯება სკოლების, უნივერსიტეტებისა და სხვა საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი სკოლის გარემონტება, ან აშენებაა დაგეგმილი ამ თანხის ფარგლებში.

როგორც ბიუჯეტის პროექტი გვეუბნება, სახლემწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება მოსწავლეებისა და სტუდენტების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მომარაგება – 20 მილიონ ლარზე მეტი სჭირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სტუდენტების/მოსწავლეების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას, ხოლო 18 მილიონ 346 ათასი –  პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“.

ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში   10 ოქტომბერს დაიწყო. მასზე საფინანსო-საბიუჯეტო, ევროპასთან ინტეგრაციისა და თავდაცვის კომიტეტებში უკვე  იმსჯელეს. ხოლო 12 ოქტომბერს  იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პროექტის პირველად ვარიანტს მხარი დაუჭირა.

რა მიმართულებებით დახარჯავს განათლების სამინისტრო ყველაზე მეტ და ნაკლებ თანხებს 2017 წელს

2017 წლისთვის განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიარდ 25 მილიონი ლარით განისაზღვრა

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური