GE

სკოლის ფორმალური სამეურვეო საბჭო და დირექტორის დიდი გავლენები – მოკვლევის შედეგები და რეკომენდაციები განათლების სამინისტროს

რა იწვევს სკოლის სამეურვეო საბჭოების არაეფექტურობას ან დაბალ ეფექტიანობას? – „საბჭოს წევრთა დაბალი კომპეტენცია, სამეურვეო საბჭოს საქმიანობის შესახებ სასკოლო საზოგადოების დაბალი ცოდნა და ცნობიერება, მასწავლებელთა და მშობელთა დროის სიმცირე, დირექტორის გავლენა, საბჭოს წევრთა პოზიციის მოხალისეობრივი ხასიათი – ანაზღაურების გარეშე, საბჭოს ანგარიშვალდებულების არ არსებობა სასკოლო საზოგადოების წინაშე, საბჭოს წევრთა ფორმალური ფუნქციები და სკოლის დაბალი ავტონომიურობა“. სწორედ ასეთი მოსაზრებები მიიღო გამოკითხვების მონაწილეებისგან საქართველოს საპარლამენტო მოკვლევის ჯგუფმა, რომელმაც კვლევა ჩაატარა თემაზე – „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში“.

თემატურ მოკვლევაში ჩართული პირები ერთხმად თანხმდებიან სამეურვეო საბჭოს ფორმალური ხასიათისა და ნაკლებად ეფექტიანობის საკითხზე, რასაც ასევე ადასტურებს სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევებიც.

საბჭოების კომპეტენცია მათი ფუნქციონირების დაბალი ეფექტიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება. როგორც მოკვლევაში ჩართული პირების ნაწილი აცხადებს, მშობლების უმრავლესობამ არც კი იცის, რომ არსებობს მსგავსი ორგანო, რომელიც მათ აძლევთ სკოლის მართვის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რომ სამეურვეო საბჭო სკოლების უმეტესობაში ფორმალური ხასიათისაა.

„სასკოლო საზოგადოების წევრებს არ აქვთ სურვილი და კომპეტენცია იყვნენ ამ სტრუქტურული ერთეულების ნაწილი. შესაბამისად, თითქმის ყველა სკოლაში სამეურვეო საბჭო ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. ამის მიზეზი არის საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე, კანონის ზოგადი ხასიათი, კანონის წაკითხვის და გააზრების დაბალი კომპეტენცია, ფუნქციებში გაურკვევლობა, ინდიფერენტული დამოკიდებულება. სკოლებში ცოცხალია ის სტრუქტურები, რომლებსაც ხელმძღვანელობს ლიდერი და მას ესმის გაზიარებული ლიდერობის მნიშვნელობა. ყველა ჩამოთვლილ მიზეზთან მიმართებაში საჭიროა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა“, − აცხადებს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაგალითზე, სამეურვეო საბჭოები ნაკლებეფექტიანია, მიუხედავად სამეურვეო საბჭოებისთვის მინიჭებული მრავალმხრივი უფლებამოსილებებისა და საქართველოში არსებული პრაქტიკის წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან თანხვედრისა.

ერთ-ერთი სკოლის წერილობითი მოსაზრების თანახმად: „სამეურვეო საბჭო ნაკლებეფექტიანად ახორციელებს მასზე კანონით დაკისრებულ ფუნქციებს. ეს ინფორმაციის ნაკლებობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოუყალიბებლობის, დროის ფაქტორის და სოციალური გარემოს მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ პრობლემების მოსაგვარებლად შესაძლოა სახელმწიფომ და სკოლამ დაგეგმოს სხვადასხვა ღონისძიება. მაგალითად, ხარისხიანი და მდგრადი შედეგების მომცემი ტრენინგები, გაზიარდეს სხვადასხვა დემოკრატიული სახელმწიფოების გამოცდილება“.

რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს კონტექსტში მცირეკონტინგენტიანი სკოლების საკითხს, კვლევის თანახმად, იმ პირობებში, როდესაც მცირეკონტიგენტიან სკოლებს შეზღუდული რაოდენობის რესურსი გააჩნია, გადასაწყვეტი არც არაფერია, შესაბამისად, შეუძლებელია საბჭოები აქტიურად ფუნქციონირებდნენ. აღნიშნულს ადასტურებენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატურ მოკვლევაში ჩართული პირებიც, მათი შეფასებით, სამეურვეო საბჭოს უწევს გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომელიც მის ფორმალურ ჩართულობას მოითხოვს, ამის მაგალითად, სკოლების ბიუჯეტი მოჰყავთ, რომელში ცვლილების განხორციელების რეალური შესაძლებლობაც საბჭოებს არ გააჩნიათ.

მშობლების ჩართულობის საკითხი

ინფორმაციის ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას ერთ-ერთი საჯარო სკოლის წარმომადგენელი: „ფაქტია ყველაფერი ისე არ არის, როგორც კანონმდებლობაშია გაწერილი, საზოგადოება თავს იკავებს სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობისაგან. სკოლები, რომლებიც ზრუნავენ საზოგადოებისა და მშობლების ჩართვაზე სასკოლო პროცესებში, აქტიურად ეხმარებიან მათ ჩართულობის მეთოდების შესწავლაში, რასაც სარგებელი ორივე მხარისთვის აქვს. საღი დამოკიდებულება სკოლასა და თემის წარმომადგენლებს შორის შედეგიანი ურთიერთობის დამყარების პირველი ნაბიჯია. სკოლის კარი უნდა გაიღოს, მნიშვნელოვანია, ყველა მშობელს მიეწოდოს ინფორმაცია, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მათ სამეურვეო საბჭოსგან, რა შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ საბჭოს ან მის ცალკეულ წევრს. სასურველია, საბჭოს ყოფილმა წევრებმა მოამზადონ ანგარიში, თუ რას საქმიანობდა საბჭო გასული სამი წლის განმავლობაში და წარუდგინონ სასკოლო საზოგადოებას“.

კვლევის ავტორები წერენ, რომ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია არამხოლოდ სამეურვეო საბჭოს ფორმატში, არამედ ზოგადად. საბჭო მშობელს აძლევს შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს დაწესებულების პოლიტიკის განსაზღვრასა და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„უფრო ფართო გაგებით, მშობელთა ჩართულობას განსაკუთრებული ეფექტი აქვს მოსწავლის აკადემიური მიღწევების თვალსაზრისითაც, აღნიშნულზე მეტყველებს PISA 2018-ის შედეგები, რომელშიც სწავლა-სწავლებაზე მოქმედ ფაქტორებს შორის გამოყოფილია მშობელთა ჩართულობა“, – აღნიშნულია მოკვლევის ანგარიშში.

ავტორთა განმარტებით, ის ფაქტი, რომ საბჭოს წევრთა ნაწილისთვის რთულია დაკისრებული ფუნქციების შესრულება, დასტურდება ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის ანგარიშითაც. სხვა მიზეზებთან ერთად, საბჭოს წევრები ასახელებენ კომპეტენციის ნაკლებობასაც. კერძოდ, 170 გამოკითხული სამეურვეო საბჭოს წევრიდან 49 აღნიშნავდა, რომ მათთვის რთულია განსაზღვრული ვალდებულების შესრულება. განსაკუთრებით რთული ფუნქციები შემდეგნაირად გამოიყურება:

როგორია მოკვლევის მიგნებების ჩამონათვალი სკოლის სამეურვეო საბჭოების შესახებ

– სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია − საბჭოს წევრებს არჩევის შემდეგ არ უტარდებათ გადამზადება და არ არიან უზრუნველყოფილი რესურსებით, რომლებიც მათი უფლებამოვალეობების გააზრებაში დაეხმარებათ;

– სამეურვეო საბჭოს წევრებს დაბალი მოტივაცია აქვთ − აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პოზიცია არაანაზღაურებადია, სკოლის ავტონომიურობა დაბალია და ფუნქციები ფორმალური. უკანასკნელის მიზეზი, შესაძლებელია იყოს სკოლის ადმინისტრაციის გავლენები ან რესურსების სიმცირე (მაგალითად, მცირეკონტიგენტიან სკოლებში ბიუჯეტის შემთხვევაში), რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობას რეალური გავლენა მოახდინონ მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

– სკოლის კოლეგიალური ორგანოების შესახებ ცოდნა და ცნობიერება დაბალია − არ ხდება ინფორმაციის სათანადოდ გავრცელება სასკოლო საზოგადოების წევრებთან არჩევნების მიმდინარეობასთან, არჩევის შესაძლებლობებთან და საბჭოების ფუნქციებთან დაკავშირებით. მშობლებმა და მოსწავლეებმა, რიგ შემთხვევაში, არც კი იციან, რომ მსგავსი სტრუქტურული ერთეულები არსებობს თავიანთ სკოლებში;

– დროის დეფიციტი აფერხებს კოლეგიალური ორგანოების წევრების ჩართულობას − აღნიშნული უკავშირდება არამხოლოდ მშობლებს, არამედ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რაც განპირობებულია სამსახურში დატვირთული განრიგით, მოსწავლეების შემთხვევაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო აქტივობებით. აღარ არსებობს სხდომების დისტანციურად ჩატარების შესაძლებლობა, რაც ზღუდავს წევრთა ჩართულობის ალბათობას;

– სკოლის დირექტორის გავლენა სამეურვეო საბჭოზე დიდია − საათობრივი ბადის განაწილების გაუმჭვირვალე სისტემა და მოსწავლის შეფასება შესაძლოა იქცეს დირექტორის გავლენის ინსტრუმენტად სამეურვეო საბჭოების წევრებზე;

– რიგ შემთხვევაში, სკოლის დირექციასა და მშობლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობები ვერ ყალიბდება − აღნიშნულის მიზეზია, ერთი მხრივ, მშობელთა კრიტიკული და არაკონსტრუქციული დამოკიდებულება დირექციის მიმართ, მეორე მხრივ, კი, დირექციის უნდობლობა მშობელთა მიმართ.

რას ითვალისწინებს მოკვლევის ჯგუფის რეკომენდაციები სკოლის სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებით

  • შემუშავდეს ახლადარჩეული სამეურვეო საბჭოს წევრის მხარდაჭერის პროგრამა;
  • შემუშავდეს კოლეგიალური ორგანოების წევრების სასკოლო საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების კონცეფცია;
  • სკოლის დირექტორებისთვის შემუშავდეს კოლეგიალური ორგანოების საქმიანობისა და ამ სტრუქტურებში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გზამკვლევი;
  • დასაშვები გახდეს საბჭოს სხდომებზე წევრთა ჩართულობა დისტანციურ რეჟიმში.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები: რამინა ბერაძე − მთავარი მომხსენებელი, გიორგი ჩაკვეტაძე და ბაია კვიციანი.

ასევე იხილეთ:

რესურსცენტრი მაკონტროლებლიდან სკოლის რეალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული უნდა გახდეს – რა აჩვენა საპარლამენტო მოკვლევამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური