როგორ ვესაუბროთ თინეიჯერს – სპეციალისტი მასწავლებლებს მიმართავს
ფრაზას, რომ მასწავლებელი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, ხშირად მოისმენთ პედაგოგებისგან და არა მხოლოდ მათგან. რასაკვირველია, კვალიფიციურ პედაგოგს ბავშვთან თუ მოზარდთან ჰარმონიული ურთიერთობაც უნდა შეეძლოს, სწორედ აქ გვხვდება გამოწვევაც – ორივე მხარისთვის მისაღები კომუნიკაციის ფორმის შერჩევა. განსაკუთრებით მაშინ, თუ მოსწავლე თინეიჯერია.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ მასწავლებელს თინეიჯერთან ჯანსაღი ურთიერთობის სტრატეგია არ აქვს შერჩეული, არ უნდა გაუკვირდეს, რომ თინეიჯერი, რომელიც „ღია წიგნია“ მეგობრებისთვის, შეიძლება დუმდეს, როდესაც მასწავლებელი ჰკითხავს თუ როგორ ჩაიარა გაკვეთილებმა.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ უნდა ესაუბროს მასწავლებელი თინეიჯერს, რა ფრაზების გამოყენებაა დაუშვებელი და რატომ. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ფსიქოლოგსა და მწვრთნელს, მარგალიტა კვარაცხელიას.
– პირველ რიგში, განუმარტეთ მასწავლებლებს, ვინ ითვლება თინეიჯერად და რა ასაკობრივი გამოწვევები აქვთ მათ?
– თქვენს მკითხველს განვუმარტავ, რომ თინეიჯერი ეს არის გარდატეხის ასაკის მოზარდი, 12 წლიდან 18 წლამდე ასაკის.
რაც შეეხება გამოწვევებს, ასაკობრივი გამოწვევები ძალიან ბევრია და საკმაოდ კომპლექსურიც, რადგან ეს არის ერთ-ერთი კრიზისული პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში და მას სპეციალისტები გარდატეხის კრიზისს ვუწოდებთ. ამ პერიოდში ხდება იდენტობის განსაზღვრა, ღირებულებების სიღრმისეული ჩამოყალიბება, საკუთარი თავის დამკვიდრების გზების ძიება, საკუთარი საქმის, მოწოდების ძიება, თუნდაც მომავალი პროფესიის არჩევა, საკუთარი სტილის ჩამოყალიბება და ა. შ. სწორედ ამიტომაც ეწოდება ამ პერიოდს „კრიზისული“, რადგან ამ რამდენიმე წელში, უწყვეტად მიმდინარეობს ამ პროცესების ფორმირება, სხვადასხვა მძაფრი ემოციების ფონზე.
– როგორ უნდა მიხვდნენ პედაგოგები, რამდენად სწორი სტრატეგია აქვთ შერჩეული თინეიჯერთან ურთიერთობისთვის?
– ზემოთ აღნიშნეთ, რომ პედაგოგი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოსო, – ეს, რა თქმა უნდა, კარგია. თუმცა, მასწავლებლის პროფესია განსხვავებულია ფსიქოლოგის პროფესიისგან. საუკეთესო გზა იმისა, რომ პედაგოგმა თინეიჯერთა გამოწვევებთან გამკლავება შეძლოს, არის ის, რომ ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია ფსიქოლოგთან და საჭიროებიდან გამომდინარე, მასთან კონსულტაცია გაიაროს. ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელი იყოს მოზარდის მეგობარი, აგრძნობინოს, რომ ის მისი მხარდამჭერია, იყოს მოტივატორი და არა დირექტიული. გააჩნდეს ემპათიის გრძნობა და ხანდახან მაინც, მოსწავლის თვალით შეხედოს გარკვეულ სირთულეებს თუ გამოწვევებს, რომლის წინაშეც მოზარდი აღმოჩნდება.
– რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს არასწორი სტრატეგიის გამოყენებას?
– მოზარდობის ხანა, სინამდვილეში ძალიან სენსიტიურია. უფროსის ან მასწავლებლის მხრიდან პატარა შეცდომაც კი, შეიძლება, არასასურველი შედეგის მომტანი იყოს. შესაბამისად, პედაგოგს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს. მახსოვს, ჩემი რამდენიმე მაგალითი, სადაც სწორედ პედაგოგის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, ხანგრძლივი მუშაობა დაგვჭირდა მოზარდთან. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ბოლომდე გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ გავმეორდები, საჭიროების შემთხვევაში, თუ ის (პედაგოგი) თვლის, რომ ვერ ერკვევა ან ვერ უმკლავდება სიტუაციას, დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართოს.
– რომელია ის ფრაზები, რომლებიც თინეიჯერთან საუბრისას პედაგოგმა არ უნდა გამოიყენოს?
– პირველი, რასაც ყოველთვის ვაპროტესტებ და მომავალშიც გავაპროტესტებ არის, ის რომ არასოდეს შეეხონ მოზარდის პიროვნებას და მის გემოვნებას, სტილს! დაუშვებელია შემდეგი ფრაზების გამოყენება: „ეს რა გაცვია“, „არ გიხდება“, „წონაში მომატებული მეჩვენები“, „როგორ გახდი ასე, არ გიხდება“, „ასეთი ოჯახის შვილს არ შეგეფერება“… ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ხშირია მოზარდების პირდაპირი სიტყვიერი ბულინგი – „რა გონებაგაფანტული ხარ“, „ადრე უფრო ჭკვიანი იყავი“, „ცუდი ნაშრომია, უკეთესად არ შეგეძლო?!“, „ცდილობ, მაგრამ არ გამოგდის, ალბათ, ნიჭიერი არ ხარ“… კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მოზარდობა არის პერიოდი, როდესაც ფორმირდება და მყარდება ღირებულებების სისტემა, და თუ ეს საძირკველშივე იქნა დაზიანებული, განვითარებაში შეფერხდება! განა შენიშვნა არ შეიძლება მისცე, არა, უბრალოდ ჯანსაღად უნდა შეეხო მხოლოდ მის ქცევას და არა მის უნიკალურ პიროვნებას.
– რა არის ის ერთგვარი წესები, რომლებიც ფიქრობთ, რომ ყველ პედაგოგმა უნდა დაიცვას?
– პირველ რიგში, ვიტყვი, როგორი რთული ქცევისაც არ უნდა იყოს მოსწავლე, მასწავლებელმა არასოდეს უნდა მიაყენოს მას შეურაცხყოფა, როგორც პიროვნებას! აღინიშნოს მხოლოდ მისი ქცევა! მოსწავლისთვის იყოს მოტივაციის მიმცემი და მხარდამჭერი. მე სკოლა 90-იან წლებში დავამთავრე და კარგად მახსოვს ის დამაკნინებელი ტერმინოლოგია, რომელიც მაშინ ახასიათებდათ. მე პირადად, არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა და მადლობა მათ იმ გულწრფელი შრომისთვის და უპირობო სიყვარულისთვის. თუმცა, თვალს ვერ დავხუჭავთ, რადგან იყო მსგავსი საკითხები დღის წესრიგში და სამწუხაროდ, დღესაც არის.
– მიმართეთ პედაგოგებს, როგორი იქნებოდა თქვენი მთავარი გზავნილი მათდამი?
– პედაგოგობა უდიდესი პასუხისმგებლობაა! მუდმივად როლებს იცვლი. მეგობარიც უნდა იყო, აღმზრდელიც, მასწავლებელიც. ამავდროულად, გულისხმიერი, უნდა გაგაჩნდეს ემპათიის გრძნობა, უნდა გესმოდეს და გიყვარდეს განურჩევლად ყველა და არ გამოგეპაროს მცირე ნიუანსიც კი. სწორედ ამიტომაც არის მასწავლებლობა უდიდესი პასუხისმგებლობა და ვისურვებდი, ეს ყველა პედაგოგს ბოლომდე ჰქონდეს გააზრებული. მოზარდი არის ის ნერგი, რომელიც უნდა გაიზარდოს ლაღი, ბედნიერი, მხრებგაშლილი, რაც მხოლოდ ჯანსაღ გარემოში მოხდება. ამ შემთხვევაში, ოჯახთან ერთად, სკოლასაც უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება და ვისურვებდი, სწორედ ეს გარემო ყოფილიყოს მათთვის ხელშემწყობი.
ასევე იხილეთ:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება