რატომ გაურბიან მოზარდები სკოლას
ქეთევან ოსიაშვილი, ბლოგერი
ამ სტატიის დაწერის საჭიროება პედაგოგებისგან მიღებულმა კითხვებმა დაგვანახვა. აი, ორი ყველაზე ტიპობრივი კითხვა:
– “ერთ-ერთი მოსწავლე არ დადის სკოლაში. მასწავლებლების გადმოცემით, აქვს ძველი ბიჭის იმიჯი. არ ვიცი, რა მოვიმოქმედო, რომ სკოლაში დაბრუნდეს. მეცხრე კლასის ატესტატი ხომ მაინც უნდა მიიღოს? ვესაუბრე. დამპირდა, ვივლიო, მაგრამ უშედეგოდ. როგორ მოვიქცე?” (რუსული ენის მასწავლებელი)
– “მეთორმეტე კლასში ერთი ბიჭია. არ უნდა სწავლა და პროტესტის ნიშნად მესაუბრება სვანურად. მე რუსულს ვასწავლი. როგორ მოვიქცე?” (რუსული ენის მასწავლებელი)
პედაგოგებს მუდამ აწუხებდათ მოსწავლეთა დაუინტერესებლობა სკოლით, სასწავლო პროცესით. მაინც რატომ გაურბის ბავშვი სკოლას? ეს ხომ ის ადგილია, სადაც მას თავისი ინტელექტუალური მოთხოვნილებისა და შემეცნებითი ინტერესის დაკმაყოფილება შეუძლია.
ნებისმიერი პრობლემის მოგვარება იწყება იმ ქცევის მოტივების ძიებით, რომელიც აღნიშნულ პრობლემას ქმნის. ბავშვის ქცევის მოტივის მიგნება ძნელია, მასთან საუბარი უშედეგოა, რადგან მის ქცევას არცთუ იშვიათად ქვეცნობიერი მოტივები განაპირობებს. ამ დროს დაკვირვება და პირადი გამოცდილება შესაძლოა საუკეთესო მრჩევლებად მოგვევლინოს. როდესაც სკოლისა და სწავლისადმი უფროსკლასელის უარყოფით დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს დამოკიდებულება შესაძლოა სწავლის ადრეულ ეტაპზე, ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში იყოს ჩამოყალიბებული. ბავშვების დიდი უმრავლესობა პირველ ხანებში სიხარულით მიდის სკოლაში, მაგრამ მალე მრავალი მათგანისთვის სასწავლო პროცესი კარგავს ადრინდელ მომხიბვლელობას და მშობლებს იძულებით უხდებათ მათი სამეცადინოდ დასმა. დილაობით კი ასეთი ბავშვები ათასნაირ ხერხს მიმართავენ, რომ სკოლისგან თავი დაიძვრინონ.
საინტერესოა, რატომ ეცვლება მოწაფეს ასე მალე სკოლისადმი დამოკიდებულება.
ბავშვები შესაძლებლობებითა და უნარებით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამიტომ ყველა ერთნაირი წარმატებით ვერ ასრულებს დავალებებს. მარცხისა და წარუმატებლობის სისტემატური განცდა კი იწვევს უარყოფით დამოკიდებულებას სწავლისა და სკოლის მიმართ. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, პატარებს არ უყვართ იმის კეთება, რაშიც მუდმივად მარცხს განიცდიან. წარუმატებლობა ბავშვს უკარგავს დავალების შესრულების სურვილს. ამდენად, თუ გვინდა, მოსწავლეს თავიდანვე შევუნარჩუნოთ სკოლისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება, უნდა მოვახდინოთ დავალებების დიფერენცირება და დროდადრო ბავშვს ისეთი სამუშაო შევთავაზოთ, რომელშიც ის წარმატებას მიაღწევს. წარმატებულობის განცდა მომავალში სასწავლო მოტივაციის შენარჩუნების მნიშვნელოვან წინა პირობად იქცევა.
რა შეიძლება მოხდეს, თუ დროულად არ დავეხმარეთ ბავშვს წარუმატებლობისა და მარცხის დაძლევასა და თავისი თუნდაც უმნიშვნელო შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაში?
ცნობილია, რომ სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე ბავშვის სოციალური სტატუსი ჯგუფში, მისი სოციალური აღიარება თანატოლთა მხრივ უშუალოდ უკავშირდება მის სასწავლო წარმატებებს. როცა ბავშვს სწავლა უჭირს, თანატოლები ინტერესს არ იჩენენ მის მიმართ, არ გამოხატავენ მასთან მეგობრული ურთიერთობის სურვილს. უფრო მეტიც – არცთუ იშვიათად ასეთ ბავშვს იმთავითვე მიეკერება ხოლმე „სუსტის” იარლიყი, რომელიც წლობით მიჰყვება მას და აბრკოლებს მისი თვითრეალიზაციის პროცესს. გარკვეულ პერიოდამდე ბავშვი სერიოზულ ძალისხმევას არ იჩენს უახლოეს სოციალურ გარემოცვაში საკუთარი მდგომარეობის შესაცვლელად, მაგრამ გარდამავალი ასაკის დასაწყისში, როდესაც აქტუალური ხდება ყურადღების, პატივისცემის, აღიარების მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მოზარდი ყოველგვარი საშუალებით, თანაც ძალიან აქტიურად იწყებს „ბრძოლას” ჯგუფში საკუთარი მდგომარეობის შესაცვლელად და თანატოლთა მხრივ აღიარების მოსაპოვებლად. ბუნებრივია, ასეთი ბავშვები სწავლაში სისტემატური ჩამორჩენის გამო სასწავლო წარმატებებით ვერ მოახერხებენ თანატოლთა შორის პოზიციის შეცვლას, ამიტომ მიზნის მისაღწევად ხშირად მიუღებლად იქცევიან – ცელქობენ, ხელს უშლიან მასწავლებელს, ცდილობენ გაკვეთილის ჩაშლას. სწორედ ასეთი ქცევით ცდილობენ „მაგარი” ბიჭის იმიჯის დამკვიდრებას და პოპულარობის მოპოვებას. ზოგიერთი ახერხებს კიდეც ამას. შედეგად კლასები, რომლებშიც ისინი სწავლობენ, უმართავები ხდებიან და დიდ სირთულეებს უქმნიან პედაგოგებს. თუ მოზარდი პედაგოგთან „ორთაბრძოლაში” დამარცხდა და სასურველი იმიჯის მოპოვება ვერ მოახერხა, ის თავს არიდებს სასწავლო პროცესს, გარბის სკოლიდან და გარეთ, ქუჩაში, ეძებს იმ წრეს, სადაც აღიარებენ, მოუსმენენ და პატივისცემით მოეპყრობიან. ამრიგად, ერთ დროს მშვიდი, წყნარი, შეუმჩნეველი ბავშვი, რომელიც, მართალია, არ სწავლობდა, მაგრამ არც ხელს უშლიდა მასწავლებელს და თანაკლასელებს, უფროს სასკოლო ასაკში შესაძლოა სერიოზულ პრობლემად იქცეს ოჯახისა და სკოლისთვის.
ადამიანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნილებას, თვითრეალიზაციის მოთხოვნილებას, მოზარდი სასწავლო პროცესში უნდა იკმაყოფილებდეს, ვინაიდან სასკოლო პერიოდში სწორედ სწავლაა ქცევის წამყვანი ფორმა. მოსწავლე, რომელიც წლების განმავლობაში ჩამორჩებოდა ამ კუთხით, ცხადია, აქ ვერ მოახერხებს თვითრეალიზაციას, არარეალიზებული პიროვნება კი უახლოეს სოციალურ გარემოცვაში ხშირად ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმია.
რა შეიძლება ვუპასუხოთ ზემოთ მოყვანილი კითხვების ავტორებს? როგორც კითხვებიდან ჩანს, ორივე შემთხვევაში საუბარია უფროსკლასელ მოსწავლეზე. ამასთან, პრობლემას ორივეჯერ უცხო ენის, კერძოდ, რუსულის, მასწავლებელი შეეჯახა. არც პირველ, არც მეორე შემთხვევაში მოზარდი ამ საგნის ცოდნით არ უნდა გამოირჩეოდეს. პირველი მათგანი შესაძლოა იმიტომ არ დადიოდეს სკოლაში, რომ „ძველი ბიჭის” იმიჯის დაკარგვა აშინებდეს. მისი თვალთახედვით, „ძველი ბიჭი” ყველაფერში „მაგარი” უნდა იყოს, რუსული ენის გაკვეთილზე კი მისი „სუსტი მხარეები” შესაძლოა ყველასათვის ადვილი შესამჩნევი გახდეს, რაც მის იმიჯს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. მეორე მოზარდი, მართალია, დადის სკოლაში, მაგრამ საკუთარი სისუსტის შესანიღბავად მასწავლებელს სვანურად ესაუბრება. მასწავლებელი აცხადებს, რომ მას სწავლა არ უნდა. იქნებ უნდოდეს კიდეც, მაგრამ წლების განმავლობაში ჩამორჩენამ თავისი კვალი დატოვა მასზე, მეთორმეტე კლასში კი სწავლის დაწყება, თანაც – უცხო ენის სწავლისა, არც ისე ადვილი იქნება. ამ მოსწავლეს საგნის შესასწავლად ნამდვილად სჭირდება დამატებითი, ინდივიდუალური მუშაობა, მაგრამ, როგორც ჩანს, უჭირს ამის აღიარება და მასწავლებლისთვის თხოვნა. ამიტომ მან საკუთარი „ძალის” დემონსტრირება დაიწყო – პედაგოგს სვანურად ესაუბრება, რადგან იცის, რომ ის მას ვერ გაუგებს. ასეთი ქცევით მოზარდს შესაძლოა იმის თქმა სურდეს, რომ მანაც იცის რაღაც ისეთი, რაც არ იცის მასწავლებელმა და, ამდენად, ის არც ისეთი სუსტია, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში პრობლემის მოსაგვარებლად მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში. სწავლების თანამედროვე მეთოდების მრავალფეროვნება ამ მხრივ დიდ დახმარებას გაუწევს პედაგოგს. აქვე უნდა ითქვას, რომ როდესაც მეთერთმეტე-მეთორმეტეკლასელი სკოლაში არ დადის, შესაძლოა, ეს ოჯახური მდგომარეობითაც იყოს განპირობებეული. ამ ასაკის მოზარდი, განსაკუთრებით – რაიონებში, ხშირად სერიოზული დამხმარე ძალაა ოჯახისთვის, ამიტომ მას და ხშირად მშობელსაც ურჩევნია, მოზარდმა ოჯახს მოახმაროს თავისი ძალა და ენერგია, ვიდრე ყოველდღიურად იაროს სკოლაში, სადაც ახალს უკვე ვეღარაფერს ისწავლის წლების განმავლობაში ჩამორჩენის გამო. ამრიგად, შესაძლოა, 12-წლიანი სასკოლო სწავლების საკითხი ხელისუფლების მხრივ საფუძვლიან გადახედვას მოითხოვდეს. ხშირად არც მოზარდს და არც მშობელს არ სურთ, სწავლა 12 წელი გრძელდებოდეს, მაგრამ მაინც ვერ ტოვებენ სკოლას, ვინაიდან ამ შემთხვევაში თავს იჩენს ბავშვის დასაქმების პრობლემა. ხოლო თუ შეიქმნა პროფესიული სასწავლებლების ფართო ქსელი, შესაძლოა, მრავალმა მოზარდმა სკოლაში ამაოდ ჯდომას ასეთ სასწავლებელში სწავლა და კონკრეტული ხელობის, პროფესიის დაუფლება ამჯობინოს. ყოველივე ეს საგრძნობლად გააუმჯობესებდა მდგომარეობას სასკოლო სწავლების მესამე საფეხურზე, რადგან სკოლაში დარჩებოდნენ მოზარდები, რომლებსაც სწავლის გაგრძელების საფუძველიც ექნებოდათ და სურვილიც.
საიტისათვის: mastsavlebeli.ge
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- დიმიტრი უზნაძე მოქალაქის აღზრდაზე – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“ by განათლებული ბლოგი