GE

როგორ ვიმეცადინოთ სწორად ლიტერატურის გამოცდისთვის – სპეციალისტი აბიტურიენტებს ესაუბრება

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ზაფხულის გამოცდების მოლოდინიც ერთი-ორად მატულობს. აბიტურიენტებისა და მათი გულშემატკივრების მომატებული მღელვარების პარალელურად, EDU.ARIS.GE ასრულებს სტატიების სერიას მისაღები გამოცდების სხვადასხვა საგნებში სწორად მეცადინეობისა და მომზადების შესახებ.

„ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს“ – მართლწერის წესები ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტისგან

დღეს ჩვენი ინტერესის ობიექტი არჩევითი, ლიტერატურის მისაღები გამოცდაა, რომელი საგანიც გასულ წელს 657-მა აბიტურიენტმა ჩააბარა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ლიტერატურის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა მხოლოდ 7.31 % -მა, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ამ არჩეულ საგანში აბიტურიენტები მეტ-ნაკლებად კარგად არიან მომზადებული.

EDU.ARIS.GE-ს ლიტერატურის საგნის სპეციალისტი, ნათია მაზიაშვილი ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტის რჩევები დაგეხმარებათ, უკეთ მოემზადოთ და საგამოცდო ტესტი წარმატებით შეასრულოთ.

– ვიდრე საგამოცდო ტესტის შესახებ ვისაუბრებდეთ, გვითხარით, რატომ უნდა შეაჩერონ აბიტურიენტებმა არჩევანი ლიტერატურის საგანზე, თქვენი არგუმენტები როგორია?

– პირველ რიგში, ვფიქრობ, ბავშვებს უყვართ ლიტერატურა იმიტომ, რომ მისი საშუალებით სამყაროს შეიცნობენ, ეცნობიან საინტერესო გმირებს, ლიტერატურა მათ ცხოვრებას ასწავლის.
ქართული ენა და ლიტერატურა ერთ-ერთი ძირითადი საგანია, რომელსაც მოსწავლეები სკოლაში პირველი კლასიდან ეცნობიან და სწავლობენ. შეისწავლიან მწერლებს, მათ შემოქმედებას და სწავლების სხვადასხვა საფეხურზე გავლილი აქვთ ყველა ის ნაწარმოები, რომელიც ლიტერატურის გამოცდაზე მოეთხოვებათ. ასევე, ქართული ენის სწავლებისას, მოსწავლეებს მეტ-ნაკლებად განვითარებული აქვთ დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების უნარი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ლიტერატურის გამოცდისთვის. შესაბამისად, აღნიშნული საგანი მათთვის ძალიან ნაცნობი და ახლობელია.

– რას ეტყვით აბიტურიენტებს, ვინც ლიტერატურის საგანს ირჩევს, რა უნდა გაითვალისწინონ და რაზე გაამახვილონ ყურადღება?

– პირველ რიგში, აბიტურიენტებმა საგნის არჩევისას აუცილებლად გაითვალისწინონ საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები. გაარკვიონ, ბარდება თუ არა ლიტერატურა იმ ფაკულტეტზე, რომელზეც ჩაბარება სურთ. თუ ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ირჩევენ, მაშინ ლიტერატურაც მათთვის ახლობელია და უნდა ჩააბარონ აღნიშნული საგანი. დახმარება სთხოვონ მასწავლებელს, რომელიც, ვფიქრობ, სწორ რჩევას მისცემთ.

– გადავიდეთ ტესტის სტრუქტურაზე. რომ განუმარტოთ აბიტურიენტებს, რა დახვდებათ გამოცდაზე?

– ლიტერატურის ტესტი ორი ნაწილისგან შედგება. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 4 საათია. პირველი ნაწილი დათმობილი აქვს ქართულ ლიტერატურას, ხოლო მეორე ნაწილში აბიტურიენტები შეასრულებენ მხატვრული ტექსტის ანალიზს. პირველი ნაწილის დავალებებში მოეთხოვებათ ფაქტობრივი ცოდნა, მეორეში-მხატვრული ტექსტის ანალიზი. მათ უნდა შეეძლოთ დავალების ადეკვატურად გააზრება, სამი მითითების მიხედვთ არგუმენტირებული მსჯელობა, ნაწერში აუცლებელია, ჩანდეს დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება, რაც მთავარია, შეძლონ ნაწერის ორგანიზება, დაიცვან ლექსიკა და სტილი.

– გვითხარით საგამოცდო პროგრამის შესახებ, არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით კარგად უნდა დაამუშაონ?

– გაითვალისწინონ ის, რომ ლიტერატურის გამოცდის პირველ ნაწილში მათი ფაქტობრივი ცოდნა შემოწმდება. ამიტომ, გაიმეორონ და კარგად დაამუშავონ შესწავლილი ტექსტები. მათი ცოდნა არ უნდა იყოს ზედაპირული და ზოგადი.

– გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან, გამოცდისთვის სწორად მეცადინეობის საკითხზე. როგორ უნდა იმეცადინონ ჩვენმა მკითხველმა აბიტურიენტებმა ლიტერატურაში, რომ კარგი შედეგი აჩვენონ, როგორი უნდა იყოს პროცესი და მათი მიდგომა?

– საჭიროა, აბიტურიენტებმა გამოცდისთვის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის მიხედვით იმეცადინონ. აუცილებლად სთხოვონ დახმარება მასწავლებელს, რომელიც საჭირო რჩევებსა და ინსტრუქციებს მისცემთ. გაიმეორონ ყველა ის ნაწარმოები, რომლებიც საგამოცდო პროგრამაშია შესული და უკვე ნასწავლი აქვთ სკოლაში. იმუშავონ ლიტერატურულ ჟანრებზე, იმეცადინოს მხატვრულ ხერხებზე, რომელშიც ძირითადად, ავტორის მთავარი სათქმელი არის მოცემული. დაწერონ შესწავლილი მხატვრული ტექსტების ანალიზი, რომლის შემოწმებაშიც მასწავლებელი დაეხმარებათ და უკუკავშირსაც მიაწვდით.

ჩემი რეკომენდაციები სწორად მეცადინეობისთვის ასეთია:

ახსოვდეთ წარმატების წინაპირობა. პირველ რიგში, მასალა, რომელსაც მოამზადებენ გააზრებულად უნდა ჰქონდეთ შესწავლილი და დამუშავებული;

დააორგანიზონ მეცადინეობის რეჟიმი. იმეცადინონ დღეში 1 საათი. თავისუფალ დროს იკითხონ კლასგარეშე ლიტერატურა, რომელიც განტვირთვაში დაეხმარებათ და, ამავდროულად, ხელს შეუწყობთ ზოგადი განათლების მიღებასა და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებაში;

აწარმოონ კონსპექტები. გააკეთონ ჩანაწერები, სადაც მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ საკითხებს ჩაიწერენ. აღნიშნული ჩანაწერი დაეხმარებათ მასალის უკეთ დამახსოვრებასა და ნასწავლის გამეორებაში.

ინტენსიურად იმუშაონ ტესტებზე. ხშირად აკეთონ განვლილი წლის ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები.

რეპეტიცია საგამოცდო დროის ლიმიტის დაცვაზე. აუცლებლად დაიცვან დრო სწავლისას და ტესტის შესრულებისას, რათა გამოცდაზე დროის ლიმიტის განაწილებას მიეჩვივნენ.

დამატებითი სასწავლო რესურსის გამოყენება. შეარჩიონ წიგნები ბიბლიოთეკაში და იკითხონ ლიტერატურა, უყურონ ფილმებს, სპექტაკლებს. ამით ისინი დიდ სულიერ საზრდოს მიიღებენ.

სტრესის მართვა. მესმის, რომ ძალიან სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა, აქტიურად არიან ჩართულები სხვადახვა საგნის მეცადინეობაში და დატვირთული რეჟიმი აქვთ, მაგრამ უნდა ეცადონ, გამოიმუშავონ ემოციბის მართვის უნარი და ყოველთვის იყვნენ თავდაჯერებულნი. მთავარია, დაისახონ მიზანი, იშრომონ და აუცილებლად დაუფასდებათ.

თავისუფალი დროის სწორი ორგანიზება. თავისუფალი დრო სუფთა ჰაერზე გაატარონ, დაკავდნენ სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვით და პირველ რიგში, მოიწესრიგონ კვების რეჟიმი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური