GE

„როგორც ვვარაუდობდი, იმაზე რთული იყო, ვიდრე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა“ – აბიტურიენტები ლიტერატურის გამოცდას აფასებენ

25 ივლისს 2023 წლის აბიტურიენტების ნაწილმა გამოცდა კიდევ ერთ არჩევით საგანში – ლიტერატურაში ჩააბარა. ტესტირება 09:00 დაიწყო და აბიტურიენტებს სამუშაოდ 4 საათი ჰქონდათ.

მუხიანის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან პირველი აბიტურიენტი გამოცდის დაწყებიდან 1 საათსა და 20 წუთში გამოვიდა. ეთნიკურად აზერბაიჯანელმა აბიტურიენტმა, ემირ გახრამანოვმა გვითხრა, რომ ლიტერატურის საგანი ქართული ენის სიყვარულის გამო აირჩია და არ ნანობს.

„როგორც ვვარაუდობდი, იმაზე რთული იყო, ვიდრე ქართული ენისა და ლიტერატურის ძირითადი გამოცდა, მაგრამ არ ვნანობ. სკოლაში ქართულს ძალიან კარგად ვსწავლობდი, ამიტომ ავირჩიე. თან ბევრი ქართველი ავტორის ნაწარმოები წავიკითხე.”

ლიტერატურის ტესტში მოსულ საკითხებს დეტალურად იხსენებს მარიამ მჟავია და ადასტურებს, რომ მარტივი სამუშაო არ ყოფილა.

„პროგრამულიდან იყო სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“. ჯუმბერის აღზრდის საკითხებზე რომ დაიბარებენ ლეონს, ის სცენა. ვინც ლიტერატურას ვაბარებთ, თხზულების ნაცვლად ვწერთ მხატვრულ ანალიზს, ჰგავს თხზულებას, მაგრამ განსხვავებულია. აქაც გვთხოვდნენ, სულხან-საბას იგავების ანალიზი გაგვეკეთებინა. ცალ-ცალკე უნდა გვემსჯელა, სხვაობა და განსხვავება წარმოგვედგინა. რაც შეეხება არაპროგრამულ საკითხს, იყო მურმან ლებანიძის ლექსი და შეეხებოდა ხელმწიფის დამოკიდებულებას საკუთარი ხალხისადმი. რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი საკითხები“, – ამბობს გამოცდიდან გამოსული აპლიკანტი.

თბილისის 117-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან აბიტურიენტი რუსუდან სულუაშვილი ქართული ენისა და ლიტერატურისა და დამატებითი საგნის ტესტების სპეციფიკაზე გვესაუბრება:

„ძირითადი ქართულის თხზულება მარტივია იმ მხრივ, რომ მოცემული გაქვს ტექსტი და პრობლემა. პრობლემის გაგება რომც გაგიჭირდეს, ტექსტის მიხედვით გამოიტან დასკვნას, როგორ უნდა წაიყვანო მსჯელობა. ლიტერატურის გამოცდაც, ერთი შეხედვით, მარტივი ჩანს, რადგან ზუსტად იმავე მასალას გავდივართ, რასაც ძირითადი ქართულისთვის, მაგრამ ასე არ არის. დეტალებში ჩაღრმავება და გააზრებაა საჭირო, ასევე ნაწარმოებების კარგად ცოდნა.

რაც შეეხება თემას – მთავარია, მხატვრულ საშუალებებზე, მწერლის სტილსა და მთავარ სათქმელზე დაკვირვება შეგეძლოს, დანარჩენი აზროვნებაზეა დამოკიდებული.”

ლიტერატურის საგამოცდო ტესტის სირთულის კონკრეტულ მიზეზს ასახელებს ანა გეგაძე და პარალელს ავლებს ქართული ენის გამოცდასთან:

„ლიტერატურის ტესტი რთული იყო, რადგან ქართული ენის გამოცდისგან განსხვავებით, კონკრეტული ეპიზოდების ცოდნასა და გახსენებას მოითხოვდა. მაგალითად, თუ ქართული ენის გამოცდაზე პირდაპირ მოცემულია ტექსტი და იმ ტექსტიდან მოდის მხოლოდ კითხვები, აქ მოცემულია ფრაგმენტი და გვეკითხებიან, რომ გავიხსენოთ. ანუ ამ ტესტის შესრულებისას იმის გახსენება გიწევს, რაც მოცემული არ არის. რომ იტყვიან – „ენის წვერზე მედგა“ და ვერ ვიხსენებდი, ამიტომ იყო რთული..“

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების EDU.ARIS.GE– სთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ტესტის შესრულებისთვის გამოყოფილი დრო – 4 საათი, სრულიად საკმარისი იყო. მოსალოდნელ შედეგებზე წინასწარ საუბარი კი არ სურთ, რადგან მათთვის მარტივი სავარაუდო არ არის, რა ქულის მოპოვებას შეძლებენ.

დღეს ლიტერატურის გამოცდაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 89% ტესტირებაზე გამოცხადდა.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური