GE

როგორია გზა მენტორის სტატუსის მოპოვებამდე – 5 მენტორი მასწავლებელი თბილისიდან

“მენტორის ფუნქცია-მოვალეობები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე და კათედრის/სკოლის განვითარებაზე და მას სტატუსი უნარჩუნდება უვადოდ”, – ეს სიტყვები მასწავლებლის სქემაში სტატუსებზე საუბრის ბოლოს გვხვდება. ანუ, მას შემდეგ, რაც მასწავლებელი მენტორის სტატუსს მიიღებს, მას აღარც სტატუსის ამაღლებისთვის და არც შენარჩუნებისთვის აღარ უწევს კრედიტ-ქულების დაგროვება. მას მენტორის სტატუსი, ყველაზე მაღალი საფეხური მასწავლებლის სქემაში, უვადოდ უნარჩუნდება. სტატუსის დანამატი 700 ლარია, ხელზე ასაღები კი – 560.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედების შემდეგ პირველად 9 მასწავლებელმა მენტორის სტატუსი მოიპოვა, მათგან 5 პედაგოგი თბილისის სკოლებში ასწავლის. EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, ეკითხა თითოეული მათგანისთვის, რა გზა გაიარეს მენტორობამდე, იყო თუ არა რთული, რა გაუჭირდათ ყველაზე მეტად და რას ნიშნავს მათთვის ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგების რიგში ყოფნა.

როგორც აღმოჩნდა,  თბილისის სკოლების ყველა  მენტორს დოქტორის ხარისხი აქვს და მათ ახალი სქემის ამოქმედებიდან ავტომატურად მიენიჭათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ხოლო მენტორის სტატუსის მისაღებად 25 კრედიტ-ქულის დაგროვება იყო საჭირო, რომლისთვისაც 5 წელი ჰქონდათ, თუმცა ყველა მათგანმა საჭირო კრედიტები 2 წელიწადში დააგროვა და 2015 წლიდან 2017 წლამდე მენტორის სტატუსი მიიღო.

ნატა ბიჭიკაშვილი. შპს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისი.

„ბიოლოგიას ვასწავლი 15 წელია. რთული არ იყო ეს პროცესი. აბსოლუტურად იგივეს ვაკეთებდი, რასაც ადრე. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია.  უბრალოდ, მოგროვდა ეს კრედიტები. ჩვეულებრივად ვმუშაობდი ბავშვებთან, როგორც ყოველთვის. მე ძველ სქემაშიც ვიყავი ჩართული და 10 კრედიტი მქონდა იმ ძველი სქემიდან. 15 კრედიტი 2 წელიწადში მოვაგროვე.

თვითმიზანი კრედიტი არ არის. ჩვენ ბავშვებისთვის ვშრომობთ, მაგრამ რაღაცნაირად კარგია. უფრო მეტად გიბიძგებს სქემა განვითარებისკენ, ყველა რომ აკეთებს ამას, უკვე სტიმულიც არის.

მენტორ-მასწავლებლის სტატუსი, გეტყვით, რომ მეამაყება თავისთავად. მიხარია.  ეს მოიტანა შრომამ. თუმცა რასაც ვაკეთებდი ადრე, იმას ვაკეთებ ახლაც. განსაკუთრებული მოხდა-თქო, გამიჭირდება ამის თქმა.

სტატუსი არაფერს ცვლის! ვშრომობ მოსწავლეებისთვის და ვიშრომებ მომავალშიც! მე თვითონ მაქვს სურვილი, რომ პროფესიულად გავიზარდო, სიახლე შევიტანო და  ხალისიანი და საინტერესო გავხადო ბავშვებისთვის სწავლების პროცესი. ამას გავაგრძელებ, ბუნებრივია. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვიქნებოდი თუ არა მენტორი.

ძალიან მომწონს პროექტები. ბავშვებთან ერთად ვარჩევთ თემას, რაც მათთვის არის საინტერესო და აქტუალური და მერე უფრო ხალისით მუშაობენ. ასევე – კონკურსები. მინდა, რომ ბავშვები სკოლის გარეთაც გავიდნენ. ნახონ, რა ხდება, როგორ ხდება. იმუშაონ, ატარონ ექსპერიმენტი. ამიტომ კონკურსები ძალიან სასარგებლოა, მოტივაციას უზრდის ბავშვებს და კონკურსებიც ძალიან მომწონს.

პეტრე ბაბილუა. ევროპული სკოლა.

„ათი წელია ევროპულ სკოლაში მათემატიკას ვასწავლი. ისე 14 წელია სასკოლო სივრცეში ვმუშაობ.  ვარ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. მაქვს ჩაბარებული სასერტიფიკაციო გამოცდები, 1-6 და 7-12 კლასები. ვიყავი საუკეთესო მასწავლებლების 20%-ში გამოცდების შედეგებით. ასევე ინგლისურის და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდაც მაქვს ჩაბარებული და ვარ ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

პარალელურად ჩართული ვარ სასწავლო პროცესში, კერძოდ „ევროპულ სკოლაში“ ვასწავლი მათემატიკას. როდესაც მასწავლებლები კატეგორიების მიხედვით განაწილდნენ, ჩემი მიღწევების მიხედვით მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

შემდეგ იყო სქემის გარდამავალი ეტაპი. ამ ეტაპზე მასწავლებლებს შეგვიფასდა ძველი სქემის აქტივობები. ძველი სქემის აქტივობებში მე დავაგროვე მაქსიმალური 10 კრედიტი. შესაბამისად, როდესაც სქემა გამარტივდა ახალი მინისტრის და „მასწავლებლის სახლის“ ინიციატივით, დაემატა კიდევ აქტივობები, შევასრულე სამოდელო გაკვეთილები, მეთოდური სტატიები. ასევე ჩავატარე „საგანმანათლებლო საჭიროების კვლევა“. სკოლის ბაზაზე შევისწავლე, ჩემი კათედრის საჭიროებიდან გამომდინარე, მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი ვარ, რა პრობლემებთან გვქონდა საქმე.

ჩემი სკოლის მაგალითზე შევისწავლე ეს პრობლემები და ვახორციელებდი ინტერვენციებს. კვლევას უნდა ახლდეს ინტერვენციები. ვიყავი სხვადასხვა კონფერენციების მონაწილე. ვარ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი, ასევე „მილენიუმის“ პროგრამით სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადების პროგრამის ტრენერი, როგორც მეთოდურ, ასევე საგნობრივ ნაწილში. სქემის ფარგლებში მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა დამეგროვებინა 25 კრედიტქულა და მე დავაგროვე 31.

რა დატვირთა აქვს ამ სტატუსს ჩემთვის? მეტი მოტივაცია მაქვს, რომ ჩემი საქმე უკეთ გავაკეთო. მეტს გავუზიარო ჩემი გამოცდილება და გავხადო საგანმანათლებლო სივრცე მოსწავლეებისთვის მიმზიდველი.

მე ამ სქემამ დამანახა, რომ ის აქტივობები, რომლებიც მიმართულია არა კონკრეტულად ცოდნის მიღებაზე, არამედ ცოდნის პრაქტიკაში გადატანაზე, ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებაზე, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სწორედ ასეთი ტიპის გაკვეთილები მოსწონთ მოსწავლეებს. მოსწავლეს ჩვენ უნდა გამოვუმუშაოთ  ის უნარ-ჩვევები, რომელიც  მათ დაეხმარებათ ცხოვრებაში“.

ირინა ნაცვლიშვილი. ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლა.

„ქართულს ვასწავლი 12 წელია. ისე, 21 წლიდან ვასწავლი უნივერსიტეტში. რომ დავამთავრე, კათედრაზე დავრჩი და ახლაც ლიტერატურის ინსტიტუტში ვმუშაობ.

ადვილი არ იყო მენტორის სტატუსის მოპოვება. ბევრია საკეთებელი და მერე უკვე გასაფორმებელი დოკუმენტურად. სქემა როგორც კი ამუშავდა, წამყვანის სტატუსი მქონდა. იმიტომ რომ ადრე მაქვს დაცული დისერტაცია და დოქტორები წამყვანი მასწავლებლის კატეგორიაში მოვხდვით. რაც შეეხება გამოცდების ჩაბარებას, პირველივე წელს ჩავაბარე ოთხივე გამოცდა. ინტეგრირებულიც, უნარებიც და სპეციალობაც, 2010-ში.

მე რა საქმესაც ვაკეთებდი, იმის კეთება გავაგრძელე და არ მომირგია მაინცდამაინც სქემისთვის. ძველი სქემის აქტივობებში ავიღე სრული 10 ქულა, ანუ წინარე პირობა მქონდა.  შემდეგ ჩავატარე სამოდელო გაკვეთილები. 2 ახალი რესურსი ავტვირთე, ერთი ატვირთული მქონდა. დამატებითი აქტივობები კიდევ უფრო მეტი მქონდა და გადავაჭარბე კრედიტებს, 29 კრედიტამდე ავიღე.

დოკუმენტურად იმდენად ვრცელი მასალა იყო გასაფორმებელი, რომ რაღაც-რაღაცები აღარ გავაფორმე. ადვილი ზოგადად არ არის, მაგრამ თუ მუშაობ ადამიანი და გაკეთებული გაქვს, ეს გეხმარება. ერთ სემესტრში ძირითადი აქტივობები განვახორციელე. 2017 წლის თებერვლიდან გამოქვეყნდა განახლებული სქემა და შემდეგ შეფასების ინსტრუმენტები. ვიფიქრე, რომ ერთ სემესტრში მოვასწრებდი ჩამეტარებინა 4 სამოდელო გაკვეთილი. მოკლე დროში გავაკეთე და ერთგვარად იყო დამღლელი, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ.

მასწავლებლის სქემა რამდენად მნიშვნელოვანია? ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ვიღაცა ირონიით უყურებს, ვისაც მასზე მაღალი სტატუსი აქვს. ვისაც მაღალი სტატუსი აქვს, პირიქით, პრაქტიკოსს უყურებს ირონიით. ეს ბრძოლები, თუნდაც სოციალურ ქსელებში, არ მსიამოვნებს. არც ის – პრაქტიკოსი რომ ამბობს, დიდი ამბავი თუ სერტიფიცირებულია, მაინც არაფერი იცის და არც ის – სერტიფიცირებული რომ ამბობს, მე ყველაფერი მეკუთვნის და მას არ ეკუთვნის.

შეიძლება ჩემზე ჭკვიანია ვიღაც, მაგრამ არ ჰქონდა თავიდანვე დაცული და თავიდანვე წამყვანი მასწავლებელი არ ყოფილიყო. ადამიანი თვითონ წყვეტს, როგორ წარმართოს თავისი ცხოვრების გზა. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, როდესაც ადამიანი რაღაცას აკეთებს, დიახ, ის უნდა წახალისდეს! სტატუსი იქნება ეს თუ ხელფასი. უნდა გაირჯეს,  რომ მიიღოს რაღაც! დისერტაციები მაინცდამაინც არ მოსწონთ სხვა პედაგოგებს, მაგრამ ეს თავისთავად ხომ არის კვალიფიკაცია? რეალურად ეს არის მეტი პროფესიული კვალიფიკაცია.

მე მაინც მგონია, რომ ამ სქემაში კარგად არის ყველაფერი გაწერილი. ცოტა დოკუმენტაციის წარმოება არ მომწონს. ძალიან ბევრია საწერი. გაცილებით მეტი დრო დამეკარგა ამის აღწერაზე, ვიდრე გაკვეთილის ჩატარებაზე, პრობლემის განხილვაზე. ზოგადად, მე მაინც მომწონს ეს დიფერენციაცია. უნდა გაირჩეს, ვის რამდენი სამუშაო აქვს შესრულებული. მაგრამ, ამასთანავე, საწერი რომ ნაკლები იყოს, საქმე შეფასდეს უკვე ნაკლები დოკუმენტების მოთხოვნით, ალბათ, მასწავლებლებს ექნებათ მეტი დრო, აკეთონ საქმე. მე ასე მგონია“.

ნათია დარჩია. ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლა.

„31 წელია ვასწავლი სკოლაში. ვარ დაწყებით საფეხურის მასწავლებელი.  მენტორის სტატუსი, პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობაა და მეორეც სასიხარულოა. წელს მხოლოდ 9-მ მოიპოვა ეს სტატუსი.

მე გახლავართ პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, ამიტომ წამყვანი მასწავლებლობიდან მომიწია გადასვლა მენტორის მასწავლებლის სტატუსზე. მე განვახორციელე 8 სამოდელო გაკვეთილი. 29,5  კრედიტქულა დავაგროვე. კვლევა განვახორციელე  „ძილის მნიშვნელობა მოსწავლეთა აკადმიურ მოსწრებაზე და ქცევაზე“. სტატიები მქონდა გამოქვეყნებული. სამი რესურსი გამოვაქვეყნე, რომლებითაც სხვა პედაგოგებიც სარგებლობდნენ. მე გახლდით სქემის ფასილიტატორი. ასევე სხვადასხვა ტრენინგები გავიარე. ჩემი მოსწავლეები მონაწილეობდნენ და იმარჯვებდნენ ოლიმპიადებში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოსწავლეებს, ისინი ამ აქტივობებში ხალისით ერთვებოდნენ და სიამოვნებით იღებდნენ იმ გამოწვევებს, რომლებსაც მე ვთავაზობდი.

იოლი არ არის, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მენტორის სტატუსის მოპოვება რომ არ მნდომოდა, ამას არ გავაკეთებდი. პროცესი არის რთული, მაგრამ კარგი ის არის, მასწავლებელს სამი სავალდებულო აქტივობის გარდა, თვითონ შეუძლია დაგეგმოს და განახორციელოს აქტივობები. კარგი იქნებოდა ფორმალური მხარე ნაკლებად იყოს დატვირთული. ეს ფორმალური მხარე თუ მოგვარდება, ძალიან კარგი იქნება.

ჩვენ წამყვანის სტატუსიდან მენტორის სტატუსზე გადასასვლელად 4 წელი გვქონდა, პლუს ერთი წელი კიდევ. მაგრამ მე, მაგალითად, ამისთვის 2 წელი დამჭირდა.

რა თქმა უნდა, სკოლას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფასილიტატორი, დირექტორი როგორ უწყობს ხელს, შეფასების ჯგუფის კომპეტენცია როგორია.  მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემი სკოლის პედაგოგებს, იმიტომ რომ ჩართულები იყვნენ უამრავ კვლევაში, ჩემს მოსწავლეებს, იმიტომ რომ ხალისით იღებდნენ მონაწილეობას აქტივობებში. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს – მაია ბუხრაშვილს და ჩვენი სკოლის მდივანს, ნანა ადამაშვილს. ისინი სკოლაში მთელი ზაფხული მუშაობდნენ, რომ ეს დოკუმენტები გაგვეფორმებინა. ფასილიტატორებს – თამარ ქუთათელაძეს, დიანა დეკანოიძეს, დირექტორს გულნაზ ხორბალაძეს მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო.

პედაგოგებს, ერთადერთი შემიძლია, ვუსურვო წარმატება და ვუთხრა, რომ თუ სწორად დაგეგმავენ თავიანთი განვითარების გზას და გააგრძელებენ მუშაობას, დარწმუნებული ვარ, შედეგს მიაღწევენ. თუ მოწოდებულია იმისთვის, რომ მიაღწიოს წარმატებას, აუცილებლად შეძლებს ამას ყველა პედაგოგი.

გულნაზ ხორბალაძე. ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლა.

„ათი წელია ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. მენტორ-მასწავლებლის სტატუსი ჩემთვის არის ძალიან დიდი წარმატება, რადგან პედაგოგიური სქემის ფარგლებში ბოლო საფეხური არის მენტორის სტატუსი. ეს არის ჩემთვის ძალიან სასიხარულო და სასარგებლო -სკოლისთვის, რამდენადაც მენტორმა თავისი გამოცდილება უნდა გაუზიაროს პედაგოგებს, განსაკუთრებით ახალბედებს, იზრუნოს ასევე მათ პროფესიულ განვითარებაზე.

ეს იყო ძალიან შრომატევადი პროცესი. მოგეხსენებათ, რომ პედაგოგებისთვის სქემა არსებობდა 2015 წლამდე. ძველი სქემის ფარგლებშიც დავაგროვე კრედიტქულები. შემდეგ 2015 წლიდან ვმუშაობდი სტატუსის ასამაღლებლად. გავაკეთე სკოლის საჭიროებების კვლევა. ეს იყო უაღრესად საინტერესო პროცესი. ჩემი კვლევა ეხებოდა მშობელთა ჩართულობას და მათ გააქტიურებას სასწავლო პროცესში. იყო სამოდელო გაკვეთილები, პრობლემაზე, გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული. მესწრებოდნენ სხვადასხვა საგნის პედაგოგები და ეს იყო, ვფიქრობ, უაღრესად სასარგებლო სკოლისთვის. იყო ასევე დამატებითი აქტივობები, თუნდაც სასწავლო რესურსის შექმნა, კონფერენციაში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ეს ზრდის მასწავლებელს პროფესიულად და სასიხარულოა რომ ეს გვიფასდება.

რამდენადაც მე ვიყავი პედაგოგთა მეცნიერებათა დოქტორი და სქემის ამოქმედებიდან ავტომატურად მომენიჭა წამყვანობის სტატუსი, შემდეგ 2 წელიწადში მივიღე მენტორის სტატუსი. საინტერესო იყო უაღრესად ეს პროცესი, თუმცა დამღლელიც – ამავდროულად. ვინაიდან პედაგოგმა ძალიან ბევრი დოკუმენტი უნდა გააფორმოს, შემდეგ – შეფასების ჯგუფმა. შრომატევადი იყო ეს საქმე. მე სკოლის დირექტორი ვარ და ჩემთვის ნამდვილად იყო ამ საქმესთან ერთად, მენტორობისთვის საბუთების მოწესრიგება შრომატევადი.

ყველა პედაგოგს ვუსურვებ წარმატებას. ჩემს სკოლაში თითქმის ყველა უფროსი მასწავლებელია. მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი მოხდა და ჩვენს სკოლაში 2 მენტორ- მასწავლებელი დავსახელდით, ყველას გაუჩნდა მოტივაცია. მე ვეტყოდი პედაგოგებს: იფიქრონ, იმსჯელონ, დაგეგმონ აქტივობები და შეიცვალონ სტატუსი“.

მენტორის სტატუსი 9 მასწავლებელს მიენიჭა – როგორია სტატისტიკა საფეხურების მიხედვით

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური