როგორია პირველი სასწავლო დღე მსოფლიოს ქვეყნებში და რატომ უნდა გვშურდეს გერმანელი პირველკლასელების
ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ფინლანდია და საფრანგეთი მხოლოდ გამოსაშვებ საღამოებს ზეიმობენ, პირველი სასწავლო დღე კი ყოველგვარი აღნიშვნის გარეშე გადის. ბავშვები უბრალოდ გაკვეთილებზე მიდიან. დღეს ჩვენ გვინდა მოგითხროთ როგორ გადის სკოლის პირველი დღე იმ ქვეყნებში, სადაც სასწავლო წლის დაწყება მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. სტატია ბოლომდე წაიკითხეთ და თქვენ გაიგებთ როგორ წარმოიშვა ისრაელში დაფაზე თაფლის წასმის ტრადიცია.
გერმანია
გერმანიის სხვადასხვა რეგიონში ზაფხულის არდადეგებისა და სასწავლო წლის დაწყების თარიღი განსხვავდება. არდადეგები დაახლოებით 6 კვირა გრძელდება. სწავლება როგორც ივლისის ბოლოს, ისე სექტემბერში შეიძლება დაიწყოს.
ტრადიციის წყალობით, რომელსაც საფუძველი გერმანიაში მე-19 საუკუნეში ჩაეყარა, ბავშვების უმრავლესობა სკოლაში სიხარულით მიდის. სასწავლო წლის პირველ დღეს ისინი ე.წ. შულტუტეს იღებენ. ეს არის სხვადასხვა ფერის უზარმაზარი კონუსი, რომელიც კანფეტებით, ტკბილეულით, საკანცელარიო ნივთებითა და პატარა სათამაშოებით არის გავსებული.
გარდა ამისა, ბევრ სკოლაში სწავლის დაწყების წინ საეკლესიო მსახურება სრულდება. ბავშვების გარდა მას მშობლები, ნათესავები და ნათლიები ესწრებიან. სადღესასწაულო ცერემონიაზე ბავშვებს ხანგრძლივ სასწავლო გზას ულოცავენ. ამ ღონისძიების შემდეგ პირველკალსელებისთვის ექსკურსია ტარდება, რომელზეც ისინი სკოლას ეცნობიან. მეცადინეობებს ისინი მეორე დღეს უდგებიან.
ბულგარეთი
ბულგარეთში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება და მაისში ან ივნისში სრულდება. ბავშვები სკოლაში 7 წლის ასაკში მიდიან (მშობლების თხოვნით მათ 6 წლის ასაკშიც იღებენ).
დღესასწაული სკოლის დროშის აწევითა და ზარის დარეკვით იწყება. ხანდახან ცნობილი ადამიანები მოკლე სიტყვას ან ლოცვას წარმოთქვამენ. სიმღერისა და ცეკვის ტრადიციული ნაწილის შემდეგ ცაში მტრედებს ან ბუშტებს უშვებენ. დღესასწაული სკოლის შენობაში გრძელდება, სადაც ბავშვებს ტკბილეულით უმასპინძლდებიან.
იაპონია
ბევრ ქვეყანაში სასწავლო წლის დასაწყისი ზაფხულის დასასრულსა და შემოდგომის დასაწყისზე მოდის. ეს არის ერთგვარი გადასვლა მხიარული და უდარდელი პერიოდიდან უფრო სერიოზულ სასკოლო ეტაპზე. იაპონელებთან კი პირიქით, სასწავლო წელი 1 აპრილს იწყება, როცა გაზაფხული დგება და ბუნება იღვიძებს. ბავშვები სკოლაში განახლების გრძნობით მიდიან და საკურას ყვავილობით ტკბებიან.
პირველი დღე სასწავლო დაწესებულებაში იაპონელებისთვის დღესასწაულს წარმოადგენს. ოჯახები და მეგობრები ულოცავენ სკოლის მოსწავლეებს და მათ საჩუქრებს ჩუქნიან. მშობლები და მოსწავლეები აუცილებლად იცვამენ სადღესასწაულო ტანსაცმელს, იღებენ ფოტოებს სკოლის შესასვლელთან (ყველაზე ხშირად საკურას ქვეშ), რის შემდეგაც სადღესასწაულო ცერემონიაზე – ნიუგაკუშიკიზე მიემართებიან.
ღონისძიებების რიცხვში შედის ახალი მოსწავლეების მსვლელობა უფროსი მოსწავლეების აპლოდისმენტების ფონზე. ამის შემდეგ მე-5 ან მე-6 კლასის მოსწავლეები ახალმოსული ბავშვებისთვის სკოლაში ექსკურსიას ატარებენ, რომელიც მისასალმებელი წარწერებითა და საკურას ყვავილებით არის მორთული.
ჩეხეთი
ჩეხეთში ბავშვები სკოლაში 6 წლიდან მიდიან. გაკვეთილები სექტემბრის პირველ სამუშაო დღეს იწყება და ისინი მხოლოდ 1 საათს გრძელდება. აღსანიშნავია, რომ პირველ დღეს გაკვეთილებს მშობლებიც ესწრებიან, რის შემდეგაც ისინი თავიანთ შვილებთან საკონდიტროში მიემართებიან ნაყინისა და სხვა ტკბილეულის დასაგემოვნებლად.
ისრაელი
ისრაელში დიდი ყურადღება იმას ეთმობა, რომ ბავშვმა თავი სკოლის დიდი გუნდის წევრად იგრძნოს. პირველი სასწავლო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ბავშვები სკოლაში 1 სექტემბერს მიდიან. მათ ცეკვითა და ორმაგ დოლზე – ბონგოზე დაკვრით ხვდებიან. ამის შემდეგ მათ რაბინი ლოცავს, ისინი მღერიან და ერთმანეთს ეხუტებიან.
ასევე, ისრაელში არის საინტერესო ტრადიცია, რომელიც სწავლის დასაწყისს უკავშირდება. ცოტაოდენ თაფლს დაფას ან ქაღალდს უსვამენ, რომელზეც ებრაული ანბანი წერია. ბავშვები ლოკავენ მას, რაც იმის სიმბოლოა თუ რამდენად ტკბილია თორას სწავლა.
ინდოეთი
რეგიონისა და ამინდის პირობების მიხედვით ინდოეთში სწავლა აპრილიდან მარტამდე ან ივნისიდან მაისამდე გრძლედება. ბავშვები სკოლაში 6 წლიდან მიდიან. შედარებით უზრუნველყოფილი პირველკლასელებისთვის სასწავლო წლის დაწყება ნამდვილი დღესასწაულია. ისინი, ახალ და ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილები, ფერად ცერემონიაზე მიემართებიან, რომელსაც რთულად წარმოსათქმელი სახელი – პრავესანოლსავამ აქვს.
ამასთან, ბავშვთა შრომის გამოყენების აკრძალვის მიუხედავად, ბევრი მათგანი იძულებულია საკუთარი თავის საკვებით უზრუნველსაყოფად იმუშაოს. სწორედ ამიტომ ხანდახან მათ დაწყებით განათლებაზე უარის თქმა უწევთ.
პირველ სასწავლო დღეს ჩატარებული რომელი ღონისძიება გეჩვენებათ ძველმოდური და უსარგებლო? აღნიშვნის რომელი ტრადიცია მოგეჩვენათ საინტერესოდ? თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსირეთ.
მოამზადა თეა ინაშვილმა