რომელ მასწავლებლებს გაეზრდებათ ანაზღაურება 2017 წლის 1 იანვრიდან
2017 წლის იანვარში მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას ანაზღაურება გაეზრდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნოემბერში გაკეთებული განცხადებით, მასწავლებლის საბაზო ხელფასების მატება 2017 წელს დაგეგმილი არ არის.
განათლების სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 1 იანვრიდან მასწავლებელთა სახელფასო ზრდა უნდა განხორციელდეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თანახმად. საუბარია სტატუსის შესაბამისი (უფროსი, წამყვანი, მენტორი) დანამატის გაზრდაზე და მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგების დანამატზე.
სტატუსის შესაბამისი დანამატები და ხელზე ასაღები ოდენობა:
ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 180 ლარისა, იქნება 320 ლარი, ხელზე ასაღები – 256 ლარი.
ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 270 ლარისა, იქნება 500 ლარი, ხელზე ასაღები – 400 ლარი.
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს განსაზღვრული 500 ლარისა, იქნება 700 ლარი, ხელზე ასაღები – 560 ლარი.
დ) მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგის დანამატი – 142 ლარი იქნება – საუბარია 10 000–მდე პედაგოგზე.
იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი სქემაში ჯერ კიდევ არ გვყავს, მენტორის გაზრდილ დანამატს 0 მასწავლებელი მიიღებს.
სხვა სტატუსების მიხედვით მასწავლებელთა რაოდენობას თუ შევხედავთ, ანაზღაურების მატება შეეხება 18 494 უფროს მასწავლებელს და 213 წამყვან მასწავლებელს.
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, პრაქტიკოს მასწავლებელთა რაოდენობა 48 696–ს შეადგენს. სტატუსის მქონე მასწავლებლების ჯამური რაოდენობა მეტია მოქმედი მასწავლებლების რაოდენობაზე, რადგან სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების პროცესი 2015 წლიდან დაიწყო და შესაძლებელია სტატუსის მქონე მასწავლებლების ნაწილი დღეის მდგომარეობით არ იქვნენ მოქმედი მასწავლებლები.
სრული და სრულზე მეტი დატვირთვით მომუშავე მასწავლებლების რაოდენობა:
სრული დატვირთვა გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი კვირაში.
16 486 პრაქტიკოსი მასწავლებელი სრული და სრულზე მეტი დატვირთვით მუშაობს.
9 039 უფროსი მასწავლებელი სრული და სრულზე მეტი დატვირთვით მუშაობს.
89 წამყვანი მასწავლებელი სრული და სრულზე მეტი დატვირთვით მუშაობს.
შესაბამისად, ამ სქემით გათვალისწინებული სტატუსების მიხედვით დანამატების გარდა, მასწავლებელს მიეცემა თანამდებობრივ სარგოებზე არსებული დანამატებიც:
1.კლასკომპლექტით (ერთი მასწავლებლის მუშაობა ორ ან მეტ გაერთიანებულ კლასთან) სწავლების დანამატი;
2.არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი;
3.კლასის დამრიგებლობის დანამატი;
4.სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატი.
5.სქემაში განაწილებულ მასწავლებელს, რომელსაც დადგენილი წესით შრომის ანაზღაურება ევსებოდა 1000 ლარამდე, უნარჩუნდება სქემაში განაწილებამდე არსებული მდგომარეობა (თანამდებობრივი სარგო დადგენილი წესით შეევსება 1000 ლარამდე), იმ დრომდე, სანამ სქემით განსაზღვრული სტატუსისათვის მის მიერ მისაღები შრომის ანაზღაურების ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს.
6.ნაწილობრივი დატვირთვის დროს, მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები (გარდა კლასის დამრიგებლობის დანამატისა).
რაც შეეხება მიმდინარე წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი მასწავლებლების საშუალო ხელფასს, აღნიშნული რეგულირდება შესაბამისი ბრძანებით.
,,60 000 მასწავლებლიდან 40 000 წინასაარჩევნოდ მოატყუეს – ჯეჯელავას არ აქვს წონა მთავრობაში“
საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო ხელფასების მატება 2017 წელს არ იგეგმება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება