GE

რომელ პედაგოგს მოუწევს კომპეტენციის დადასტურების შემდგომ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა

პრაქტიკოსი პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა 2017 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უკვე დაწყებულია. სტატისტიკური მონაცემები, ვის  რამდენი კრედიტ-ქულა მიენიჭება და ვინ აიმაღლებს სტატუსს ამ გამოცდების შედეგად, ჯერ არ არის ცნობილი. თუმცა ცნობილია, რომ ამ გამოცდებით პედაგოგები საკუთარ კომპეტენციას დაადასტურებენ, რის შედეგადადაც გაირკვევა, ვის დასჭირდება და ვის არა შემდგომ კვალიფიკაციის ასამაღლებლად კვლავ მუშაობის გაგრძელება. ამის მიხედვით დაიგეგმება პედაგოგებისთვის ტრენინგებიც, რომელსაც კოორდინაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გაუწევს.

რა მოლოდინები არსებობს გამოცდებთან დაკავშირებით, რა სახის აქტივობები იგეგმება პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და რამდენად აქტიურად არიან ჩაბმული მასწავლებლები პედაგოგთა განვითარების განახლებულ სქემაში, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი ესაუბრება.

–ბატონო გიორგი, მასწავლებლებმა განახლებული პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით ამ ზაფხულს პირველად ჩააბარეს გამოცდა საგანსა და პროფესიულ უნარებში, ანუ გაიარეს კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირება. ზოგიერთ საგანში შედეგები უკვე გამოქვეყნდა, თუმცა სტატისტიკური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი, რა მოლოდინები გაქვთ თქვენ პედაგოგთა შედეგებთან დაკავშირებით?

–ჩვენი პედაგოგების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი აქტიურად ჩაერთვნენ პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა-განვითარების საქმეში. მათი დიდი ნაწილი მართლაც ღირსეული პროფესიონალია. ისინი სრულად აცნობიერებენ, რომ განათლების ხარისხის ძირითადი ნიშნულები მათ პროფესიონალიზმზე გადის. ეს ფაქტი აუცილებლად აღსანიშნავია და დასაფასებელია. ჩვენი მოლოდინია, რომ უახლოეს მომავალში ბევრი ღირსეული პედაგოგი შეიცვლის სტატუსს და პრაქტიკოსი მასწავლებლიდან უფროსამდე დაწინაურდება.

–საზოგადოებას კარგად ახსოვს გასულ წლებში ჩატარებული პედაგოგთა გამოცდების შედეგები, რომელიც კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. რა შეიცვალა მას შემდეგ და რა ღონისძიებები გაატარეთ, რომ მსგავსი შედეგი ისევ არ დადგეს? როგორ ფიქრობთ, საკმარისია ეს დრო და ძალისხმევა უკეთესი შედეგების დასადებად?

–მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ კომპეტენციების დადასტურება საჭიროა პედაგოგთა საკვალიფიკაციო მონაცემების განსასაზღვრად. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება რეალური და არა მოჩვენებითი სურათი, თუ რა კვალიფიკაციისა და კომპეტენციების მფლობელია თითოეული პედაგოგი. ამის გათვალისწინებით განისაზღვრება პროფესიული განვითარების საჭიროებაც. იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ოპტიმალური და რელევანტური პოლიტიკის შემუშავებისა და განვითარების რეალისტური გზები, აუცილებელია, საჭიროებების სრული სპექტრის განსაზღვრა. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ ვის რა საჭიროება გააჩნია არსებული კომპეტენციების დამატებით განვითარებაში ან ბაზისური აკადემიური ცოდნის გაუმჯობესებაში. უნდა ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ, რომ ყველა ერთი დონის კარგი მასწავლებელი ვერ გვეყოლება. გვყავს კარგი პედაგოგები, საშუალო დონის და ნაკლებად კარგებიც. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ უმრავლესობაში იყოს კარგი და კარგზე უკეთესი. ამისათვის დიდი ძალისხმევისა და რესურსების გაღება მოგვიწევს.

რაც შეეხება გამოცდების „ცუდ“ შედეგებს, ამის მიზეზები უპირველესად იმ არათანმიმდევრულ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ, რაც ათწლეულების განმავლობაში განათლების პოლიტიკაში და განსაკუთრებით პედაგოგების პროფესიასთან დაკავშირებით ხორციელდებოდა. ჩვენ სახეზე გვაქვს წლობით აკუმულირებული უამრავი პრობლემა, რომელსაც, ასევე, ემატება დღევანდელი პრობლემების საკმაოდ ვრცელი ნუსხა. ამ პრობლემების გადასაწყვეტად ერთი ცალკეული ინსტიტუციის ძალისხმევა არათანაბარზომიერია და მთელი სისტემის ადეკვატურ მობილიზებას (როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსების მხრივ) მოითხოვს. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვახერხოთ მასწავლებლების მომზადების პროგრამების მაღალ დონეზე დახვეწა და ამ პროგრამების გასავლელად მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სისტემაში როტაციის პროცესის განვითარება და სხვა მონათესავე სფეროებიდან კვალიფიციური კადრების რეკრუტირება.

ცენტრი აქტიურად მუშაობს პროფესიული განვითარების პროგრამების დახვეწასა და გამრავალფეროვნებაზე. აქტიური განვითარების ფაზაშია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა. შეტანილი ცვლილებები სქემას უფრო მოქნილს და თითოეული პედაგოგის საჭიროებაზე მორგებულს ხდის. სქემის დახვეწა მუდმივი პროცესი იქნება და იგი ორიენტირებული იქნება სკოლის ბაზაზე არსებული სისტემების განვითარებაზე.

–რა ტიპის გადამზადების კურსებია გათვალისწინებული?

–სქემის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა კატეგორიის მასწავლებლების საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განვითარების კურსები. ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების ყველა პედაგოგისათვის ტარდება კვალიფიკაციის ამაღლების გრძელვადიანი კურსები.

ყველა სკოლის დირექტორი გადამზადებას გადის ე.წ. „ლიდერობის აკადემიის“ ფარგლებში. უკლებლივ ყველა საგნის პედაგოგს აქვს საშუალება, საგნობრივი კომპეტენციები აიმაღლოს ცენტრის მიერ შეთავაზებული პროგრამების ფარგლებში. გარდა ამისა, ცენტრი აგრძელებს  მუშაობას პედაგოგებისთვის შეთავაზებული პროდუქტების და სერვისების ხარისხის ასამაღლებლად. ამისთვის დაიხვეწება ხარისხის მართვის და კონტროლის მექანიზმები, როგორც ცენტრის, ისე მომსახურების გარე მიმწოდებლების მიერ შეთავაზებული პროგრამებისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ძალისხმევას აუცილებლად მოჰყვება შედეგები პროგრესის მიმართულებით მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაშიც.

–მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბოლო წლის აქტივობებსა და საქმიანობაზე რომ გვითხრათ ამ კუთხით, რა ნაბიჯები გადაიდგა ან რა ცვლილებები გატარდა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის? რამდენად მნიშვნელოვანია ამ კუთხით თქვენი ცენტრის ახალი პოლიტიკა, დეცენტრალიზაციის საკითხი?

–ცენტრის სერვისებისა და პროდუქტების დეცენტრალიზაცია ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რაც გულისხმობს პედაგოგთა პროფესიული განვითარების სფეროში სხვა კვალიფიციური მომსახურების მიმწოდებლების შემოყვანას და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში პედაგოგებისათვის შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების გამრავალფეროვნებასა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას. ცენტრმა უკვე გამოაცხადა რამდენიმე კონკურსი ამ მიმართულებით და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე კონკურსის გამოცხადებას აპირებს კვალიფიციური პროვაიდერების შესარჩევად. წლევანდელი წელი აპრობაციის წელია და შედეგების ანალიზის შემდეგ პროცესი უფრო დახვეწილ და მასშტაბურ სახეს მიიღებს. ხელმისაწვდომობის მხრივ, ცენტრში მრავალ სიახლეზე მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიდგომაა ინოვაციური მეთოდების გამოყენება. ცენტრი აქტიურად მუშაობს დისტანციური სწავლების დანერგვაზე, რაც,  უახლოეს მომავალში, ფართოდ გავრცელდება.

–მასწავლებლის განახლებული სქემის მიხედვით, აღარ იარსებებს გამოცდაზე ჩაჭრილი პედაგოგი. მასწავლებლები კომპეტენციის დადასტურების ტესტის გავლის შემდეგ, თუ უმაღლეს შედეგს ვერ აჩვენებენ, გარკვეული რაოდენობის კრედიტ-ქულებს მაინც აიღებენ და რაც ტესტირების დროს დააკლდათ, იმ  კრედიტების დაგროვებას სხვა აქტივობებით შეძლებენ.

როგორ ფიქრობთ, პედაგოგებისთვის შეთავაზებული ეს გზა რამდენად ეფექტიანი იქნება და რა ვადებში, რამდენ წელში უნდა ველოდოთ სასურველ და დამაკმაყოფილებელ შედეგს და გარდა თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა, კიდევ რა არის, ან რა იქნებოდა თქვენი აზრით, ამისთვის საჭირო?

–პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც საგნობრივ და პროფესიული უნარების კომპეტენციების დადასტურებისას მიიღებს მაღალ შეფასებებს და შესაბამისად დააგროვებს საკმარის კრედიტ-ქულებს, ყოველგვარი დამატებითი აქტივობის გარეშე გადაინაცვლებს უფროსი მასწავლებლის საფეხურზე. ხოლო ისინი, ვინც უფრო ნაკლებ  კრედიტ-ქულას დააგროვებს, დარჩენილი კრედიტებისათვის გაივლიან დამატებით აქტივობებს, რომელიც სქემის დოკუმენტითაა განსაზღვრული. მართალია, აღარ გვეყოლება ე.წ.  „ჩაჭრილი“ მასწავლებლები, მაგრამ შემდეგ საფეხურზე პედაგოგები მას შემდეგ გადავლენ, რაც დამატებით საჭირო უნარებს და კომპეტენციებს განივითარებენ. ამ ეტაპიდან, მეტწილად, თვითონ პედაგოგზე იქნება დამოკიდებული, რამდენად წარმატებით გაართმევს თავს ინდივიდუალური გეგმის შესრულებას. მართალია, სქემით არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვადები პრაქტიკოსებისათვის საჭირო კრედიტ-ქულების მოსაგროვებლად, მაგრამ თითოეული პედაგოგის აქტიურობის ხარისხი და ნაჩვენები პროგრესი ან რეგრესი ბევრის მთქმელი იქნება.

–პედაგოგთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, გაირკვევა, რამდენ მასწავლებელს მოუწევს საჭირო კრედიტ-ქულების დასაგროვებლად კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები. რა ტიპის ტრენინგ-მოდულებს სთავაზობს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სამომავლოდ პედაგოგებს?

საჭირო კრედიტ-ქულების მოსაგროვებლად პედაგოგებმა, პირველ რიგში, უნდა გაიარონ შიდა საკლასო დაკვირვება და დარჩენილი რაოდენობა შეივსონ იმ არჩევანის მიხედვით, რომელსაც ცენტრი სთავაზობს. შეთავაზებული ტრეინინგ-მოდულები პედაგოგებს აძლევს საშუალებას, ცოდნა გაიღრმავონ იმ მიმართულებით, რისი საჭიროებაც საგამოცდო შედეგებმა გამოავლინა.

„საგრანტო კონკურსთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩაბმული პედაგოგები კრედიტქულებს მიიღებენ“

ვინ ჩაატარებს პედაგოგებისთვის ტრენინგებს და რა როლი ექნება ამ პროცესში მასწავლებლის სახლს

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური