GE

„საგრანტო კონკურსთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩაბმული პედაგოგები კრედიტქულებს მიიღებენ“

„ვინაიდან მსგავსი კონკურსი გამოვაცხადეთ, გაჩნდა მოსაზრება, თითქოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ცენტრი ძალიან კარგად ასრულებს თავის ფუნქციას, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ გავხსნათ კარები და ხარისხის გაუმჯობესებისკენ წავიდეთ“, – ასე დაიწყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც 80-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი, რომლისთვისაც განაცხადები მიიღება 21 ივლისამდე, ხოლო შერჩეული საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს 2017 წლის 21 აგვისტოდან 11 დეკემბრამდე, სამი თემატური მიმართულებით გამოაცხადა. ესენია: სკოლის საერთო კულტურის გაძლიერება; სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა; სკოლის ბაზაზე საკლუბო და საწრეო საქმიანობის ხელშეწყობა.

19965007_2230435156981668_354360382_nმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გიორგი მაჩაბლის თქმით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა საგრანტო კონკურსს, ვინაიდან 80-ზე მეტმა ორგანიზაციამ გამოთქვა დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი. როგორც მაჩაბელმა აღნიშნა, ეს არის კონკურსის პირველი გამოცხადება, მსგავსი კონკურსები პერმანენტულად გამოცხადდება და სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიმართულება შეირჩევა.

„როგორს ჩანს, საზოგადოებაში ამის მზაობა არის. ეს საწინდარია იმისა, რომ პროცესი მაქსიმალური ჩართულობით წარიმართება, რაც ჩვენს ამოცანას წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი გამჭვირვალე და ღია იქნება და ხელს შეუწყობს დეცენტრალიზაციის პროცესს.

„ამ ეტაპზე სამი მიმართულება შეირჩა აქტუალობის პრინციპით. ეს მიმართულებები მჭიდროდაა დაკავშირებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემასთან. შესაბამისად, ამ აქტივობებში ჩაბმული პედაგოგები მიიღებენ კრედიტ-ქულებს“,- განაცხადა გიორგი მაჩაბელმა.

სამივე საგრანტო მიმართულებაზე, ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი 300 000 ლარს შეადგენს. გრანტების შესახებ კანონის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

19964698_2230434816981702_715435429_n„კონკურსი გამოცხადებულია არამომგებიანი სტატუსის მქონე ორგანიზაციებისთვის. მომგებიანი სტატუსის მქონე ორგანიზაციებს შემდგომ პროცესში ექნებათ მონაწილეობის უფლება. ეს პროცესი არის მრავალმხრივი. იქნება ასევე ფასიანი კურსებიც, რომელში მონაწილეობისთვისაც მიენიჭებათ პედაგოგებს კრედიტ-ქულები. ამისთვის მომზადდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ცენტრს დაემატება კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც გულისხმობს სატრენინგო კურსების ან პროგრამების რეგისტრაციას, ხოლო რეგისტრირებული პროგრამების ან სატრენინგო კურსების გავლის შემდეგ, მასწავლებლებს მიენიჭება შესაბამისი კრედიტ-ქულა – აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.

რაც შეეხება პროფესიული უნარების და საგნობრივ ტრენინგებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გიორგი მაჩაბლის თქმით, მომავალი წლის დასაწყისიდან გამოცხადდება მსგავსი კონკურსები და ამ პროცესში კარგი იქნება თუ ჩაერთვებიან საგნობრივი ასოციაციები, მათ შორის უნივერსიტეტები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური გამოცდილება აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ცენტრის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსს მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი პროფესიული ასოციაციების გაძლიერებისთვის.

„აუცილებლად მივიღებთ ამ კონკურსში მონაწილეობას. ძალიან საინტერესო წამოწყებაა. ჩემი ორგანიზაცია პროფესიული ასოციაციაა და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ორგანიზაციებისთვის ხელშეწყობა. სახელმწიფოს მხრიდან ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი პროფესიული ასოციაციების გაძლიერებისთვის და მათთვის შესაძლებლობების მიცემა.

19987629_2230434596981724_154572251_nდღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს კითხვებს პასუხობს კონკურსთან დაკავშირებით ცენტრი. ჩვენ გვაქვს სურვილი, ძირითადად, პროექტების მიმართულებით გავაკეთოთ განაცხადი. ყველა მიმართულება საინტერესოა ჩვენთვის, მაგრამ ვადებიდან გამომდინარე პროექტების მიმართულებით ავიღებთ გეზს და გავაკეთებთ განაცხადს. ვფიქრობთ, ალბათ, მთელ საქართველოს დავფარავთ სამხრეთის გამოკლებით“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა მაკა ბიბილეიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია ბიოს“ დამფუძვნებელი და „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ წამყვანი მასწავლებელი ხათუნა გოგალაძე ამბობს, რომ ძალიან კარგია, მსგავს აქტივობებში მასწავლებლები კრედიტ-ქულებს რომ მიიღებენ.

„აუცილებლად გავითვალისწინებთ და მასწავლებლების ხელშეწყობისთვის პროექტში ჩავდებთ ისეთ აქტივობებს, რომელიც გათვლილი იქნება როგორც საკონტაქტო, ასევე არასაკონტაქტო საათებზე და პროფესიულ საქაღალდეში შეფასდება  კრედიტ-ქულებით.

მოდული, რომლის წარდგენასაც ახლა ვაპირებთ, ისტორიის და ბიოლოგიის კავშირი, ახალი კლუბური მოდელი იქნება საგანმანათლებლო სისტემაში. ან არაფორმალური განათლება, რომელიც ხელს შეუწყობს და გააძლიერებს სასკოლო ფორმალურ განათლებას. ჩვენ ვაპირებთ პედაგოგებს მივცეთ გზამკვლევი და კურიკულუმი შევუდგინოთ და გავითვალისწინოთ ასევე მათი რჩევები, რამდენად აითვისებენ იმას, რასაც ჩვენ შევთავაზებთ.

ანუ ვაპირებთ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მესამე ლოტის კონკურსში მონაწილების მიღებას, რომელიც არის კლუბების შექმნა და ხელშეწყობა. პარტნიორ ორგანიზაციას ისტორიული მიმართულება აქვს. უკვე მონახაზები გვაქვს. ვაპირებთ აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილი ავირჩიოთ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს „ასოციაცია ბიოს“ დამფუძვნებელმა.

შეხვედრაზე კონკურსის ვადების შემჭიდროების შესახებ გამოითქვა მოსაზრება, თუმცა როგორც ხათუნა გოგალაძემ აღნიშნა, ეთანხმება იმ აზრს, რომ პროექტის ვადები სასკოლო პროგრამას და თარიღებს უნდა მისდევდეს, რომ არ გაჭიანურდეს შესრულება.

„შუა პროცესში რომ დაიწყებ პროექტს, ბევრად უფრო გაჭირდება. კარგია, ქალბატონმა მანანა რატიანმა რომ აღნიშნა: მასწავლებელი ატვირთავს მხოლოდ განსახორციელებლ პროგრამას, ხოლო საგრანტო პროექტები დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება“,  – აღნიშნა ხათუნა გოგალაძემ.

ვინ ჩაატარებს პედაგოგებისთვის ტრენინგებს და რა როლი ექნება ამ პროცესში მასწავლებლის სახლს

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური