GE

რომელ საგანს რა დრო დაეთმობა 2026-2027 სასწავლო წლიდან – ახალი საათობრივი ბადით, ინგლისური I კლასიდან აღარ ისწავლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტისგან საჯარო სკოლებმა 2026-2027 სასწავლო წლისთვის საათობრივი ბადე მიიღეს, რომელსაც წელს სარეკომენდაციო სახე აღარ აქვს და სავალდებულოა.

სკოლებისადმი შენიშვნის სახით გაწერილი ჩამონათვალიდან ცნობილი ხდება, რომ პირველი უცხოური ენის სწავლება პირველი კლასიდან აღარ დაიწყება.

რა შეიცვალა:

  • I კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას სკოლა თავად წყვეტს;
  • მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სკოლას შესაძლებლობა აქვს “კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება“ VII კლასში მოსწავლეებს შესთავაზოს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების სახით.
  • პირველი უცხოური ენის (ინგლისური ენა) სწავლება იწყება II კლასიდან;
  • მოსწავლემ X კლასში სახელოვნებო ბლოკის ორი პროექტიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი პროექტი: ან სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ან მუსიკაში; თუ X კლასში აირჩია პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, XI კლასში (მომდევნო სასწავლო წლიდან) აირჩევს პროექტს მუსიკაში ან პირიქით.

დოკუმენტის თანახმად, რომელსაც EDU.ARIS.GE გაეცნო, არაქართულენოვან სექტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ 2025-2026 სასწავლო წლის ბადის შესაბამისად.

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი, სადაც გაწერილია, რომელ საგანს რამდენი საათი დაეთმობა კლასების მიხედვით: სასკოლო საათობრივი ბადე ქართულენოვანი სკოლებისთვის

სკოლების ვალდებულებების ჩამონათვალი კი ასეთია:

საჯარო სკოლას არ აქვს უფლება, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რომელიმე სავალდებულო საგანი ამოიღოს საათობრივი ბადიდან.

თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ რომელიმე საგანი ისწავლებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულისგან განსხვავებული საათობრივი დატვირთვით ან სქემით, იგი ვალდებულია:

1. მოსწავლეთა საჭიროებების, ინტერესებისა და სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსების გათვალისწინებით შეიმუშაოს საათობრივი ბადის პროექტი;
2. პროექტი მოამზადოს სასწავლო პროცესის მართვის შუალედური რგოლის (მაგალითად, კათედრების) მონაწილეობით;
3. პროექტი შეათანხმოს სამეურვეო საბჭოსთან;
4. პროექტი დაამტკიცოს პედაგოგიურმა საბჭომ;
5. დამტკიცებული პროექტი, რომელსაც ახლავს შესაბამისი დასაბუთება, წარუდგინოს შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სკოლა.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, პროექტი იმავე პროცედურების დაცვით წარედგინება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო, განიხილავს წარმოდგენილი ცვლილებების პროექტს და იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებული ცვლილება გამომდინარეობს მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესებიდან და უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, რესურსცენტრის პოზიციას და დადებით დასკვნას შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.

თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო, დაადგენს, რომ შეთავაზებული ცვლილება არ შეესაბამება დაინტერესებული საჯარო სკოლის მოსწავლეთა საჭიროებებს, ინტერესებს, სკოლის ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს ან წარმოდგენილი პროექტი ვერ უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, იგი უარყოფით დასკვნას შემდგომი რეაგირებისთვის აცნობებს შესაბამის საჯარო სკოლას.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ, რა საგნები ასწავლონ, რა საგანმანათლებლო სერვისები, რა სასწავლო თემები და საკითხები შესთავაზონ მოსწავლეებს სამიზნე ცნებების გასააზრებლად.

ამასთანავე, კერძო სკოლები უფლებამოსილნი არიან, საგნების საათები განსაზღვრონ საკუთარი საჭიროებისამებრ, თუმცა, არ აქვთ უფლება, შეცვალონ საგნების – “ქართული ენა და ლიტერატურა” და “საქართველოს ისტორია” ბადით განსაზღვრული საათობრივი დატვირთვა.

სკოლებს სასკოლო სასწავლო გეგმები დამტკიცებული უნდა ჰქონდეთ სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 კვირისა.

ასევე იხილეთ:

„განათლების სისტემაში ხელფასი ქვეყნის საშუალო ხელფასის 60-70%-ია, გაქვთ თუ არა ზრდის პოლიტიკა?“ – კითხვა პრემიერ-მინისტრს და პასუხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური