რომელი უცხოური ენები შეიძლება დაემატოს ეროვნულ გამოცდებზე და რომელი უნდა ამოიღონ? – EDU.ARIS.GE-მ აბიტურიენტები გამოკითხა
ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდი მხოლოდ ტესტირებისთვის მომზადების სტრესითა და შედეგების მოლოდინით არ იზომება. ეს დრო ხშირად აჩენს დისკუსიას იმაზე, რამდენად პასუხობს საგამოცდო ფორმატი თანამედროვე მოთხოვნებს და როგორ შეიძლება მისი განახლება. ერთ-ერთი ასეთი საკითხი უმაღლესში მისაღები გამოცდების უცხოური ენების სიაა – კონკრეტულად ის, რომელი ენები უნდა დარჩეს ეროვნულ გამოცდებზე და რომელთა დამატება გახსნის ახალ შესაძლებლობებს განათლებისა თუ კულტურული კავშირებისთვის.
EDU.ARIS.GE-ს მიერ დასმული კითხვის პასუხად, საგამოცდო ცენტრებთან სხვადასხვა მოსაზრება გაჟღერდა – ეროვნულ გამოცდებზე იტალიურის, იაპონურისა და ესპანურის დამატების სურვილიდან დაწყებული, რუსული ენის გადახედვის მოთხოვნით დასრულებული.
„მე სიამოვნებით დავამატებდი იაპონურს. ძალიან მომწონს ეს ენა, ჟღერადობა, ანიმეებს ვუყურებ და ალბათ, ამით აიხსნება – მართალია რთულია, მაგრამ სკოლაშიც შემოვიღებდი სასწავლად და თან გამოცდებსაც დავამატებდი“, – ამბობს 177-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი, ნიკოლოზ ბახუტაშვილი.
ჩვენს მიერ გამოკითხულთა პასუხები ასახავს როგორც პერსონალურ ინტერესებს, ასევე კრიტიკულ დამოკიდებულებას ქვეყნის ისტორიულ კონტექსტზეც.
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში, გამოცდაზე მისული აბიტურიენტი რუსუდან ხინიკაძე საგამოცდო საგნებიდან რუსული ენის ამოღების მომხრეა:
„საქართველოს ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ რუსული ენა არ უნდა ბარდებოდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. თუ ჩვენი ქვეყნისა და რუსეთის ურთიერთობას გავითვალისწინებთ, ნათელია, რომ რუსული ენის „პრიორიტეტად“ დატოვება რთულად გასამართლებელია. რაც შეეხება იმას, თუ რომელ ენას დავამატებდი, პირადად ჩემთვის საინტერესო იქნებოდა იტალიური ენა, რომელიც განათლების, ცნობიერებისა და კულტურული ურთიერთობების ზრდას შეუწყობდა ხელს, რაც ასე სჭირდება საქართველოს“.
მისაღები გამოცდების საგნებში იტალიური ენის დამატება კიდევ რამდენიმე აბიტურიენტისთვისაა სასურველი -კულტურული ინტერესისა და განათლებისთვის ახალი გზების გახსნის მიზეზით.
თბილისის 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული გიორგი ილდანი კი ფიქრობს, რომ ყველა ენა საჭირო რესურსია და ამოღებას არ ემხრობა, თუმცა ეროვნულ გამოცდებზე სიამოვნებით დაამატებდა ესპანურ ენას:
„ამოღებით არც ერთ ენას არ ამოვიღებდი, ყველა საჭიროა. დავამატებდი ესპანურს, უბრალოდ მომწონს ეს ენა და იმიტომ“.
გარდა პირადი სიმპათიებისა, ესპანური რამდენიმე აბიტურიენტმა შემდეგი არგუმენტითაც დაასახელა – „კულტურა გვაინტერესებს და ძალიან გვინდა ვისწავლოთ“.
გამოცდაზე მისული აბიტურიენტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ საკითხი არა მხოლოდ ახალი ენის დამატება/ამოღებაა, არამედ არჩევანის სამართლიანობის უზრუნველყოფაც:
„შეიძლება ჩამოთვლილი ენებიდან არც ერთის ჩაბარება არ მინდოდეს, მაგრამ ვიცი კარგად რომელიმე ენა, გარდა დღეს ჩასაბარებელი ენებისა. რატომ არ უნდა შემეძლოს ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენა? გადასახედი საკითხია“, – ამბობს ერთ-ერთი აბიტურიენტი.
EDU.ARIS.GE-მ ათეულობით აბიტურიენტი გამოკითხა, თუმცა ჩინური ენა მათ პასუხებში არ მოგვისმენია.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ, ხელი მოეწერა „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხებისა და სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების შესახებ“ შეთანხმებას. გარდა ამისა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჩინური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის, სწავლების ხელშეწყობისთვის დაიწყო მუშაობა დაწყებითი და საბაზო საფეხურის ჩინური ენის პროგრამაზე. 2024-2025 სასწავლო წლისთვის, კონფუცის ინსტიტუტების ხელშეწყობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენა უკვე 24 (13 საჯარო და 11 კერძო) სკოლაში ისწავლება.
ამ მომენტისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, უცხოური ენების ჩამონათვალში რუსული, ინგლისური, გერმანული და ფრანგულია, თუმცა ახალგაზრდებში აშკარად იგრძნობა სურვილი, არჩევანის გაფართოება შეძლონ და საკუთარი ინტერესებისა და ქვეყნის საჭიროებების მიხედვით მეტი ალტერნატივა ჰქონდეთ.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ესაუბრა მარიამ ბარამიძე
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება