„სად არის ჩვენი სკოლა?“ – მოსწავლეთა მშობლებმა, სკოლის აშენების მოთხოვნით, საავტომობილო გზა გადაკეტეს
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს საჯარო სკოლების დიდ უმრავლესობაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 55 000-ზე მეტი პირველკლასელი დაიწყებს სწავლას.
პირველი სასკოლო დღის მოზეიმეთა შორის არ იყვნენ ის მოსწავლეები და მშობლები, რომლებმაც დღეს თბილისში, დადიანის ქუჩაზე საპროტესტო აქცია გამართეს და რამდენიმე წუთით საავტომობილო გზაც გადაკეტეს. მათ ამის ნება იქ მდგომმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სულ ცოტა ხნით მისცეს.
მშობლები მათი შვილების სკოლის შენობის აშენებას ითხოვენ, რომლის დემონტაჟიც რამდენიმე წლის წინ განხორციელდა და დღეს მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში, მეორე ცვლებში არიან გადანაწილებული.
“ურთულეს პირობებში გვიწევს განათლების მიღება. 21-ე საუკუნის ტრაგედიია, რომ სასწავლო წლის პირველ დღეს ჩემი შვილი და მისი მეგობრები ხვდებიან ქუჩაში. რომ მშობელი მაიძულეს, ქუჩა გადამეკეტა და ყველაფერს მოვწყვეტოდი დღეს. არ არის ეს ჩვენთვის მისაღები, მაგრფამ სხვა გზა უბრალოდ არ დაგვიტოვეს. სახლში ვართ, როდესაც ბავშვები ახლა უნდა იყვნენ სკოლაში. სად არის ჩვენი სკოლა, რომლის აშენებასაც დაგვპირდნენ? სად არის ჩვენი შვილების უფლებები. მეორე სმენაში, სამ საათზე გადაგვიტანეს სწავლის დრო, ეს რა უფლებებია, მერე სად წავიყვანოთ ჩვენი შვილები?”, – აცხადებენ აქციის მონაწილე მშობლები.
საკითხს დღესვე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, თუმცა კონკრეტული ვადები, როდის შეძლებენ ასეთი სკოლების მოსწავლეები სწავლის საკუთარ სკოლაში გაგრძელებას, არ დაუსახელებია.
მისი თქმით, ათამდე ასეთი სკოლაა, სადაც კონტრაქტორების მხრიდან ვადაგადაცილებაა და დროულად ვერ მოახერხეს სკოლების მშენებლობა თუ რეაბილიტაციის პროცესის დასრულება.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება